როგორი ახალი "მეცხრე არხის" შექმნას აპირებენ ვასილ მაღლაფერიძე და მისი თანამოაზრეები

როგორი ახალი "მეცხრე არხის" შექმნას აპირებენ ვასილ მაღლაფერიძე და მისი თანამოაზრეები

ვასილ მაღლაფერიძე თანამოაზრეებთან ერთად სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილისგან "მეცხრე არხს" შეისყიდის. საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა. რით დასრულდა შეხვედრა და რას პასუხობს სკეპტიკოსებსა და ნიჰილისტებს, - ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრება.

- იქნებ, გვითხრათ შეხვედრის დეტალები.

- შეხვედრის პათოსს გეტყვით, რაც, ალბათ, საინტერესო იქნება. პირველი, რაც ვუთხარით ბიძინა ივანიშვილს, ის გახლავთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დოტაციური ტელევიზიის შექმნას, როგორც ამაზე საზოგადოების ერთი ნაწილი საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, გინდათ დამოუკიდებელი ტელევიზიის გაკეთება, რომელსაც მე დავაფინანსებო? რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცით. ტელევიზია უნდა დაეფუძნოს თვითდაფინანსებას. როდესაც ადამიანები, მათ შორის მედიაექსპერტობაზე პრეტენზიის მქონენი ამბობენ, რომ ტელევიზია თავისი შემოსავლით ვერ იარსებებს და სჭირდება დამატებითი ფული, მათ უნდა ესმოდეთ, რომ დამატებით ფულს პოლიტიკური შეკვეთები მოაქვს, რაც საზოგადოების ინტერესში ვერ იქნება. საჭიროა გაკეთდეს ტელევიზია, რომელიც გარანტირებულად იმუშავებს მხოლოდ საზოგადოების დაკვეთაზე და გაყიდის ამ პროდუქტს. თუ მენეჯმენტი შეძლებს ამას, სარეკლამო ბაზარზე დაიკავებს კარგ ნიშას. თუ ამას ვერ შეძლებს, ვერ იარსებებს. დღეს არიან მედიასაშუალებები, რომლებიც საკუთარი შემოსავლებით არსებობენ. ამისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია "პალიტრა მედია" , ყველამ ვიცით, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. როდესაც გავიგეთ, რომ "მეცხრე არხი" უქმდება, ვიფიქრეთ, რატომაც არ უნდა შეგვექმნა სააქციო საზოგადოება, რომელიც ამ არხს შეიძენს?!..

რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც ჩვენს ინიციატივას მოჰყვა, ეს არაჯანსაღი მგონია. ეს ჩვეულებრივი კომერციული ნაბიჯია. როდესაც ადამიანი იწყებს კომერციულ საქმიანობას, წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაც ღობეზე შემოჯდეს და დაიწყოს ლაპარაკი, არაფერი გამოგივაო? საკითხი მარტივად დგას - ვინ ეკითხებათ მათ? ეს ხომ ჩვენი ფინანსური რისკია. ჩვენ მოვიზიდავთ თანხებს, თუ გამოგვივა, გამოგვივა. მსოფლიოში ყოველდღე იწყება და კოტრდება ბიზნესები.

ყველაფერ ამის შესახებ საუბარი გვქონდა ბიძინა ივანიშვილთან. მან თქვა, რომ სააქციო საზოგადოების კულტურა საქართველოში არ არის განვითარებული და შესაძლოა, მას ჰქონდეს ეჭვები, თუმცა აქვე გვითხრა, ჩემს გადარწმუნებაში დროს ნუ დავკარგავთო. როდესაც ჩვენს კონცეფციას გაეცნო, გვითხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტივობა, რომელსაც პატივს სცემს. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ჩათვალეთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელსო.

- დაასახელა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თანხა, რომელიც "მეცხრე არხში" უნდა გადაიხადოთ?

- ჯერ არ დაუსახელებია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა ქონება გვჭირდება ამ ტელეკომპანიის არსებობისთვის და რა - არა. რასაკვირველია, ჩვენ ყველა კაპიკს გავზომავთ. თანაც, ამ თემაზე მე არ მაქვს ლაპარაკის უფლება, სამეთვალყურეო საბჭოში სხვა ადამიანები იქნებიან. რასაკვირველია, ისეთი ადამიანები შეირჩევიან, რომელთა მიმართ საზოგადოებას შეკითხვები არ გაუჩნდება. აქციების შეძენას კი ნამდვილად ვაპირებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები