საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოიცემა

საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოიცემა

საკეისრო კვეთების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამეგრელოში ფიქსირდება და იგი საერთო მშობიარობის 56%-ს შეადგენს. ამის შესახებ დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მან სამშობიარო სახლებისა და პერინატალური სამსახურების ხელმძღვანელებს საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკა გააცნო. მისი თქმით, საკეისრო კვეთის თანაფარდობა საერთო მშობიარობის მაჩვენებლებთან შედარებით 38% შეადგენს და იგი სულ მცირე ორჯერ აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ზოგიერთ რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 50%-ზე მეტი საკეისრო კვეთა ფიქსირდება, სამეგრელოში - 56%, იმერეთი - 43%, შიდა ქართლი - 42%. ამასთან, არსებობს სამშობიარო სახლების ჩამონათვალი, სადაც ეს მაჩვენებელი 70%-საც კი აღემატება.

მინისტრის მოადგილის თქმით, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი როგორც დედის, ასევე ახალშობილის ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის და საერთაშორისო რეკომენდაციებთან მიმართებაში აღნიშნული მონაცემების შემცირება აუცილებელია.

ამასთან, შეხვედრაზე მეან-გინეკოლოგებს "საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი" გააცნეს. პროტოკოლი დაავადებათა კონტროლის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო ბერიძემ წარუდგინა. მისივე თქმით, ამ პროტოკოლით განსაზღვრულია, თუ რა სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში არის გასაკეთებელი საკეისრო კვეთა. საკეისრო კვეთის ეროვნული პრტოკოლი მეან-გენეკოლოგთა და პერინატალოგთა ასოციაციების მიერ მომზადდა. ნინო ბერიძემ აღნიშნა, რომ პროტოკოლი მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და შესასრულებლად სავალდებულო გახდება.

აღნიშნულ პროტოკოლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინსტრმა დავით სერგეენკომ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკეისრო კვეთის ახალი ეროვნული პროტოკოლი არ ნიშნავს, რომ სამშობიარო სახლებში საკეისრო კვეთა აიკრძალება. მისი თქმით, მშობიარეებს უნდა განემარტოთ იმ რისკების შესახებ, რაც საკეისრო კვეთას გააჩნია. ასევე, ფიზიოლოგიური გზით ბავშვის დაბადების უპირატესობის შესახებ მათ კონსულტაცია უნდა გაუწიონ. მინისტრის ცნობით, "საკეისრო კვეთების ეროვნული პროტოკოლი" სექტემბრის ბოლოდან შევა ძალაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია