ვინ შეუყვარდა ლიკა ლაბაძეს?

ვინ შეუყვარდა ლიკა ლაბაძეს?

ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას დედა ურჩევდა, აქტიური მკითხველიც იყო, მერე ბალეტზე სიარული დაიწყო და ახალი ნაწარმოებების გასაცნობად იმდენი დრო აღარ ჰქონდა. ბოლო პერიოდში, ენციკლოპედიები და შემეცნებითი ჟანრის ლიტერატურა შეუყვარდა. მხატვრულ ნაწარმოებებზე მეტად, ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიები იზიდავს. ტელეწამყვანმა ლიკა ლაბაძემ ჩემი შეთავაზება, "ერუდიტის" სტუმარი ყოფილიყო, სიამოვნებით მიიღო და ინტერვიუს ჩასაწერად შინ მიმიპატიჟა.

პრეამბულის მაგიერ

- ლიკა, შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?

- არაერთი საყვარელი ავტორი მყავს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ხშირად წასაკითხ წიგნებს ხასიათის მიხედვით ვირჩევ.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა. ჩვევად მაქვს, კითხვას რომ დავიწყებ, რაც უნდა სქელტანიანი ნაწარმოები იყოს, 3 დღეში უნდა დავამთავრო.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმიდან" ფუსუნი შემიყვარდა. მისგან ბევრ რამეს ვისწავლიდი.

- ფუსუნს ჰგავხარ?

- კი, სიყვარულში თავდადება მეც შემიძლია. სიმართლე გითხრა, ამ წიგნის კითხვის დროსაც ვიტირე.

- ვიცი, რომ ძველი ცივილიზაცია გაინტერესებს...

- ძალიან. სამხრეთ ამერიკაში პერუს ტერიტორიაზე მოგზაურობაზე ვოცნებობ. მინდა ვნახო მაჩუ პიქჩუ. პირველად ეგვიპტეში რომ მოვხვდი, გავოცდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის შესახებ უამრავი ლიტერატურა მქონდა წაკითხული. ტუტანხამონის აკლდამამ და საერთოდ, ამ ქვეყანაში ნანახმა ბევრმა რამემ, მოლოდინს გადააჭარბა. ეგვიპტე საოცრებაა.

- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში შემდეგი შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა: "20 წლის გოგონა კარგი ოჯახიდან, რომელსაც აქვს 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი, ოჯახის შექმნის მიზნით გაიცნობს წესიერ ყმაწვილს". როგორც მოგვიანებით გაირკვა, განცხადების ავტორი გოგონა უბრალო კოლექციონერი იყო. რას აგროვებდა ის?

- ალბათ წერილების შემგროვებელი იყო, ასეთი შინაარსის განცხადებას, არაერთი ადამიანი გამოეხმაურებოდა.

- განცხადებით გაცნობაზე თავად რა აზრის ხარ?

- ჩემთვის ეს სასაცილოა, ვერ წარმომიდგენია.

- ის გოგონა მარკების შემგროვებელი იყო. გერმანულად ეს სიტყვა სამკურნალო ადგილს ნიშნავს, სადაც კოტეჯებია მოწყობილი...

- (მაწყვეტინებს) სანატორიუმზეა ლაპარაკი.

- კარდინალ რიშელიეს ძალიან უყვარდა ვაშლის სუნი. ის მაგიდის უჯრაში ყოველთვის ინახავდა ვაშლს. ერთხელ თავის აფთიაქარს, ვაშლისა და ცხიმისგან საცხის დამზადება შეუკვეთა. დაასახელე სიტყვა, რომელიც ამ საცხთან ერთად გაჩნდა და რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად ქალბატონები ამბობენ.

- დავიბენი, სუნამო?

- ცდები.

- თუ შეიძლება, კითხვა გამიმეორე. (გამეორების შემდეგ) ტუჩსაცხი ანუ პომადა, ასეა?

- გამოიცანი. "პომადა" რომელი ფრანგული სიტყვისგან არის წარმოებული?

- არ ვიცი.

- pomme ვაშლს ნიშნავს. ტეხასელებს ძალიან უყვართ თავიანთი თავგადასავლების გაზვიადება. ამიტომაც კოვბოი-მთხრობელის დევიზია: "არასოდეს გააფუჭო კარგი ისტორია..." რით?

- ცუდი ფინალით.

- "...სიმართლით". გალიაში იყო 5 კურდღელი. 5 ბიჭი მივიდა, ყველამ თითო წაიყვანა, მაგრამ გალიაში ერთი კურდღელი მაინც დარჩა, როგორ?

- მეხუთე ბიჭმა გალიიანად წაიყვანა.

- ალექსანდრე მაკედონელის ჟამთა აღმწერთა მიერ, ის აღწერილია, როგორც ფუტკრის გარეშე თაფლის მომცემი. რაზე წერდნენ ასე?

- ვერ გიპასუხებ.

- შაქრის ლერწამზე. მანამ, სანამ მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ბევრისთვის სასურველი არ იყო. პირიქით, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაგრამ მისი მსურველი დღესაც მრავლადაა. რაზეა ლაპარაკი?

- გარუჯვაზე.

- მისი ნახტომის სიგრძე, სხეულის სიგრძეზე 200-ჯერ მეტია.

- კალია.

- ცდები.

- მაშინ ვერ გიპასუხებ.

- მიგანიშნებ, ის ერთ-ერთი პოპულარული ზღაპრის პერსონაჟია.

- (იცინის) მივხვდი, რწყილზეა ლაპარაკი.

- ისინი წყალში ბინადრობენ და ერთმანეთთან "ლაპარაკი" შეუძლიათ. გარდა ამისა, სივრცული ორიენტაციისთვის ულტრაბგერითი სიხშირეების ცვალებადობას იყენებენ.

- დელფინები.

- რომელ მდინარეზეა გაშენებული ავსტრიის დედაქალაქი ვენა?

- დუნაიზე.

- "ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს", რომელი ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- კონსტანტინე გამსახურდია.

- რომელ სრუტეს არ გაივლის ბათუმიდან მარსელში გემით მიმავალი მოგზაური: ბოსფორის, დარდანელის თუ გიბრალტარის?

- გიბრალტარის სრუტეს არ გაივლის.

- ბერძნულ მითოლოგიაში კარგად ერკვევი?

- ნაკლებად.

- რისი ღმერთია ბრმა?

- სავარაუდო პასუხებს ვერ მეტყვი?

- სიყვარულის, სიმდიდრის თუ ჯანმრთელობის?

- სიმდიდრის მგონია.

- ნამდვილად ასეა. ახალგაზრდა ტიბეტელი ბიჭები მოწონებულ გოგონას ქუდს ჰპარავენ. რისი მიმანიშნებელია, თუ გოგონა ქუდის დაბრუნებას მოითხოვს?

- ალბათ თანხმობის. ქუდი რომ დაიბრუნოს, ხომ უნდა შეხვდეს, ასე არ არის?

- გამოიცანი. ძველი რომაელები ყველაზე მოკლე თითს უწოდებდნენ "აურიკულარის", ყველაზე გრძელ თითს - "იმპუდიკუს". რომელ თითს უწოდებდნენ "დემონსტრატუს"?

- (ფიქრობს) ალბათ, საჩვენებელ თითს. გამოვიცანი?

- დიახ. სად მდებარეობს ევროპის გეოგრაფიული ცენტრი?

- არ ვიცი.

- უკრაინაში. კლასში 45 მოსწავლეა, ვაჟების რაოდენობა გოგონების რაოდენობის 50%-ს შეადგენს. რამდენი ვაჟია კლასში?

- კითხვა გამიმეორე და დავიანგარიშებ. (გამეორების შემდეგ) 15 არ გამოდის?

- დიახ. რა ჰქვია თეატრის მოყვარულ ადამიანს?

- თეატრალი. ადრე რუსთაველის თეატრში ხშირად დავდიოდი. ოპერაც ძალიან მიყვარს.

- მისი ფერები ყოველთვის ერთი თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. რაზეა ლაპარაკი?

- ცისარტყელაზე.

- ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლი იქნება.

- იმ დღეს, როცა მწერალთა სახლიდან შალვა დადიანის ცხედარი გამოასვენეს, ერთი პოეტის ცხედარი დაასვენეს. დაასახელე ეს პოეტი.

- ვერ დავასახელებ.

- გალაკტიონ ტაბიძე. თავდაპირველი მნიშვნელობით ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა. ინგლისის ხაზინის კანცლერი ქვეყნის პარლამენტის წინაშე, მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოხსენების დროს, ამ ტყავის ტომრით ხელში წარდგებოდა. მასში საფინანსო დოკუმენტები ეწყო. დროთა განმავლობაში, ამ სიტყვამ თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი, ისე დამკვიდრდა. რომელ ტერმინზეა ლაპარაკი?

- ბიუჯეტი.

- რომელი კომპოზიტორის მუსიკა დაედო საფუძვლად საქართველოს ჰიმნს?

- ზაქარია ფალიაშვილის.

- ზოგიერთ ქვეყანაში, რომელთა სასამართლო სისტემაც შარიათის ნორმებზეა დაფუძნებული, ქალებს აქვთ მანქანის მართვის უფლება, მაგრამ ავარიულ შემთხვევაში არც ერთ მამაკაცს არ აქვს უფლება, დაეხმაროს. ამ კანონით, მათ აქვთ ერთი უპირატესობა... დაასახელე, რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მძღოლ ქალებს პოლიცია არ აჩერებს. არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეკვადორი. ჩამოთვლილთაგან ტერიტორიულად რომელია ყველაზე დიდი?

- (ფიქრობს) ბრაზილია.

- ის მეტალებს შორის ყველაზე უფრო წელვადი და ჭედადია. 0,1 გრამი შეიძლება დაიჭიმოს 261 მეტრი სიგრძის უწვრილეს მავთულად, ბუნებაში უმეტესად თვითნაბადი სახით გვხვდება. რომელ მეტალზეა ლაპარაკი?

- ოქროზე ხომ არა?

- გამოიცანი. როცა აინშტაინი 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს. რა გააკეთა მან კადრში მოხვედრისას?

- ენა გამოყო, ეს ცნობილი ფოტოა.

- იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს, ქვეყანა იცნობს. ის არა მარტო ქმნიდა მუსიკას, კარგი შემსრულებელიც იყო. მაგრამ არანაკლებ სახელგანთქმული იყო სხვა სფეროშიც და ამ გატაცების შესახებ წიგნიც კი დაწერა. რით იყო ბახი გატაცებული?

- არ ვიცი.

- ბანქოს თამაშით. რომელი ცხოველის ჯიშია ჰუსარი?

- მაიმუნის.

- ეს ბერძენი პოეტი ფაონთან უიმედო სიყვარულის ნიადაგზე ლევკადიის კლდიდან აქაფებულ ზღვაში გადავარდა. დაასახელე იგი.

- მას საფო ერქვა.

- დაბოლოს, დაასრულე რუსოს ცნობილი გამონათქვამი: "მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ..."

- ვერ დავასრულებ.

- "...რომ მას დაელოდოს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება