როგორ გადაურჩა სტალინის მეხოტბე "კაგებესთან" ურთიერთობას

როგორ გადაურჩა სტალინის მეხოტბე "კაგებესთან" ურთიერთობას

როდესაც ახლობლებმა მითხრეს, - 13 შვილის მამას გაგაცნობთ, რომელიც ახლა 86 წლის არისო, - ვიფიქრე, რომ წელში მოხრილი, დროისაგან გატეხილი მოხუცის ნახვა მომიწევდა... არადა, ეზოში შესულს გალანტურად ჩაცმული, საოცრად მოწესრიგებული, სიმპათიური მამაკაცი შემომეგება. "ჯუანშერ ნოდია", - ასე გამეცნო რესპონდენტი, რომელიც გაცილებით საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

- ბატონო ჯუანშერ, რა ასაკში დაქორწინდით?

- 28 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. საქართველოში ყველა მიწუნებდა, მეც ავდექი და ყაზახეთში დავქორწინდი. ცოლად უკრაინელი გოგონა მოვიყვანე.

- ყაზახეთში როგორ აღმოჩნდით?

- ჩემი პროფესიის გამო სად არ მომიხდა ყოფნა - უკრაინა, ყაზახეთი, მერე საქართველოში ჩამოვედი და კუთხე-კუნჭული არ დარჩა, 2-3 წელი მაინც რომ არ მეცხოვრა. 45 წელი ვიმუშავე რკინიგზაში. ყაზახეთში მაშინ გამგზავნეს, როდესაც ყარაგანდის გზაზე ახალი მაგისტრალი გაიხსნა, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტები სჭირდებოდათ... დღეს სადაც დედაქალაქია, მაშინ იქ უბრალო სოფელი იყო და ერთადერთი სამსართულიანი შენობა იდგა, ისიც - რკინიგზის სამმართველო გახლდათ, გარშემო კი სულ გომურები იყო ჩამწკრივებული. ცოტა ხნის შემდეგ ასტანადან 400 კილომეტრის მოშორებით, პავლოდარის რკინიგზის განყოფილებაში მთავარ ინჟინრად დამნიშნეს. ერთ საღამოს, როდესაც მორიგე ვიყავი, კარზე კაკუნი შემომესმა. გამიკვირდა, რადგან მოსკოვის დროით საღამოს ათი საათი იყო, თანაც - 40 გრადუსი ყინვა გახლდათ. კარი გავაღე და ახალგაზრდა ქალი დავინახე. სადგურის უფროსი იკითხა. ვუთხარი, - სადგურის უფროსის შემცვლელი ვარ-მეთქი. განრისხებულმა შემომიტია: მაშინ თქვენ გეტყვით, რომ აქ წესრიგი არ არისო. გამიკვირდა. ჩვენი სადგურით მგზავრები ძალიან იშვიათად სარგებლობდნენ, მოსკოვის მიმართულებით დღეში მხოლოდ ერთი მატარებელი გადიოდა, ძირითადად კი სატვირთო ვაგონებს ვტვირთავდით. ვკითხე, - რას გვერჩით, რაშია საქმე-მეთქი? - მეც რკინიგზელი ვარ, თქვენი მოლარე კი უფასო ბილეთს არ მაძლევსო. ეს პრობლემა ნახევარ საათში მოვაგვარე და გოგონა მატარებლამდე მივაცილე... როგორც გაირკვა, რამდენიმე დღით დედის სანახავად მიდიოდა და შემპირდა, რომ უკან ორშაბათს დაბრუნდებოდა. მოკლედ, ორშაბათს პირველი პაემანი გვქონდა, შაბათს კი დავქორწინდით.

- ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ერთ კვირაში როგორ გადაწყვიტეთ?

- არ ვიცი, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ ბედისწერა, მაგრამ ასე მოხდა... 8 წელი დავრჩი ყაზახეთში, მერე ამიერკავკასიის გზაზე დავიწყე მუშაობა. პირველად სოხუმში ჩამოვედი და ტყვარჩელის სადგურის უფროსის მოადგილედ დამნიშნეს, მერე ოჩამჩირე, გაგრა, განთიადი, დრანდა მოვიარე. ყოველ წელს ადგილის გამოცვლა მიწევდა.

- თქვენს მეუღლეს საქართველო როგორ მოეწონა?

- ძალიან მოეწონა და შეიყვარა. ჩემი აზრით, ქალს ეროვნება არ აქვს.

- ამას რატომ ამბობთ?

- იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე უკრაინელი იყო, მაგრამ ქართველები გაზარდა.

- თავად თუ ისწავლა ქართული ენა?

- კი, ისწავლა, მაგრამ ერთხელ დასცინეს და მას მერე ქართულად იშვიათად ლაპარაკობს. 13 შვილი გამიჩინა: ჯერ სამი ბიჭი, მერე ორი გოგო, ისევ სამი ბიჭი, ორი გოგო და სამი ბიჭი. 13 შვილი, 26 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი მყავდა. ბედნიერი კაცი ვიყავი, მაგრამ 2002 წელს უფროსი ვაჟიშვილი გამომეცალა ხელიდან.

- როგორ დაიღუპა?

- მეტალურგიაში, მემანქანედ მუშაობდა. ჯანმრთელი კაცი იყო, მაგრამ სამსახურში შემცირებაში მოყოლილმა ინერვიულა და გულმა უმტყუნა. ჩემმა მეუღლემ შვილის სიკვდილი ვერ გადაიტანა და დაახლოებით ერთ წელიწადში ისიც გარდაიცვალა...

- როგორც მითხრეს, თქვენი შვილები ახლა რუსეთში ცხოვრობენ...

- დრო რომ აირია და აქ სამუშაო ვეღარ იშოვეს, ხუთი შვილი კრასნოდარში გამექცა, ერთი - უკრაინაში. აქ ვინც დარჩა, სულს ღაფავს გაჭირვებაში.

- 13 შვილით საცხოვრებელი ადგილის ასეთ ხშირ ცვლას როგორ ახერხებდით?

- ჩემი მეუღლე კარგი მენეჯერი და ეკონომისტი იყო. თავიდან დიდი ხელფასი არ მქონდა: 20 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასი სულ რაღაც 175 მანეთს შეადგენდა. ჩემი ცოლი ყველაფერს ისე ანაწილებდა, რომ თვიდან თვემდე ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. მე ოჯახურ საქმეებში თითქმის არ ვერეოდი. ჩემი პროფესიის გამო მარტო საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა კი არა, ერთკვირიანი ან ორკვირიანი მივლინებაც ხშირად მიწევდა, ამიტომ ოჯახური ტვირთი მთლიანად ჩემს მეუღლეს აწვებოდა ზურგზე, მე კი მხოლოდ ფულის მიტანა მევალებოდა.

- თქვენი შვილების პირად ცხოვრებაში რამდენად ერეოდით?

- საერთოდ არ ვერეოდი, ამ მხრივ მათ სრული თავისუფლება მივეცი. ბოლოს მთავრობამ რუსთავის რკინიგზაში რომ გადმომიყვანა, სამი ბინა (სამოთახიანი, ოროთახიანი და ერთოთახიანი) მომცეს; სამივე ერთ სართულზე იყო. ოჯახთან ერთად ორ და სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდი. უფროსმა ვაჟიშვილმა ცოლი რომ მოიყვანა, ერთოთახიანში შევუშვი და ვუთხარი, - იმუშავე, თავი არ დაზოგო; ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ საწარმომ დაგაფასოს და ბინა დამსახურებულად მოგცენ-მეთქი. მართლაც, მალე თავად მიიღო ბინა. იმ ერთოთახიან ბინაში მეორე ვაჟიშვილი შევუშვი, ისიც დროებით... მინდოდა, ყველა მათგანს თავისი შრომით შეექმნა დოვლათი, დამოუკიდებლები და ბრძოლისუნარიანები ყოფილიყვნენ. დღეს ჩემი შვილებით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვისი ხელის შემყურეები არ არიან, ყველა პრობლემას თავადვე აგვარებენ.

- როგორც ჩანს, საინტერესო ცხოვრება გაქვთ გამოვლილი. თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ისეთი ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

- ჩემი ცხოვრების არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ დამვიწყებია. მართალია, 86 წლის ვარ, მაგრამ ყველაფერი, მათ შორის, ჩემი პირველი მასწავლებლის სახელიც კი მახსოვს - ნასტია ერქვა. სხვათა შორის, ჩემი მოგზაურობა მას შემდეგ არ დაწყებულა, რაც რკინიგზელი გავხდი: მშობლები პედაგოგები იყვნენ და მთავრობამ ისინი ჯერ სართიჭალის რაიონში, სოფელ ძიმითში გაანაწილა სამუშაოდ, მერე ვეჯინში. ჰოდა, რა თქმა უნდა, მათ მეც თან დავყვებოდი...

- სამამულო ომიც გემახსოვრებათ...

- როგორ არა! ომი რომ დაიწყო, მეშვიდე კლასში ვიყავი. სამი ბიძა დავკარგე და ბიძაშვილებიც იქ დამეღუპნენ. ბევრი ნოდია შეიწირა ომმა და ამიტომაც, იმ პერიოდის გახსენება არ მინდა.

- გია ნოდია თქვენი ახლობელია?

- შევარცხვინე მაგის ცხვირი. ნეტავ, დედამისს თუ ცნობს?.. მამამისს ოთარი ერქვა. აბაშიდან თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად მისი შარვლით ჩამოვედი: ერთი დაკერებული შარვალი მქონდა და დედაქალაქში იმით წამოსვლა მრცხვენოდა. ეს რომ გიას ბებიამ გაიგო, წავიდა და თავისი შვილის შარვალი მომიტანა. მოკლე კი მქონდა, მაგრამ მაინც ჩავიცვი. გიას ბებია-ბაბუაც ძალიან კარგი ჰყავდა და მშობლებიც. თავად ვის ჰგავს, არ ვიცი.

- თავად რას ერჩით?

- როგორც განათლებულ კაცს, პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვპატიობ, თავისი ხალხი რომ დაივიწყა. რაც გაიზარდა, თავის სოფელში ერთხელ არ ჩამოსულა. როდესაც მინისტრი გახდა და თავისთვის პრემია გამოიწერა, მერე სულ დამეკარგა მაგაზე წარმოდგენა. ეჰ, გული მწყდება, რომ დღეს სქართველო არ არის კარგი ხალხის ხელში. შარშან სააკაშვილისგან იმედგაცრუებულმა "ქართულ ოცნებას" მივეცი ხმა, მაგრამ... სიმართლე გითხრათ, არც მათთვის მინდოდა ხმის მიცემა...

- რატომ?

- იმიტომ, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო ვაჭარმა მართოს! ვხედავდი, რომ სააკაშვილი ქვეყანას ღუპავდა და ვიფიქრე, - იქნებ ივანიშვილი ვაჭრებს შორის გამონაკლისი იყოს და ჩემი საქართველო გადაარჩინოს-მეთქი, მაგრამ შევცდი. სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილიც ძალიან მეიმედებოდა...

- ახალი ხელისუფლების, კონკრეტულად, რა არ მოგწონთ?

- ის არ მომწონს, რომ კოაბიტაციას გვჩრიან ცხვირში. იურისტი არ ვარ, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, კარგი საქმის მკეთებელი კი უნდა დააჯილდოო. სტალინმა მამაჩემი დაიჭირა, მაგრამ მაინც მიყვარს იმიტომ, რომ კარგი პოლიტიკოსი იყო.

- მამათქვენი რატომ დაიჭირეს?

- კაცმა არ იცის. მამა ისე მოკვდა, ვერ გაიგო, მაშინ რატომ დაიჭირეს. მგონი, მარქსისტობას აბრალებდნენ. დედა 6 თვის ფეხმძიმედ იყო, როდესაც მისი მეუღლე წაიყვანეს. მამა პოლიტპატიმრებს შორის აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ლვოვი ყოფილა. სწორედ მან ასწავლა მამას მათემატიკა. მამაჩემს ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გაუმართლა და სამ წელიწადში გაათავისუფლეს. ერთხელ პატიმრებისთვის აგიტაციის ჩასატარებლად მაქსიმ გორკის მეუღლე, გერმანიის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ამ ქალბატონის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ლვოვსაც უთხოვია და უთქვამს: მიკვირს, როდესაც კომუნისტები მარქსისტობას იჩემებენ. ეს რომ ასე იყოს, ახალგაზრდა მარქსისტები რატომ ეყოლებათ დაპატიმრებულიო, - და თურმე, ივანოვი, კონჯარია, ნოდია დაასახელა. ლვოვის სიტყვები გორკის ცოლს ჩაუწერია. ერთი თვის შემდეგ კონჯარია საკნიდან გაუყვანიათ და უკან აღარ დაუბრუნებიათ. გაგიჟებულა ლვოვი, - ეს რა გავაკეთე, ალბათ კომუნისტებმა კონჯარია ჩემი გამოსვლის გამო დახვრიტესო. სამი დღის შემდეგ მამაჩემიც გამოუყვანიათ. მამა ამბობდა: გული ცუდს არ მეუბნებოდა და საკნიდან უდარდელად გამოვედიო. მართლაც, მისთვის კონსერვი, პური, "ვეშმეშოკი", მოსკოვის მატარებლის ბილეთი მიუციათ და გამოუშვიათ... დაბრუნდა მამა სამშობლოში და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი.

- თქვენ რატომ გიყვართ სტალინი?

- იმიტომ, რომ გენიოსი იყო.

- მისი ბრძანებით უდანაშაულო ადამიანებს რომ იჭერდნენ, ამაზე რას იტყვით?

- კი, მაგრამ გენიოსი იყო და მისით ქართველები ყოველთვის ვამაყობდით.

- თუ კაცი გენიოსია და საკუთარ სამშობლოს არაფერს არგებს, ის თანამემამულეებისთვის მაინც საამაყოა?

- იცით, მისმა პიროვნებამ მთელ საბჭოთა კავშირში ქართველი კაცის სტერეოტიპი შექმნა. ის ძლიერი, ჭკვიანი და უკომპრომისო იყო. 9 წელი ვიმუშავე რუსეთში და ვგრძნობდი, რომ მე, როგორც ქართველი, სხვებისგან რაღაცით გამოვირჩეოდი... არც ალავერდ უნდილაძეს გაუკეთებია საქართველოსთვის რაიმე, მაგრამ მე ისიც მეამაყება.

- ბატონო ჯუანშერ, "კაგებეს" თქვენთვის თანამშრომლობა არ შემოუთავზებია?

- როგორ არა! სკოლა 1945 წელს დავამთავრე და გამოცდები უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსი რომ დავხურე, მეგობარი შემომიჩნდა: მასწავლებლობა რა ჩვენი საქმეა? მოდი, რკინიგზის ინსტიტუტში გადავიდეთ, ინჟინრები ვიქნებით და მსოფლიოს მოვივლითო. მეც ავყევი და განცხადება დავწერე. ჩემი დეკანი - ნიკოლოზ ვეკუა გადაირია; მეხვეწა, არ წახვიდეო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მეგონა, რომ რკინიგზის ინსტიტუტში პირდაპირ ჩამრიცხავდნენ, მაგრამ შევცდი - გამოცდების ჩაბარება ხელახლა მომიხდა, თანაც - პირველ კურსზე დამსვეს. სასწავლებელი ინჟინერ-ლეიტენანტის წოდებით დავამთავრე და თეთრი "პაგონებით" დავდიოდი. ერთ დღეს დეკანატში დამიბარეს. იქ რამდენიმე მამაკაცი დამხვდა. მკითხეს, - ჩვენთან ორგანოში თუ იმუშავებთო? მე "ორგანო" მილიცია მეგონა და თანამშრომლობაზე უარი ვთქვი. ამით დამთავრდა ყველაფერი.

- ასე მარტივად დაგანებეს თავი?

- კი, არავის არაფერი დაუძალებია.

- როგორც ვიცი, ერთხანს თათია ხაინდრავას სახლში ცხოვრობდით. კონსტანტინე გამსახურდიას თუ იცნობდით?

- მე და თათია ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. აბაშიდან რომ წამოვედი, მის სახლში მივედი. კონსტანტინე გამსახურდიას მხოლოდ გადმოცემით ვიცნობდი. მე რომ თათიასთან საცხოვრებლად მივედი, დედამისი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ერთხელ, სასწავლებლიდან რომ დავბრუნდი, მის საწოლთან ახლოს, სკამზე ჩამომჯდარი მამაკაცი დავინახე, რომელიც ავადმყოფს თავსა და ხელებზე ეფერებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ კონსტანტინე იქნებოდა. ელდა მეცა. ვიცოდი, ძალიან მკაცრი იყო და რაღაცნაირად შევშფოთდი. თათიას დედამ წყალი მოითხოვა. სამზარეულოში გავვარდი, დოქი და ჭიქა საგულდაგულოდ გავრეცხე, დოქში წყალი ჩავასხი, ჭიქა ლამბაქზე დავამხვე და გამოვიტანე. კონსტანტინემ ისე შემომხედა, მივხვდი, ჩემი საქციელით კმაყოფილი იყო. შემდეგ თავის დას მიუბრუნდა და ჰკითხა, - ეს ვინ არისო? თათიას დედამ უთხრა, - პავლე ნოდიას შვილიშვილიაო. ბატონმა კონსტანტინემ კითხვა დაუბრუნა: ჩვენს სოფელში ორი პავლე ნოდია იყო, ეს შავისაა თუ თეთრისო? - თეთრისო, - უპასუხა ქალბატონმა სოფიომ. მოკლე გასაუბრების შემდეგ ბატონმა კონსტანტინემ კოლხურ კოშკში, საუზმეზე მიმიპატიჟა. მითხრა: ზუსტად 12 საათზე მოდიო. თათიას დედამ გამაფრთხილა, - ზუსტად 12 საათზე მიდი, თორემ 5 წუთით ადრე ან გვიან რომ მიხვიდე, კარს არ გაგიღებსო. სამი დღე ვვარჯიშობდი, რომ ვერის ბაზრიდან კოლხურ კოშკამდე მისასვლელი დრო ზუსტად განმესაზღვრა. კვირას, ზუსტად 12 საათზე დავაჭირე ხელი კოლხური კოშკის ზარის ღილაკს. სასტუმრო ოთახში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი კაცი შემიძღვა. ბატონი კონსტანტინე წამოდგა და ხელი ჩამომართვა. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარია! ბევრ საინტერესო თემაზე მესაუბრა. მიამბო, როგორ ასწავლა დედამ წერა-კითხვა და სამშობლოს სიყვარული, რა გავლენა იქონია მასზე ბავშვობაში დედის წაკითხულმა შიო არაგვისპირელის "მიწამ".

- შიო არაგვისპირელზე კიდევ, რა გიამბოთ?

- "დედას ვკითხე, არაგვისპირელი რა გვარია-მეთქი? მაშინ მეგონა, სამყარო მხოლოდ გამსახურდიებით, თოფურიებითა და ტყებუჩავებით იყო დასახლებული. დედამ მითხრა: ეს მისი ნამდვილი გვარი არ არის. ძია შიო დიდი მდინარის, არაგვის პირას დაიბადა და არაგვისპირელიც ამიტომ დაირქვაო. მაშინ გულში ჩავიდე, რომ დიდი არაგვის პირას დაბადებული ძია შიოსთვის პატარა მდინარე ტობას პირას დაბადებულ კონსტანტინეს უნდა მეჯობნა", - აი, ასეთი რამ მიამბო ბატონმა კოწიამ. მისმა ნაამბობმა და ზოგადად, მასთან საუბარმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია