რატომ არის ხატია სიჭინავა "ისტერიჩკა" დედა და ვის უჩივლებს სასამართლოში

რატომ არის ხატია სიჭინავა "ისტერიჩკა" დედა და ვის უჩივლებს სასამართლოში

ხატია სიჭინავა ორი გოგონას - გაბრიელასა და ოლის დედა გახლავთ. როგორც თავად ამბობს, 30 წლის ასაკში შვილის გაჩენამ "ისტერიჩკა" დედად აქცია, რომელსაც მშობლის უფლება-მოვალეობები ძალიან კარგად აქვს გაანალიზებული. ხატიას ცხოვრებაში სიახლეა: ის ახალი გადაცემის წამყვანად მოგვევლინება.

- შვილი, ეს არის არსება, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. ზოგჯერ მგონია, რომ ავადმყოფურად განვიცდი ყველაფერს, რაც ჩემს გოგონებს ეხებათ. როცა მათ გვერდით არ ვარ, მუდამ ვდარდობ იმაზე, თუ რას ჭამენ, რას აკეთებენ. დედობა უდიდესი სიხარულია, რაც კი ღმერთმა შეიძლება ქალს მიანიჭოს.

- დედობრივი სიყვარული ორსულობიდან იწყება თუ მაშინ, როცა უკვე შენს შვილს ხედავ?

- ორსულობის პერიოდში მუცლადმყოფ შვილს გამუდმებით ველაპარაკებოდი და მეგონა, რომ ისიც მისმენდა. მე და ჩემი მეუღლე ტოლები ვართ. ისეთ ასაკში გავხდით მშობლები, როცა შვილის ყოლის ემოცია მძაფრად განვიცადეთ. მინდა აღვნიშნო, როცა შვილს პირველად ხედავ, სწორედ მაშინ იბადება ძალიან დიდი სიყვარული. პირველი შვილი ბუნებრივი გზით გავაჩინე, გაუტკივარება არ გავიკეთე. მაინტერესებდა, როგორი იყო ის ტკივილი, ხშირად ქალები რომ ვერ უძლებენ. მუცელი 24 საათის განმავლობაში მტკიოდა, ეს საშინელება იყო. პირველი სიტყვები, რაც ბავშვს დაბადების შემდეგ ვუთხარი, იყო: "როგორ მაწვალე, შე ბოროტო" (იცინის), მაგრამ გაბრიელა სამშობიარო ბლოკში რომ შემომიყვანეს და გულზე დამიწვინეს, მზად ვიყავი, კიდევ ერთხელ განმეცადა გადატანილი ტკივილი. სამშობიაროში დაახლოებით 20-მდე ახალშობილს ერთსა და იმავე ოთახში აძინებდნენ. შუაღამისას, როცა ჩემი შვილი ტირილს დაიწყებდა, მის ხმას სხვებისგან უპრობლემოდ ვარჩევდი და ეს ყველას უკვირდა. "ისტერიჩკა" დედა ვარ. ახლაც ყოველთვის ვიცი წინასწარ, ავადმყოფობის შემთხვევაში მალე გამოკეთდებიან ჩემი შვილები თუ რამე გართულება მოჰყვება.

- შენი მეუღლე მშობიარობას არ დაესწრო?

- მიმაჩნია, რომ ეს პროცესი სასიამოვნო საყურებელი არ არის, ამიტომაც რამაზი მშობიარობას არ დასწრებია. გარეთ მელოდებოდა... მეორე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე და ერთი თვე ვერ დავდიოდი. შესაბამისად, ბავშვის დაბადების ემოცია არ იყო ისეთი მძაფრი, როგორიც ფიზიოლოგიური მშობიარობისას გახლდათ.

- გოგონები როგორი გასაზრდელები არიან?

- გაბრიელა ნაზი და უპრეტენზიოა. გეტყვით იმას, რომ ჩემთან არც ერთ შვილს არ სძინავს. ვინაიდან ჩემი მეუღლე სპორტსმენია, მისთვის აუცილებელია ღამის ძილი, გაბრიელა კი ღამეს გვათენებინებდა. მივხვდი, თუ ასე გაგრძელდებოდა, ქმართან იდეალური ურთიერთობა არ მექნებოდა. ჰოდა, ვინაიდან ჩემი და ჩემთან ცხოვრობდა, ღამით ბავშვი მას გადავაბარე (იღიმის). შემდეგ ისეთი ძიძა ვიპოვე, რომელიც ღამეს ჩვენთან გაათევდა და ბავშვები დღემდე მასთან იძინებენ. აუცილებელია, ქალმა მეუღლეს სათანადო ყურადღება დაუთმოს. ჩემს შვილებს სიტყვა "მიყვარხარ" იმდენად ხშირად ესმოდათ, რომ ორივემ პირველად ეს სიტყვა წარმოთქვა. გაბრიელა პრანჭიაა. სულ მთხოვს, მანიკიური, ლამაზი ვარცხნილობა გავუკეთო. ოლი კი მეტეორია: ძალიან მოძრავია, ვერ ვაჩერებთ ხოლმე. ერთხელ "მაკდონალდსში" ვიყავით. გაბრიელას პატარა ბიჭი გამოეკიდა. მოვიდა და უკნიდან ამომეფარა. ოლი ხელში მეჭირა. ბიჭი წინ დაგვიდგა და არ მიდიოდა. ალბათ პატარამ იგრძნო, რომ მის დას "საფრთხე" ემუქრებოდა და თმა მოქაჩა, ხელი ძლივს გავაშვებინე.

- რამაზი რამდენად არის ჩართული შვილების გაზრდაში?

- ვერ ვიტყვი, რომ პამპერსებს უცვლის, მაგრამ რამდენჯერმე ჰქონდა ამის მცდელობა. ბავშვები გიჟდებიან მამაზე. რამაზს ისინი დაჰყავს ზოოპარკში, პარკებსა და სხვადასხვა ადგილას. ვურჩევ, შვილებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს. გიჟი მამაა. როგორც ყველა კაცს, მასაც ერთი სული აქვს, ბიჭი როდის გვეყოლება.

- რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

- ჩემს დედამთილს 4 შვილი ჰყავს და მას ნამდვილად არ ჩამოვრჩები (იღიმის). ორსულობა ძალიან მენატრება.

- გოგონებს სახელები როგორ შეურჩიეთ?

- მაშინ, როდესაც გაბრიელაზე ორსულად ვიყავი, ჩვენს ოჯახში ყველაფერი რიგზე არ იყო. მაშინ მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და წმინდანს ვთხოვე: ოღონდ ჩემი შვილი ბედნიერი ამყოფე და შენს სახელს დავარქმევ-მეთქი. მეგონა, ბიჭი გაჩნდებოდა. გოგო რომ შეგვეძინა, სახელი აღარ გადავარქვი... მეორეს, როგორც იცით - ოლი ჰყვია. ჩემს მეუღლეს ერთი და ჰყავს - ოლგა, რომელიც ძალიან მიყვარს და მის პატივსაცემად დავარქვით უმცროსს ეს სახელი. უფლის წყალობით, ძალიან ბედნიერები ვართ. მინდა ყველას ჩემნაირი და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება ვუსურვო.

- დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩემს დედამთილს საუკუნის დედამთილის წოდებას მივანიჭებდი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 35 წელია, საბავშვო ბაღის გამგეა და მართალია, მკაცრი იმიჯი აქვს, მაგრამ უკეთილშობილესი ადამიანია. ის ძალიან მიყვარს.

- რას ურჩევ ახალბედა დედებს?

- არ მესმის იმ დედების, რომლებიც შვილებს ქუჩაში სცემენ და ამით პატარებს თავმოყვარეობას ულახავენ. ჩემს გოგონებს სიყვარულსა და სითბოს ვუნერგავ და ამის გაკეთებას ვურჩევ სხვებსაც. ბევრი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბავშვებთან ერთად. ალკოჰოლურ სასმელს საერთოდ ვეღარ ვსვამ მას შემდეგ, რაც შვილები გავაჩინე. მგონია, რომ ბავშვებმა ნასვამ მდგომარეობაში არ უნდა მნახონ. მინდა, ისინი ჯანმრთელები და ლაღები გაიზარდონ.

- როგორც გავიგე, შენ და მარკუს მეტრეველი ახალ გადაცემას გაუძღვებით...

- ასეა! გადაცემას ჰქვია "ცხოვრების სტილი". ჯერ არ გაგიმხელთ, რომელ არხზე იქნება, მაგრამ მასში ისეთი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, ვის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, მაგალითად, მინისტრები, ელჩები... ჩემმა მეგობარმა, დიმიტრი ჩხეიძემ შემომთავაზა გადაცემის წაყვანა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გავა ეთერში. სხვათა შორის, სექტემბერში სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებ: შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტს უნდა ვუჩივლო. მან შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და ჩემს ოჯახს - ჩემი მეუღლის მისამართით, ამბები.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე უცენზურო სიტყვები დაწერა. იმედია, ეს ყველასთვის გაკვეთილი იქნება და მომავალში ასეთი კომენტარებისგან თავს შეიკავებენ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება