რა მოიპარეს თურქეთში სასტუმროდან ირაკლი ვახტანგიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ?

რა მოიპარეს თურქეთში სასტუმროდან ირაკლი ვახტანგიშვილმა და გიორგი ჯანელიძემ?

"მიმაჩნია, რომ კარგი მკითხველი ვარ. საინტერესო ნაწარმოები განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა", - ამბობს "კაცების შოუს" თანაწამყვანი, ირაკლი ვახტანგიშვილი. ყველაზე დიდი ინტერესით მხატვრულ ლიტერატურას ეცნობა. შემეცნებითი ჟანრიც იზიდავს. ერთი კარგი ნაწარმოების წაკითხვას შვებულების პერიოდშიც აპირებს, მაგრამ წიგნი ჯერ არ შეურჩევია.

პრეამბულის მაგიერ

- ირაკლი, ცოტა ხნის წინ "ღამის შოუს" სტუდიაში კასტინგი გქონდათ გამოცხადებული, ხომ?

- მართალია, გვქონდა.

- ახალი გადაცემისთვის ან ფილმის გადასაღებად ხომ არ ემზადებით?

- ჩვენ ყოველი სეზონის ბოლოს კასტინგს ვაცხადებთ, - შემოქმედებითი ჯგუფის გადახალისება საჭიროა. პერიოდულად ახალი მსახიობები შემოგვყავს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ახლა შესვენების პერიოდი გვაქვს და მომავალი სეზონიდან გადაცემებზე მუშაობას ახალი ენერგიით შევუდგებით.

- მაყურებელს რა სიახლეს სთავაზობთ?

- ამ სიახლეებზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკოთ. იდეები არის, მაგრამ ჯერ გამოკვეთილი არაფერია.

- დასვენებას სად აპირებ?

- ჯერ ეგეც კი არ მომიფიქრებია.

- ხომ არ შეგირჩევია წიგნი, რომელსაც დასვენების დღეებში წაიკითხავ?

- ჯერ ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ აუცილებლად ერთ კარგ ნაწარმოებს მაინც წავიკითხავ.

- პროზა უფრო გიყვარს თუ პოეზია?

- პროზა. პოეზია არ მიყვარს.

- ლიტერატურული პერსონაჟებიდან გამორჩეულად რომელი გიყვარს?

- ბავშვობაში მინდოდა, ათოსი გამეცნო, მერე შერლოკ ჰოლმსმა დამაინტერესა.

- ახლა?

- ახლა ვიცი, რომ პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ.

- ინტელექტუალური თამაშები გიზიდავს?

- რა თქმა უნდა, მომწონს. ასეთი თამაშებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს. საშუალო შეიძლება ეწოდოს.

- წიგნი მოგიპარავს?

- თურქეთში ყოფნისას ერთ-ერთი სასტუმროდან წამოვიღე. უფრო სწორად - გავცვალე. ჩემი წიგნი იქ დავტოვე და სასტუმროს წიგნი წამოვიღე. ამ საქმეში ჩემი თანამონაწილე გიორგი ჯანელიძე იყო. ერთად ვიქურდეთ.

- შენ რომ ვინმემ წიგნი მოგპაროს, არ გაბრაზდები?

- გავბრაზდები, მაგრამ ხშირად, განათხოვრებულმა წიგნმა დავიწყება იცის. თავად თუ არ მოიტანა, შეიძლება, ვერც გავიხსენო, ვინ წაიღო.

- ერთმა ბრძენმა თქვა: თუ ბევრი ფული დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს. თუ მეგობარი დაკარგე, ბევრი რამე დაგიკარგავს, ხოლო თუ "ის" დაკარგე, ყველაფერი დაგიკარგავს. რა არის "ის"?

- სინდისი არ უნდა დაკარგო.

- ვერ შეგედავები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძენი რწმენას გულისხმობდა.

- სინდისი, რწმენა და იმედი არ უნდა დაკარგო.

- რომელ სოფელში დაიბადა ნიკო ფიროსმანი?

- ვერ ვიხსენებ.

- მირზაანში.

- ე! ეგ ხომ ვიცოდი, ავჩქარდი.

- ახლა ერთ გამოცანას გეტყვი: ქალი და კაცი გზაზე მიდიან. მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, - ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს, - ამ კაცის დედა ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- მამა-შვილი.

- სად არის კუნძული როდოსი, სადაც ცნობილი საოცრება მდებარეობდა?

- ეგეოსის ზღვაში.

- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბეღურას მეტი კისრის მალა აქვს.

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?

- არ ვიცი.

- კალვადოსი.

- ვიცი, რომ ვაშლის ღვინოს სიდრი ჰქვია.

- "ქალის არ მესმის,/ (ვბორგავ და ვხვნეში)... რამდენი გესლი მქონია ნეკნში". ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?

- ხომ გითხარი, პოეზია არ მიყვარს-მეთქი.

- ნიკო გომელაურს ეკუთვნის. სკოლაში მათემატიკას კარგად სწავლობდი?

- პოეზიაზე კარგად ვიცი.

- გაქვს 7 ქვა, რომელთა წონაა: 1 კგ; 2 კგ; 3 კგ და ა.შ - 7 კგ. ეს ქვები 4 ყუთში ისე გადაანაწილე, რომ თითოეულში ერთნაირი წონა იყოს.

- (პაუზის შემდეგ) ერთ ყუთში მოვათავსებთ 1 და 6 კილოგრამიან ქვებს, მეორეში? - 2 და 5-კილოგრამიანებს, მესამეში - 3 და 4, ხოლო მეოთხეში - 7-ს.

- რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა?

- არ ვიცი.

- გენიალური ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქუდს იხდიდა. ვინ შეარქვა ვაჟა-ფშაველას ეს ფსევდონიმი?

- იმ პიროვნების სახელსა და გვარს ვერ გეტყვი. ვიცი, რომ ვაჟასთან მეგობრობდა და პეტერბურგში მასთან ერთად სწავლობდა.

- დიახ, ეს ადამიანი დიმიტრი ცისკარიშვილი იყო. რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- გიბრალტარი.

- 1801 წლის 12 სექტემბერს სომხეთის ეკლესიამ კათოლიკოს იოსებ არღუთინსკის მეთაურობით, თბილისში პარაკლისი გადაიხადა. რატომ?

- არ ვიცი, რამეს ზეიმობდნენ?

- დიახ, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ზეიმობდნენ. რა ერქვა გულივერს?

- ვაიმე! (იცინის) გავიხსენებ, ლემუელი, არა?

- დიახ. ამბობენ, როცა ეს მწერალი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

- ასეთი ვინ იყო?

- ვერ მიპასუხებ?

- (ფიქრობს) გი დე მოპასანი ხომ არა?

- გამოიცანი. ანდაზის მიხედვით, რა არ დაიმალება თივაში?

- ასეთი ანდაზა არსებობს, თივაში არ დაიმალებაო (ფიქრობს)? ცეცხლი. სწორად ვამბობ?

- რა თქმა უნდა. რომელი ლიტერატურული გმირია ალონსო კეხადა: დონ-კიხოტი, გულივერი, რობინზონ კრუზო თუ გრაფი მონტე-კრისტო?

- დონ-კიხოტი.

- რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება ევალებოდა?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, დღეს ეს ერთ-ერთი პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვაა. ამ პროფესიის ადამიანებს კი ბავშვებთან აქვთ კავშირი.

- პედიატრი.

- ცდები.

- აბა, მასწავლებელი?

- შეიძლება ითქვას, რომ გამოიცანი, პედაგოგი ერქვა. ჰოლანდიის რომელ ქალაქშია რემბრანდტის სახლ-მუზეუმი?

- ამსტერდამში.

- რომელი ფრინველი დებს კვერცხს სხვის ბუდეში?

- გუგული.

- სპარტაში მოქმედი ლიკურგეს კანონების შესახებ ალბათ გსმენია...

- რა უნდა მკითხო?

- ლიკურგეს კანონების თანახმად, მამაკაცის რომელი ქმედება ითვლებოდა დანაშაულად?

- იქნებ მინიშნება მითხრა.

- სავარაუდო პასუხებს გეტყვი: წვერის ტარება, უცოლობა თუ დიდხანს ძილი?

- წვერის ტარებას გამოვრიცხავ. ძილი? განა რამდენ ხანს უნდა ეძინათ? ალბათ დანაშაულად უცოლობა ითვლებოდა. ინტუიციაც ამას მეუბნება.

- კარგი ინტუიცია გქონია. სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ისინი დღეში 920 შეკითხვას სვამენ. ვინ არიან ისინი? მიგანიშნებ, რომელიმე პროფესიის წარმომადგენლებზე არ არის ლაპარაკი.

- რა ვიცი, ჩემი შვილი დღეში 1000 შეკითხვას სვამს. ვერ გიპასუხებ.

- შენი შვილი მეტად ცნობისმოყვარე ყოფილა. სწორი პასუხია - ბავშვები.

- (იცინის) თურმე გიპასუხე და ვერ მივხვდი.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. კვამლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- ყველა ზრდასრულ ადამიანს.

- ცდები. გადასახადს მათ ახდევინებდნენ, ვისაც ეს მავნე ჩვევა ჰქონდა.

- მივხვდი, მწეველებს ახდევინებდნენ.

- კლასიკური ნიუ-იორკული საუზმე გულისხმობს სამ ელემენტს. ერთი არის ცხელი, მეორე - თბილი და მესამე - ახალი. ცხელი არის ყავა, თბილი - ფუნთუშა, რა არის ახალი?

- რძე.

- გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი". იოსებ გრიშაშვილი "ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემაში" წერს: "ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა. მდაბიო ხალხისთვის - ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის..."

- ვერ გიპასუხებ.

- მეორე ადგილი მუშტაიდის ბაღი იყო. რომელმა მეფემ მოახერხა მონღოლთა თითქმის 100-წლიანი ბატონობის შემდეგ მათი საქართველოდან განდევნა?

- გიორგი ბრწყინვალემ.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში, არა?

- დიახ. რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- ამ ძაღლის ჯიში საიდან გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო იყო ინდოეთი, საიდანაც შემდეგ მოხვდა საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ვენეციის სანაპიროზე. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. ინტერესი 1960 წლიდან, დისნეის მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. დაასახელე ამ ძაღლის ჯიში.

- დალმატინელი.

- რა გვარია მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟი - მარგო?

- არ მახსოვს.

- ყაფლანიშვილი. დაბოლოს, დაასრულე მაქს პლანკის ცნობილი გამონათქვამი: "ჭეშმარიტება არასდროს იმარჯვებს. უბრალოდ, მისი..."

- ვერ დავასრულებ.

- "...მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები