”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”

 ”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”

თუ გინდა გაიგო, რომელი თემაა აქტუალური საქართველოში, უნდა იმგზავრო ტაქსით. ტაქსის მძღოლმა თუ შეატყო, რომ ჟურნალისტი ხარ, მტრისას, დანიშნულების ადგილას მისვლამდე მოგიწევს პოლიტიკური მიმოხილვის მოსმენა თავისი კითხვა-დასკვნით: გვეშველება რამე? თუმცა ზოგჯერ ჩვენი ტრაფარეტიანი "პოლიტიკური ექსპერტებიც" გაარტყამენ ხოლმე ასიანში. ამას წინათ ერთმა ტაქსისტმა თქვენს მონა-მორჩილს უთხრა, - ბავშვობიდან საჭესთან ვზივარ და ივანიშვილის საქციელს (ქართველი ტაქსისტების მთავარი თემა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლაა) მძღოლის კუთხით შევხედავ: წარმოიდგინე, რომ მანქანა ტალახიან აღმართზე ადის, ბუქსაობს, კიდევ დიდი მანძილია სამშვიდობომდე და უცბად, მძღოლი კარს აღებს და მოძრავი მანქანიდან ხტება. უპატრონო ავტომობილი კი ან ხეს დაეჯახება, ან ხევში გადაიჩეხებაო. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად არის იმის შიში, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანას მართლაც მძღოლის გარეშე დარჩენილი სიჩქარეაკრეფილი ავტომანქანის დღეში ჩააგდებს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.

- დარწმუნებული ვარ, ისეთი წინდახედული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაგვათავისუფლებს შფოთისგან იმის თაობაზე, რა მოხდება პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ. თავის ბოლო წერილშიც პრემიერი საუბრობს იმ პირობებზე, რომლის მიღწევის შემთხვევაში ის პოლიტიკიდან წავა. ვვარაუდობ, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

- "უახლოესი მომავალი" როგორ უნდა გავიგოთ - რამდენიმე თვე, წელი თუ ორი წელი?

- თუ ბიძინა ივანიშვილს სუპერმენის თვისებები აქვს და 2-3 წლის საქმე 2 თვეში გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე დავეყრდნობი ივანიშვილის წერილს და ვიტყვი, რომ იმ შედეგის მისაღწევად, რომლის შემდეგაც ის პოლიტიკიდან წავა, 2-3 თვე საკმარისი არ არის.

- და ივანიშვილის განცხადებები, ახალ წლამდე აუცილებლად წავალ პოლიტიკიდანო, მეტაფორაა?

- ივანიშვილს არ დაუზუსტებია, რომელ ახალ წლამდე წავა პოლიტიკიდან.

- ანუ მიიჩნევთ, რომ პრემიერი ამ ნაბიჯს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ გადადგამს?

- იმედი ვიქონიოთ, რომ არ გადადგამს.

- რა უშლის ხელს ივანიშვილს, დააზუსტოს, რომ 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ წავა პოლიტიკიდან. მისი განცხადებები, რომ ახალ წლამდე წავა, ცალკე ბიზნესს ამყოფებს გაურკვეველ მდგომარეობაში და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინვესტიციების შემოუსვლელობას, აქეთ საზოგადოება შფოთავს და საბოლოოდ, ვერა და ვერ ჩადგა ქვეყანა კალაპოტში.

- გეთანხმებით. საერთოდ, ქართველები უცნაური ხალხი ვართ და არც მილიარდერები არიან გამონაკლისები. ისე არ გამოვიდეს, თითქოს ვამტკიცებ - ივანიშვილი 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ წავა პოლიტიკიდანო. მხოლოდ ვვარაუდობ და იმედს გამოვთქვამ, რომ ასე იქნება. შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა ვერსიაზეც, რომ დიახ, ივანიშვილი გადადგება პრემიერის თანამდებობიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე. ამ ვერსიას ამყარებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები.

- კერძოდ?

- მარგველაშვილი თითოეულ გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში კოაბიტაცია დასრულდება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ქართველი ხალხის ოცნებად იქცა?! თუ საქართველოში დაიწყო ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის ხანა, დასავლეთი ივანიშვილს ვეღარ უსაყვედურებს, რადგან ის თანამდებობაზე აღარ იქნება. პასუხისმგებლობას კი ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი აიღებენ და შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, "ქართული ოცნება" უფრო თავისუფალი იყოს მოქმედებებში. მოკლედ, ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში გადადგეს თანამდებობიდან. თუმცა თუ ქვეყანაში რაიმე საფრთხის ნიშნები გამოჩნდა, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ძალაში არ შევა.

- გამოდის, ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს, მაგრამ ხომ შეიძლება საფრთხის ნიშნები გაჩნდეს? იქნებ იმის საშიშროების წინაშე დავდგეთ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში უმართავი თუ მართვადი ქაოსი დაიწყოს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით?

- შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანა მართლაც აღმოჩნდეს ქაოსის საფრთხის წინაშე. თუმცა ეს არ არის სამკითხაო თემა. ისე, ერთს ვიტყვი - ყველაფერი დამოკიდებულია "ქართული ოცნების" წევრთა განწყობაზე. დღეს ზოგიერთი მათგანი ინდიფერენტულად უდგება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს, ზოგს შიშისაგან გული უსკდება, ზოგი კი ცდილობს, სამომავლო პოლიტიკურ განლაგებაში თავისი ადგილი განჭვრიტოს.

- შევაჯამოთ - ანუ დღეს შეგვიძლია ორ ვერსიაზე ვისაუბროთ: პირველი - ივანიშვილი სხვადასხვა მიზეზის გამო არ წავა პოლიტიკიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე და მეორე - პრემიერი გადადგება თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, რათა გვერდზე გადგეს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მასობრივი პროცესი დაიწყოს. აქვე ისმის კითხვა - ივანიშვილის პრემიერობისას რა უშლიდა ხელს სამართლიანობის აღდგენის დაწყებას?

- ივანიშვილმა იმდენი საყვედური მოისმინა ქვეყნის შიგნიდან თუ საზღვარგარეთიდან, ამდენი ცხოვრებაში არ მოუსმენია. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საყვედურებს არ იმსახურებს და სურს, ტაიმ-აუტი აიღოს. არაობიექტურობა და უმადურობა იქნება, მას ამის გამო ვუსაყვედუროთ. მან შეძლო ის, რაც სხვამ ვერ გააკეთა ცხრა წლის განმავლობაში - არჩევნების გზით შეცვალა სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენ ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ რესურსი იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ - ივანიშვილს ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და არ მჯერა, რომ ის რაღაც ეტაპზე საქართველოდან წავა. თუ მან გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული პრინციპები, ამ არენაზეც დიდი წარმატება ელის. თუმცა თუ მთავრობამ და "ქართულმა ოცნებამ" ნებისმიერი საკითხი მასთან შეათანხმეს, საყვედურებისა და პრეტენზიების ობიექტი ისევ ივანიშვილი იქნება.

- საკითხს ჩვენი თანამოქალაქეების თვალით შევხედოთ. პირდაპირ ვთქვათ - მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს რწმენა, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი მთავრობა გამოწვევებს გაუმკლავდება. მოსახლეობა შიშობს, რომ "უთავოდ" დარჩენილ საქართველოში ქაოსი დაიწყება. ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხმა პერსონალურად ივანიშვილს მისცეს, მისგან ელემენტარულს ითხოვენ - დაალაგოს ქვეყანაში მდგომარეობა, შექმნას სტაბილურობის გარანტიები და შემდეგ, კი ბატონო, აიღოს ტაიმ-აუტი.

- თეორიული საფუძველი ასეთი შფოთვისა, რასაკვირველია, არსებობს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ივანიშვილი საქართველოდან არ მიდის და ახალი პრემიერი მასთან ასოცირებული პირი იქნება. თუ ასევე თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს დაემუქრება ქაოსის საფრთხე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბერკეტები "ქართული ოცნების" ხელში იქნება. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, დარწმუნებული ვარ - ფაქტობრივად, არ იარსებებს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქაოსი თვითგადარჩენისთვის დასჭირდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა