აფეთქდება თუ არა დენთის კასრი?!

აფეთქდება თუ არა დენთის კასრი?!

"ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია, დღეს ამ რეგიონს ცეცხლი უახლოვდება. არავინ იცის, რა მოხდება. ყველანი დაკარგავენ სიტუაციის კონტროლის სადავეებს, როდესაც დენთის კასრი აფეთქდება. სამაგიეროდ, ქაოსი და ექსტრემიზმი მოიდგამს ფეხს. ომის საფრთხე მთელ რეგიონს მოიცავს", - ეს განცხადება სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ-ასადმა სულ ახლახან გააკეთა. როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განვახორციელებთ. თეთრი სახლი არ განიხილავს სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე!" - განაცხადა ბარაკ ობამამ. სირიაში ვითარება 21 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა დამასკოს შემოგარენში სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები გაავრცელეს. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური ძალების მტკიცებით კი დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აღწევს და მათ შორის 426 ბავშვია. ბაშარ ასადის რეჟიმი ყველაფერს მეამბოხეებს აბრალებს. მათი თქმით, დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონში სამხედრო ოპერაციის ჩატარების საბაბად გამოიყენებენ. მსოფლიო ლიდერებმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი დახოცვა დაგმეს და ინციდენტის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვეს...

აფეთქდება თუ არა დენთის კასრი, განახორციელებს თუ არა ამერიკა სამხედრო ოპერაციას სირიაში, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

- ბატონო სოსო, ბაშარ ასადი ამბობს, ამერიკას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და ქიმიური იარაღის გამოყენებაში უსამართლოდ სდებს ბრალს. ამ აზრს იზიარებენ რუსეთი და ჩინეთი. სამხედრო ინტერვენციაზე ამერიკის მოკავშირე ინგლისიც კი უარს ამბობს. რამდენად შესაძლებელია, რომ ქიმიური იარაღი მართლაც მხოლოდ საბაბი იყოს ამერიკისთვის?

- ბრიტანეთის პარლამენტმა სამხედრო ინტერვენციაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დადგენილი, ნამდვილად ასადმა გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი. თავად ამერიკის სენატმაც კი განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტების დასკვნის შემდეგ შესაძლოა, ობამას რეზოლუციაში კორექტივები შეიტანოს. ამერიკელებმა ერთხელ ჭამეს უკვე, როდესაც ქიმიური იარაღის საბაბით ჰუსეინს დაუპირისპირდნენ და ერაყი ფაქტობრივად გაანადგურეს. როგორც იცით, საბოლოოდ გაირკვა, რომ ჰუსეინს ქიმიური იარაღი არ ჰქონდა.

- თუმცა, ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღი ნამდვილად არის გამოყენებული, ამაზე 1300 ადამიანის სიკვდილიც მეტყველებს...

- დიახ, სირიაში ქიმიური იარაღი რომ გამოიყენეს, ეს ფაქტია, მაგრამ საკითხავია, ვინ გამოიყენა? ასადი ამბობს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად საავადმყოფოებში ასობით მისი ჯარისკაცი წევს. ასადი მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ თავისი ჯარისკაცები მოეწამლა? მით უფრო, მაშინ, როდესაც ომი აქვს და თითოეული ჯარისკაცი ოქროს ფასად უღირს? ასე რომ, საქმე მარტივად არ არის. შეგახსენებთ, რომ აჯანყებულებმა თავის დროზე ხელთ იგდეს საწყობები, სადაც ქიმიური იარაღი იყო განლაგებული. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ქიმიურ იარაღს ორივე მხარე იყენებდეს. ერთი სიტყვით, ჯერ გარკვეული არაფერია.

- თქვენი აზრით, რატომ არ ელოდება ობამა გაეროს ექსპერტების დასკვნას, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენების ნამდვილობის დასადგენად მუშაობენ?

- ობამამ უკვე მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ასადის დასჯა გადაწყვიტა. ახლა ცდილობს თავისი სიტყვა შეასრულოს. ისიც კი თქვა, თუ მხარს არავინ დამიჭერს, წერტილოვან დარტყმებს მარტო განვახორციელებო. ვნახოთ, 9 სექტემბერს სენატი რა ცვლილებას შეიტანს ობამას რეზოლუციაში.

- როგორ გგონიათ, წერტილოვან დარტყმებს იმ შემთხვევაშიც განახორციელებს, თანხმობას გაეროს უშიშროების საბჭო თუ არ მისცემს?

- ამერიკის პრეზიდენტს სამოციანი წლებიდან უფლება აქვს, სამოცი დღის განმავლობაში ქვეყანა საომარ მდგომარეობაში ჩააბას კონგრესის თანხმობის გარეშე. ამერიკის კონსტიტუციაში არ წერია, რომ ამერიკამ უნდა იმოქმედოს გაეროს მანდატით. ეს ქვეყანა გაეროს რეზოლუციით მხოლოდ კორეის ომში მოქმედებდა. გაეროს თანხმობა მაშინაც არ დასჭირვებია, როცა აწარმოა ვიეტნამში 9-წლიანი ომი. არც რეიგანს ჰქონდა გაეროს რეზოლუცია, როდესაც პრეზიდენტი ბიშოფი მოაკვლევინა და ლიბანში ჯარი გადასხა...

- ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ ამ კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მაგრამ უკვე გაგზავნა სამხედრო გემები სირიის სანაპიროსკენ. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

- ერთია, რას იტყვის ოფიციალური მოსკოვი და მეორე - რას გააკეთებს. მოსკოვმა ვაშინგტონს პრაქტიკულად ასეთი რამ უთხრა, - კარგად დაფიქრდი, სანამ ამ სისულელეს გააკეთებო. როდესაც დიდი, ბირთვული სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს ასეთი ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის... ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან, მაგრამ რატომღაც ამერიკის პოზიციას ღიად ვუჭერთ მხარს. მაია ფანჯიკიძემ პირდაპირ თქვა, - ჩვენ ყველამ ერთად ასადს დედა უნდა ვუტიროთო. ამ განცხადებას ასადი ვერასდროს გაიგებს და ეს მშვენივრად იცის ფანჯიკიძემ. მან რუსეთი გააღიზიანა... წესით, ახლა ჩვენი ხელისუფლება არც მწვადს უნდა წვავდეს და არც შამფურს. ჯობია, ბარიკადებზე ნუ გადავძვრებით, გარიბალდებს მაინც ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში.

- თუ ამერიკა და რუსეთი სირიის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, საქართველო რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?

- თუ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება, ეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც აისახება. ბიძინა ივანიშვილი კი შეგვპირდა, რომ უკვე შევდექით იმ რელსებზე, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ მივყავართო, მაგრამ არ ვიცი... შესაძლოა, მან ვერ გაიგო და არც უთხრეს, რა განცხადება გააკეთა მისი გუნდის წარმომადგენელმა, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს ვგულისხმობ. შესაძლოა, შინაგანად მართლაც თანაუგრძნობდე ამერიკას, ქიმიური იარაღი გამოიყენა თუ არა, ასადი მაინც დიქტატორია, მაგრამ ამის ხმამაღლა ყვირილი, ახლა არ შეიძლება და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ეს კარგად უნდა ესმოდეს...

- სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქიმიური იარაღი სირიაში თურქეთის გავლით, საქართველოდან შეიტანეს. ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს?

- ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც საქართველოს რეპუტაციის გაფუჭება აძლევს ხელს. ვის შეიძლება ეს აძლევდეს ხელს? ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, მილიონობით დოლარს ხარჯავენ, რომ გაიგონ, ვინ იბრძვის მათი იმიჯის გასაფუჭებლად. ასე შორიდან ამის თქმა, ძალიან ძნელია. "ნაციონალებს" რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ ამ ვიდეორგოლის გავრცელების საქმეში რუსეთის ხელი ურევია. შესაძლოა, რუსეთიც იყოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ამას ის ქვეყანა აკეთებდეს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენ.

- შესაძლოა, თურქეთიც იყოს?

- გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. სხვათა შორის, თურქეთი სირიის ისტორიული მტერია. ამ ქვეყანას სირია-ამერიკის კონფლიქტის განვითარებაში პირადი ინტერესები აქვს... ერდოღანმა ისიც კი თქვა, ასადის გვარი საერთოდ უნდა მოვსპოთო, მაგრამ ჩვენ თურქებთან აყოლა არ გვაძლევს ხელს. ახლა ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, ნეიტრალური პოზიციის დაფიქსირებაა.

- მაშინაც, თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიან შეტაკებაში გადაიზარდა?

- ფართომასშტაბიანი შეტაკება გამორიცხულია. თეორიულადაც კი...

- ე.ი. თქვენ არ ეთანხმებით ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ სირიაში დენთის კასრის გახეთქვამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს?

- არა, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ეგ გამორიცხულია. მესამე მსოფლიო ომი მხოლოდ თეორიულად იქნებოდა დასაშვები, თუ ამერიკა სირიაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა. წერტილოვანი დარტყმებით, რომელიც ძალიან მცირე ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მსოფლიო ომის დაწყება გამორიცხულია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა