ჟაკლინი ეძებს ქუთაისელ ბაბუას!

ჟაკლინი ეძებს ქუთაისელ ბაბუას!

ცოტა ხნის წინ ნორვეგიელმა ლეონიდ დუმბაძემ "კვირის პალიტრის" დახმარებით საქართველოში ნათესავები იპოვნა. ამჯერად რედაქციას უცხოელების კიდევ ერთმა ოჯახმა მიმართა. ბელგიელი ჟაკლინ სერვე ქუთაისელი ბაბუის, გიორგი მოდებაძის და მისი ოჯახის ასავალ-დასავალს ეძებს. ჟაკლინ და ჟაკ სერვეების ოჯახის მეგობარმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა მარინა კურატაშვილმა გვიამბო გიორგი მოდებაძის და ჟაკლინ სერვეს ბებიის ემა გუტალასის უიღბლოდ დასრულებული სიყვარულის ამბავი.

მარინა კურატაშვილი - რამდენიმე წლის წინ თბილისში სანდომიანი გარეგნობის ბელგიელი ცოლ-ქმარი ჟაკლინ და ჟაკ სერვეები გავიცანი. ჟაკლინს მეუღლემ თურმე დაბადების დღისთვის აუხდინა მრავალი წლის ოცნება და საქართველოში, დედულეთში ჩამოიყვანა. "ჩემი სიდედრი ქართველი იყო, თამარ მოდებაძე. ის 1908 წლის 20 დეკემბერს ქალაქ ბრიუსელში დაიბადა. თამარი რომანტიკული სიყვარულის ნაყოფი ყოფილაო", - ღიმილით ამბობდა სიძე.

ბელგიაში სასწავლებლად ჩასული ქუთაისელი გიორგი მოდებაძე ისე მოხიბლულა ემა გუტალასის სიმღერით, რომ კავკასიური წესით, ცხენზე ამხედრებულს მოუტაცია კიდეც. ძალიან ჰყვარებია ცოლ-ქმარს ერთმანეთი და მალე ქალიშვილიც შეძენიათ. გოგონა ერთი წლის რომ გამხდარა, ბრიუსელში რუსეთის საიმპერიო მისიასთან არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოუნათლავთ. ამას იუწყება ეკლესიის წიგნიც, რომელშიც სწერია, რომ 1909 წლის შვიდ დეკემბერს, ვაჭრის შვილმა, მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე გიორგი სოლომონის ძე მოდებაძემ, და მისმა კანონიერმა ცოლმა, ემა კარლოსის ასულმა გუტალასმა, მონათლეს თავიანთი ქალიშვილი თამარა. ნათლიები იყვნენ კავკასიელი აზნაური, პავლე როსტომის ძე ყიფიანი, აზნაური ირაკლი ჯაბადარი, თავადი ილია დაივთის ძე ჯორჯაძე და კავკასიელი აზნაურის ცოლი (სახელი არ იკითხება) ნიკოლოზის ასული ყიფიანი.

ახალშეუღლებულებს გიორგის მშობლები ყოველ წერილში საქართველოში ეპატიჟებოდნენ. "გიმუცო, ემას წაუკითხე ეს წერილი გენაცვალე, ასწავლე ქართულად ლაპარაკი" - წერდა გიორგის დედამისი ქუთაისიდან. ქმარსაც ძალიან სურდა, რომ ცოლს ქართული ენა სცოდნოდა, მაგრამ ქალმა მხოლოდ ქართული სიმღერების შესწავლა შეძლო და ემაც სიამოვნებით მღეროდა ქართულად.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია