ბორომეოთა შთამომავლების მდიდრული სასახლე

ბორომეოთა შთამომავლების მდიდრული სასახლე

ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის მხარეში ბორომეოს გვარის დინასტია დიდძალ ქონებას ფლობს. მათ შორის - ტბა მაჯორესა და ტბის ყურეში მდებარე კუნძულებს.

კუნძულებზე ულამაზესი საგვარეულო სასახლეები და ბოტანიკური ბაღები მდებარეობს. თავად ტბის პირას - უამრავი ძვირად ღირებული სასტუმრო, სადაც დასასვენებლად ძირითადად შვეიცარიელი, გერმანელი და ფრანგი ტურისტები ჩამოდიან.

ტბა მაჯორე იმითაცაა ცნობილი და საინტერესო, რომ ერთ-ერთ კუნძულზე ღამე ნაპოლეონსა და ჟოზეფინას გაუთევიათ.

რამდენიმე წლის წინ ბორომეოს გვარის შთამომავალი კომპანია "ფერარის" ერთ-ერთ მფლობელს გაჰყვა ცოლად. ქორწილი პომპეზურად აღნიშნეს. ახალშეუღლებულებისთვის გაბედნიერების მისალოცად, ვერტმფრენით სილვიო ბერლუსკონიც ეწვია.

რაც შეეხება კუნძულ ბელაზე მდებარე სასახლეს, ის უზადო და ულამაზესია. სასახლის დარბაზებში გამოფენილია ბორომეოთა წინაპრების ავეჯი, ჭურჭელი, ფერწერული ტილოები, ქანდაკებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ცხენების აღკაზმულობა და საბრძოლო იარაღი. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა, თავად იხილოს საგვარეულო სასადილო გარნიტური და საძინებელი ოთახები. აქვეა მილანის ეპისკოპოსების ფლიგელი, სადაც მაღალი რანგის სასულიერო პირების საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობდა. სწორედ ამ ფლიგელშია დაცული სასულიერო პირებისთვის განკუთვნილი მოოქრული ავეჯი და ტანსაცმელი.

სასახლის საიდუმლო კიბით სარდაფში შეიძლება ჩასვლა, რომლის იატაკი, კედლები და ჭერი წითელი, თეთრი და შავი კენჭებითაა მორთული. სარდაფსა და პირველ სართულზე ზღვებისა და ოკეანეების ბინადართა ფლორისა თუ ფაუნის ნიმუშებია წარმოდგენილი.

სასახლის ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილ ხალიჩებზე ბიბლიური და ზღაპრული სცენებია გამოსახული. აღნიშნული დარბაზიდან უკვე სასახლის ბაღში გასვლაა შესაძლებელი, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეები.

ულამაზესი ბაღის სიღრმეში ტერასული შადრევანია. ტერასებზე ძეგლები დგას, რომელიც ზღაპრულ ცხენზე შემომჯდარი ანგელოზის ქანდაკებით გვირგვინდება.

აუზებში ოქროსფერი თევზები დაცურავენ. საგულდაგულოდ მოვლილ მწვანე მდელოებზე კი თეთრი ფარშავანგები დასეირნობენ. ფარშავანგები იმდენად მიჩვეული არიან ტურისტებთან ურთიერთობას, რომ ფოტოკამერების დანახვისთანავე ობიექტივის წინ პოზირებას იწყებენ.

კუნძულ ბელაზე 2 პატარა ქუჩაა, სადაც ბორომეოთა მმართველობის პერიოდში მომსახურე პერსონალი ცხოვრობდა. დღეს კი მათ შთამომავლებს სუვენირების მაღაზიები, სასტუმროები, კაფეები და პიცერიები აქვთ მოწყობილი.

კუნძულ ბელას, მადრეს, პესკატორესა და კიდევ ორ კუნძულს წელიწადში, საშუალოდ 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს. კუნძულ ბელაზე მდებარე სასახლისა და ულამაზესი ბაღის დათვალიერება 13 ევრო ღირს. ცალკე საფასურის გადახდაა საჭირო სხვა კუნძულებზე მდებარე ბოტანიკური ბაღებისა და მუზეუმებად გადაკეთებული სასახლეების დასათვალიერებლად.

ბორომეოთა შთამომავლები ქონებას მილანშიც ფლობენ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს