სად-ის სადამსჯელო ოპერაცია - არ გაუკეთო ოპერაცია!

სად-ის სადამსჯელო ოპერაცია - არ გაუკეთო ოპერაცია!

გაზეთ "კვირის პალიტრას" სასჯელაღსრულების ქსნის მე-15 დაწესებულებიდან აღშფოთებული პატიმრები დაუკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ საოპერაციოდ გადაყვანილი ერთ-ერთი პატიმარი, გივი კუბლაშვილი, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ისევ უკან, საკანში, ოპერაციის გარეშე დააბრუნეს(?!). მათი მტკიცებით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა და საოპერაციოში შესაყვანად გამზადებულ პატიმარს ბადრაგ ფხაკაძესთან კონფლიქტის გამო დაყენებული კათეტერები მოხსნეს და უკან დააბრუნეს.

"ახლა ჩვენ გვერდით იმყოფება პატიმარი გივი კუბლაშვილი, მას ქირურგიის ინსტიტუტში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, ფეხებზე ვენების სერიოზული პრობლემა აქვს. გადაიყვანეს საავადმყოფოში, საოპერაციოდ მოამზადა მედპერსონალმა. ვენაში კათეტერი ჩაუსვეს, გაპარსეს, ნახევარ საათში საოპერაციოდ უნდა შეეყვანათ და ამ დროს შელაპარაკება მოუხდა საბადრაგოს უფროსთან, ვინმე ფხაკაძესთან. პატიმარმა ჩაი ითხოვა, მოუტანა საავადმყოფოს თანამშრომელმა, თუმცა ბადრაგი მას ამის გამო აუშარდა. უთქვამს, ბიჭო, აქ რამდენს ბედავ, რა მოთხოვნები გაქვს, ახალაიას დროს მოგანატრებ, თუ ჭკვიანად არ მოიქცევიო და ჩაი გადაუღვარა. ამის გამო მოხდა მათ შორის შელაპარაკება, რის შემდეგაც ბადრაგმა გამოათრია ძალით პალატიდან, დაადო ხელბორკილი, შეაგდო მანქანაში და საოპერაციო კაცი ისევ ქსანში დააბრუნა. ახალმა ხელმძღვანელობამ კეთილი ინებოს და ძველი კადრები გაათავისუფლოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ," - გვითხრა ერთ-ერთმა პატიმარმა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ვცადეთ. თავდაპირველად, ვესაუბრეთ პრესსამსახურის უფროსს, ირაკლი კორძაიას, რომელმაც გვითხრა, ფაქტს გადავამოწმებ და ცოტა ხანში დამიკავშირდითო. ხელმეორედ როცა დავურეკეთ, ფაქტი დამიდასტურა და გვითხრა, პატიმარია დამნაშავე, არაადეკვატურად მოიქცა, მის წინააღმდეგ საქმე ამ ინციდენტის გამო აღიძვრება, ის პასუხს აგებს. მას ოპერაცია არ გაუკეთდება, თქვენ კი რაც გინდათ, ის დაწერეთო(?!).

სიმართლე გითხრათ, მისმა სიტყვებმა გაგვაოგნა. არ ვთვლით, რომ საოპერაციოდ გაყვანილი, თუნდაც დამნაშავე პატიმარი იმით უნდა დასაჯო, რომ მას ოპერაცია არ გაუკეთო, მსგავს პასუხებს წინა ხელისუფლების პრესცენტრებიდან მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასეთ პასუხს არ ველოდით, თუმცა მაინც შევეცადეთ მისგან ოფიციალური კომენტარი მიგვეღო. ისევ დავურეკეთ და მოითხოვა, კითხვები წერილობით გადმოგზავნეთ და პასუხს ოფიციალურად მიიღებთო. მეორე დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ბოლოს მაინც მოვახერხეთ მასთან დაკავშირება. გვითხრა, კითხვები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, მიხეილ ღურწკაიასთან გადავგზავნე და პასუხს რომ მივიღებ, გამოგიგზავნითო. სამწუხაროდ, შაბათ საღამომდე ამაოდ ველოდით.

პრესსამსახურის მიერ შექმნილი ბარიერის მიუხედავად, შევეცადეთ, ამ საკითხზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომენტარი მოგვეპოვებინა. ამჯერად ჩემი ყოფილი კოლეგა ლალი მოროშკინა, დეპარტამენტის მრჩეველი დამეხმარა ინფორმაციის მოძიებაში.

ლალი მოროშკინა: - ინციდენტს ვადასტურებთ. პატიმარი ქსნის მე-15 დაწესებულებიდან გადაიყვანეს ქირურგიის ინსტიტუტში. მისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ექიმ ალექსანდრე გოგელიანს, მაგრამ პატიმარმა დაარღვია წესები. ის არაადეკვატურად იქცეოდა, რაც ასახულია ოქმშიც. ითხოვდა აკრძალულ ნივთებს, კერძოდ, მობილურ ტელეფონს, არ ემორჩილებოდა წესრიგს, სურდა ფანჯარასა და კართან მისვლა, რასაც კანონი კრძალავს. უხეშად ექცეოდა მედპერსონალს, მას პრობლემები შეექმნა ექიმებთან და შემდეგ თავად თქვა უარი ოპერაციაზე. ამის შემდეგ დაადო ბადრაგმა მას ხელბორკილი და ისევ ციხეში გადაიყვანა.

- გასაგებია, რომ შესაძლოა დააშავა, მაგრამ თუ საოპერაციოდ წაიყვანეთ, ხომ შეიძლებოდა გაეკეთებინათ ოპერაცია და ისე დაებრუნებინათ საკანში? ექიმებმა თქვეს უარი ოპერაციაზე?

- მან თავად თქვა უარი ოპერაციაზე. გამოსავალი არსებობს, დაწეროს ხელწერილი, რომ არ შექმნის პრობლემას, შეასრულებს ექიმის მითითებებს და ოპერაცია უპრობლემოდ გაუკეთდება. ექიმებიც დაგიდასტურებენ, როგორ აგრესიულად იქცეოდა. პირადად მე, ლალი მოროშკინა, ვაცხადებ, - მზად ვარ ჟურნალისტებთან ერთად თავად გადავიყვანო საავადმყოფოში და დავესწრო მის ოპერაციას. ამით გავაქარწყლებ საუბარს იმაზე, რომ მკურნალობის საშუალებას არ აძლევენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ