ქართულ ტრადიციებს მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება

ქართულ ტრადიციებს მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება

საქართველოში ძალიან ბევრი ტრადიცია არსებობს, რომელთა ფესვებიც ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ. ბევრ მათგანს დღემდე იცავენ და ცხოვრების წესის შემადგენელ ნაწილად წარმოუდგენიათ.

როგორც წესი, იშვიათად უფიქრდებიან, ტრადიცია დადებითია თუ უარყოფითი. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რადგანაც ესა თუ ის ტრადიცია წარსულიდან მოდის და მას იცავდნენ ჩვენი წინაპრები, აღარაა საჭირო, განვიხილოთ მისი მართებულობა. თუმცა, არის რამდენიმე ტრადიცია, რომელიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ან თანამედროვეობის გავლენით სახე იცვალა.

ქართული და ევროპული ტრადიციებისადმი დამოკიდებულების გასაგებად "ეისითი რისერჩმა" თბილისელებში კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 85% ეთანხმება დებულებას, რომ მოსწონს ქართული ტრადიციები, 12%-ს მეტ-ნაკლებად მოსწონს, 3%-ს კი არ მოსწონს.

გამოკითხულთა 90%-ს აქვს სურვილი, რომ ქართული ტრადიციები შენარჩუნდეს. მხოლოდ 2 პროცენტია მომხრე იმისა, რომ ქართული წეს-ჩვეულებები არ შენარჩუნდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 32% ასევე თანახმაა, საქართველოში ევროპული ტრადიციები დამკვიდრდეს. 39%-სთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და სურვილს მეტ-ნაკლებად გამოხატავენ, ხოლო 30% საქართველოში ევროპული ტრადიციების დამკვიდრების მოწინააღმდეგეა.

რაც შეეხება ევროპულ წეს-ჩვეულებებს, გამოკითხულთა 23%-ს მოსწონს ისინი, 37-ს - მეტ-ნაკლებად, ხოლო 38%-ს არ მოსწონს ბებერი კონტინენტის ტრადიციები.

საინტერესოა, განსაკუთრებით ევროპული და ქართული რომელი ტრადიციებით არიან ქართველები მოხიბლულნი და რომელი არ მოსწონთ. რის შენარჩუნებას და გადმოტანას მიიჩნევენ მიზანშეწონილად და რისი დავიწყების მომხრეები არიან.

ამის გასარკვევად, "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვისას არ გამოიკვეთა კონკრეტული ტრადიცია, რომელიც ყველას მოსწონს ან რომლის მიმართაც ყველა უარყოფითადაა განწყობილი. ამ საკითხში შეხედულებები მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან.

"თბილისში ტრადიციების დამცველები, ალბათ, მარტო უფროსი თაობის ხალხი თუ შემოვრჩით. ჩემს შვილებს აღარაფერი ქართული აღარ მოსწონთ და ასე არიან მათი მეგობრებიც. სოფელში რომ მივდივარ ხოლმე, მიხარია, ახალგაზრდებს რომ ვხედავ, რომლებიც არ ივიწყებენ უფროსისადმი პატივისცემას, ქართულ ადათ-წესებს, მასპინძლობის ტრადიციას. იქ, ალბათ, მშობლებს და ბებია-ბაბუებს უფრო მეტი გავლენა აქვთ ახალგაზრდებზე და უფრო მეტად ასწავლიან ქვეყნის და მისი ტრადიციების სიყვარულს. ჩემს შვილებს ამას რომ ვეუბნები, მეუბნებიან, უბრალოდ, იქ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ და არ ეცნობიან სიახლეებსო. მე კი ეს არ მესმის. რა შუაშია ინფორმაცია შენს ტრადიციებთან და მათ შენარჩუნებასთან.

მე თითქმის ყველა ტრადიცია ძალიან მომწონს და არ მინდა, დაიკარგოს. ვერ წარმომიდგენია, როდესაც ნათესავთან ან ჩემს დასთან მისვლა მომინდება, ერთი კვირით ადრე დავურეკო და შევუთანხმო, ან დღესასწაულებზე სტუმრად მისულს მხოლოდ ყავა დამალევინონ და სხვა არაფრით გამიმასპინძლდნენ. ჩემს ოჯახში ყველას გაფრთხილების გარეშე შეუძლია მოსვლა და ნებისმიერ დროს მათთვის მშვენიერ სუფრას გავშლი. ესეც ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძალიან კარგი ტრადიციაა.

ასევე, ტრადიციების მიხედვით, ყველას შეუძლია მოსვლა ღამის გასათევად. სოფლიდან ჩამოსულ ნათესავს სხვაგან როგორ გავუშვებ, სირცხვილით მერე მათთან როგორ უნდა მივიდე. შვილები კი ამაზე მეუბნებიან, სახლი კი არა, სასტუმროაო, მათ არაფერი ესმით ჩვენი ტრადიციების", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში ნატო ტყებუჩავამ.

ევროპულ ტრადიციებში ახალგაზრდები, ძირითადად, დამოუკიდებლობას და წესრიგს მოიაზრებენ. მათთვის ევროპულობასთან სწორედ ეს ორი ტრადიცია ასოცირდება. ასევე ფიქრობს ნია სიხარულიძეც:

"ჩემთვის ევროპულობა წესრიგთან ასოცირდება. რატომღაც ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ევროპული ტრადიციები - წესრიგი ყველა სფეროში და დამოუკიდებლობა. ძალიან მომწონს მშობლებისა და შვილების ცალ-ცალკე ცხოვრების ტრადიცია. როგორც კი სამსახურს იშოვი, აუცილებლად უნდა გადახვიდე მარტო საცხოვრებლად და მიეჩვიო საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ქართული ტრადიციების ტყვეობაში ვიქნებით - ინფანტილური შვილების და მოქოთქოთე დედების გარემოცვაში, ანუ ოჯახებით, სადაც 5 თაობაც კი ერთად ცხოვრობს.

ეს საშინლად არ მომწონს და ვეწინააღმდეგები ამ ტრადიციას. მე უკვე ორი წელია მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული, თუმცა არავისგან ვითხოვ, წინასწარ შემითანხმონ მოსვლა და ჩემი სახლის კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა.

მასპინძლობაში ნამდვილი ქართველი ვარ და ეს ჩვენი ტრადიცია მართლა ძალიან მომწონს. მასპინძლობაში აუცილებლად სუფრის გაშლას არ ვგულისხმობ. მიყვარს სტუმრები და მიხარია, როდესაც ჩემთან მოდიან.

ევროპული ტრადიციაა ყველაფრის მოწესრიგება და ყველაფერზე ზრუნვა. ჩვენ რომ სამშობლოზე და გარემოზე ვზრუნავდეთ, საქართველო ასეთ დღეში არ იქნებოდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნია სიხარულიძემ.

ლევან ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროპული ტრადიციები ვერასოდეს დამკვიდრდება და არც კარგი ქართული ტრადიციები მიეცემა დავიწყებას:

"ევროპული ტრადიცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კულტურის ქონა და არჩევნების გაყალბების გარეშე ჩატარებაა. რაც უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენში დიდი ხანია არსებობს ევროპული ტრადიციები, ასე არაა და კიდევ დიდი ხანი არ იქნება. მათი ტრადიციაა სამოქალაქო საზოგადოების არსებობაც, რაც ასევე ძალიან შორსაა საქართველოსგან.

სამაგიეროდ, ჩვენც გვაქვს რამდენიმე კარგი ტრადიცია, რაც დასაკარგი ნამდვილად არაა. ძალიან მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა. ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისება არაა, მაგრამ კარგია, ჩვენთანაც რომ არსებობს. უამრავი ადამიანი საქართველოში სწორედ ჩვენი კარგი დამოკიდებულების გამო ჩამოდის. ძალიან ბევრი უცხოელი მეგობრისგან მსმენია, რომ ჩვენს ქვეყანაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ და უხარიათ ჩამოსვლა.

ჩვენ გვიყვარს მასპინძლობა და მნიშვნელობა არ აქვს, სადაური იქნება, ზედ ვყვებით ყველას. ეს ტრადიცია ძალიან მომწონს და ჩემი ოჯახიც დიდი სიამოვნებით აგრძელებს წინაპრებისგან გადმოცემულ ამ წესს", - ამბობს ლევან ბაქრაძე.

ქეთი თოდუა

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია