ავღანეთში შეწყვეტილი სიცოცხლე და ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს

ავღანეთში შეწყვეტილი სიცოცხლე და ვალდებულება, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს

ისეთმა მცირერიცხოვანმა ერმა, როგორიც ჩვენ ვართ, ბოლო წლებში უომრად ბევრი ახალგაზრდა დავკარგეთ. მერე იყო 2008 წლის აგვისტო და მათ ბრძოლის ველზე დაცემული ვაჟკაცები შეემატნენ. ვლადიმერ შანავაც მონაწილეობდა ამ ომში და ცოცხალიც გადარჩა, მაგრამ წლების შემდეგ, სამშობლოდან შორს, სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა.

"...სულ იღიმოდა, ღიმილი მისი სავიზიტო ბარათი იყო. არასდროს ვითარებას არ ართულებდა. რაც უნდა მომხდარიყო, იუმორი იმწამსვე "მომარჯვებული" ჰქონდა. ძალზე მხიარული და ენამოსწრებული იყო. ისეთი ღიმილი ჰქონდა, ცუდ გუნებაზეც რომ ყოფილიყავი, კარგ ხასიათზე დაგაყენებდა..." - ასე იგონებს ავღანეთში დაღუპულ ვლადიმერ (ბაკა) შანავას უფროსი ძმა, ბაჩანა...

ახლობლები ბაკას ეძახდნენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, შირგაზის ბაზაზე მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა. თვითმკვლელმა კამიკაძემ, ბაკასთან ერთად კიდევ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის - უმცროსი სერჟანტის, ზვიად დავითაძისა და კაპრალის, ალექსანდრე კვიწინაძის სიცოცხლე იმსხვერპლა...

ბაკა IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდა. მიღებული აქვს მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რაიონში მდებარე სპორტულ დარბაზს კაპრალ ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა. ოჯახისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, წალენჯიხაში, ბაკასა და მისი თანამებრძოლების სახელზე ტაძარიც შენდება.

ბაჩანა შანავა:

-  ...დედა ვერ დაგელაპარაკებათ. როდესაც ბაკაზე საუბრობს, ტირილი მოერევა ხოლმე. ამიტომ ვცდილობთ, ამ თემაზე არ ველაპარაკოთ. არ გვიწყინოთ... ბაკას დაღუპვის შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა. სულ ტირის. რახან უფროსი შვილი ვარ, ვცდილობ, მხნედ ვიყო. ეს ჩემი მოვალეობაა ოჯახის წინაშე. ბაკა ჩემ შემდეგ დაიბადა. მესამე, უმცროსი ძმაც გვყავს - ბაჩუკი. ისიც თავდაცვის აკადემიაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, ჯერ 17 წლისაა...

-  როგორ შეიტყვეთ ძმის დაღუპვის ამბავი?

-  ავღანეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში უნდა გამოეცხადებინათ. ბაკას ავღანეთში ყოფნისას, ყველა საინფორმაციოს ვუყურებდით. 9-ს წუთები აკლდა, როდესაც ჩვენს ჭიშკარს რამდენიმე სამხედრო მოადგა. მერე გავიგე, რომ ჩამოსულებს შორის ყოფილა დასავლეთის მიმართულების სარდალიც. სამხედროების მანქანას "სასწრაფო" და რეანიმობილიც მოჰყვებოდა, რომელიც ჩვენი სახლისგან მოშორებით იდგა, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარება ადგილზე რომ აღმოეჩინათ... ჯერ ჩვენს ნათესავს უთხრეს თურმე... დღევანდელ დღესავით მახსოვს ის წუთები, როდესაც იმ კაცმა მამას დაუძახა. მამამ აივნიდან ქუჩაში მდგარი სამხედრო მანქანების კოლონას მოჰკრა თვალი და დაიგმინა, - მგონი, დავიღუპეთო... დედაჩემიც წამოხტა, - რა ხდებაო?.. მივხვდით, რომ ბაკა დაჭრილი კი არა, დაღუპული იყო... კიდევ ვერ ვაცნობირებ ბოლომდე, რომ ცხოვრება მის გარეშე უნდა გაგრძელდეს... ბაკა ჩვენს ოჯახში ყველაზე მხიარული ადამიანი იყო. სულ იღიმოდა, ეს მის ფოტოებშიც ჩანს... ძალიან ცოცხალი და ხალისიანი იყო. გამუდმებით ხუმრობდა. მის გარეშე სახლი დადუმებულია. დედას იმ ტახტზე სძინავს, რომელზეც ჩემი ძმა ესვენა... რადგან დედა ასე ცუდად არის, მამა ცდილობს, დარდი არ შეიმჩნიოს. თუმცა ვხვდები, მის გულში რაც ტრიალებს. დაიფიცა - სანამ ავღანეთში დარჩენილი ბიჭები, ჩემი ძმის სამეგობრო, საქართველოში მშვიდობით არ დაბრუნდება, წვერს არ გაიპარსავს. იმ ნაწილის ბიჭები, რომელშიც ბაკა მსახურობდა, 18-დან 25 ოქტომბრამდე უნდა დაბრუნდნენ. ამ დღეს მთელი ოჯახი ველოდებით. პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ეს ერთდროულად, მძიმეც არის და სასიხარულოც: ისინი ჩამოვლენ (ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ყველა!) და იმ გუნდს, ბაკას სამეგობროს ის არ ჩამოჰყვება... და მაინც მოუთმენლად ველოდებით ყველანი, რადგან ბაკა იმ ბიჭებთან ერთად ცხოვრობდა, ერთმანეთს ყველაფერს უზიარებდნენ.

-  რამდენი წელი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში?

-  შვიდი წელი. ეს მისი საყვარელი საქმე იყო, სადაც ბოლომდე იხარჯებოდა... ოჯახი არ ჰყავდა. ავღანეთში წასვლამდე გვითხრა, - როცა დავბრუნდები, ოჯახს შევქმნიო. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვისზე ფიქრობდა, ვინ უყვარდა. მისი მეგობრებისგანაც არ გამიგონია, ვინმეზე ყოფილიყო შეყვარებული... ორი თემა იყო, რაზეც არასდროს ლაპარაკობდა, - სამსახური და პირადი ცხოვრება. არ მახსოვს, სადმე სამხედრო მოქმედებების დროს გადაღებული ფოტოები ან ვიდეო მოეტანა სახლში, თუმცა ვიცოდი, რომ საკმაოდ კარგი ფოტო და ვიდეომასალები ჰქონდა შენახული. ზოგი სურათი თავად ვიპოვე, ზოგიც მეგობრებისგან მოვიპოვეთ. მე და ჩვენს უმცროს ძმას სულ გვაფრთხილებდა, - ჩემი ფოტო ინტერნეტში არსად დადოთო. როგორც სამხედრო პირი, არც ერთ სოციალურ ქსელში არ იყო დაფიქსირებული. ამის უფლება არ ჰქონდა. სამხედრო მოსამსახურის წესებისთვის კი არასდროს გადაუხვევია, მხოლოდ იმას გვიყვებოდა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა.

-  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მოუხდა მონაწილეობა, არა?

-  დიახ, მაშინ პირველ კონტრაქტზე იყო... 2008 წლის 7 აგვისტოს შვებულებაში გავიდა, ძმაკაცთან ერთად ქობულეთში იყო წასული და რვაში ღამით დაურეკეს. იმ ღამეს ვერ წავიდა, რადგან გზები გადაკეტილი იყო. ძალიან ნერვიულობდა, როგორმე ნაწილში უნდა დავბრუნდეო... მამამ სენაკის სამხედრო ბაზამდე ჩაიყვანა. იქ სამხედრო პიკაპი გაუჩერებია და ვიღაც ოფიცრისთვის უთხოვია, ნაწილში დაბრუნებაში დამეხმარეო... იმავე ღამეს დაგვირეკა და გვითხრა, - რიკოთის უღელტეხილზე ჩვენი ბიძაშვილის კოლონას (ის ქუთაისის მესამე ბრიგადაში მსახურობდა) მივუსწარი და თბილისში გავყევიო. ამით მიგვანიშნა, ბრძოლა არ მიწევს და არ ინერვიულოთო... როდესაც ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბეს, ჩემები გადაირივნენ, რადგან ბაკა ნაწილში გვეგულებოდა. თურმე მოგვატყუა. მერე მისმა თანამებრძოლმა მიამბო, კოლონის ბოლო მანქანას სასწაულებრივად მოუსწრო, გზაში იკრავდა "ბათინკებს" და სამხედრო ფორმასაც გზადაგზა იცვამდაო... მისგანვე გავიგეთ, რომ ცხინვალშიც მოუწია ბრძოლამ და ნიქოზშიც... ბიჭებმა თქვეს, პარტიზანული ჯგუფის შექმნას აპირებდნენ, რომელსაც ბაკა ხელმძღვანელობდა; კასპში ერთ-ერთი რუსული ნაწილი იყო გაჩერებული და მასზე თავდასხმას გეგმავდნენო. შემდეგ კი სასწრაფოდ უკან დახევის ბრძანება მოსვლიათ...

-  ავღანეთში წასვლა რატომ გადაწყვიტა?

-  ავღანეთში მეორედ იყო. პირველად 2012 წელს წავიდა. მაშინ, ჰილმენდის პროვინციაში პატრულირებისას, მასთან ერთად მყოფი ბიჭები ნაღმზე აფეთქდნენ და დაიღუპნენ. იქიდან რომ დაბრუნდა, თქვა: - მორჩა, ავღანეთში მეტჯერ აღარ წავალო... მაინც წავიდა. სამეგობროში ექვსი ბიჭი იყო, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ყველამ ერთდროულად გადაწყვიტა წასვლა. ბაკამაც თქვა, - რადგან ჩემები მიდიან, მეც უნდა წავიდეო და წავიდა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როდესაც წვრთნებზე გერმანიაში წავიდა... დედამ შეიცხადა, - ხომ შეგვპირდი, მეტჯერ აღარ წავალო!.. ბაკა სიტუაციას არასდროს ართულებდა და მაშინაც ღიმილით უპასუხა დედას, - კარგი, რა, დე, თუ რამე მიწერია, არც აქ ამცდებაო...

-  ალბათ ბოლო საუბარიც გახსოვთ...

-  როგორ არა... პირველი მისიის დროს ვერ გვიკავშირდებოდა, რადგან კომპიუტერი არ გვქონდა. ბაკა თვეში სამჯერ-ოთხჯერ მობილურით რეკავდა. მეორედ რომ წავიდა, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს გვიკავშირდებოდა "სკაიპით" და ოჯახის წევრებს სათითაოდ გვესაუბრებოდა... ბოლოს, ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ბაბუა განსაკუთრებით უყვარდა და მის მდგომარეობას სულ კითხულობდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მათ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბაკას თვალზე ცრემლი არასდროს მინახავს და ავღანეთში წასვლის წინ, როდესაც ბაბუას ემშვიდობებოდა, თვალები აუცრემლდა და გვთხოვა, - როგორმე ცოცხალი დამახვედრეთ, მეტი არაფერი მინდაო... ბაკას დაღუპვიდან 20 დღეში, ბაბუა დარდისგან გარდაიცვალა... ბოლო საუბრისას, ოჯახის წევრების შემდეგ, მეზობლებიც მოიკითხა. გავეხუმრე, - რა იყო, ბიჭო, ხომ არ კვდები, რა ყველას ამბავს კითხულობ-მეთქი? - ხუმრობითვე მომიგო, - რა იცი, რა ხდებაო... არ ვიცი, წინათგრძნობა იყო თუ რა, მაგრამ "სკაიპში" თავის გვერდზე ატვირთული ჰქონდა ფოტო - საფლავზე დაჩოქილი გოგონა, რომელსაც თავზე ჯარისკაცის ლანდი ადგას... არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი მითქვამს, ვერ ვაკადრე... 13 მაისს გამთენიისას, ტელეფონი რომ ჩავრთე, მისი "სკაიპიდან" დანარეკი ვნახე და გული დამწყდა. რატომღაც არ მიფიქრია, კიდევ დარეკავს-მეთქი. მაშინ მასთან ერთად ორი ბიჭი დაიჭრა მძიმედ, - ერთი კარგა ხანს აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ მადლობა

ღმერთს, გადარჩა, მეორეს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და დღემდე პრობლემა აქვს. მათგან ვიცი, რომ იმ დღეს აფორიაქებული იყო. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ბიჭებს მოსვენებას არ აძლევდა თურმე, ეუბნებოდა, - წავიდეთო.

-  სად ყოფილან?

-  ბაზაზე იყვნენ, მაგრამ განაპირას, ტერიტორიის სიღრმისკენ ნდომებია შესვლა... ერთი ბიჭი სამხედრო კარავთან მისულა და კართან იყო, როდესაც აფეთქება მოხდა. კარვის კედლიდან 70 მეტრში მყოფმა კამიკაძემ თავი აიფეთქა... ის ბიჭი, რომელიც კართან იდგა, გადარჩა, მეორე კი, რომელიც უშუალოდ კედელთან იდგა, ნაფლეთებად იქცა. ბაკა აფეთქებით გამოწვეულმა წნევამ იმსხვერპლა - ფილტვები გაუსკდა. ექსპერტებმა გვითხრეს, ფილტვები რომ არ დახეთქოდა, სასიკვდილო დაჟეჟილობა არ ჰქონდაო. სახეზეც ეტყობოდა ლაქები... ასეთ ცხელ წერტილში იყო და არ მახსოვს, უგუნებო ან დაძაბული ყოფილიყო. კარგად ვიცნობდი ჩემს ძმას და ეს არ გამომეპარებოდა. ერთხელ "სკაიპით" საუბრისას ვკითხე, - რა ხდება მანდ, ბაკა, მშვიდობაა-მეთქი? - უცებ დაუძახეს და ყურსასმენის მოხსნამ მოუწია, მაგრამ მიკროფონი დაავიწყდა და თავისთვის ჩაილაპარაკა, - აქ მშვიდობას რა უნდაო?!.

-  ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სექტორში დაიწყეთ მუშაობა...

-  დიახ, ამაზე თავდაცვის სამინისტრომ იზრუნა... საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, როგორც კონკრეტულად ამ უწყებისგან, ისე ზოგადად სახელმწიფოსგან. ეს ეხება როგორც სოციალურ, ისე მორალურ მხარეს. კვირა არ გავა, ვინმემ არ დაგვირეკოს და არ მოგვიკითხოს, როგორც თავდაცვის სამინისტროდან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობიდან. როდესაც დედ-მამა შვილს კარგავს, მისთვის ყურადღება ძალიან ბევრ ნიშნავს. მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, თუ ასეთი დამოკიდებულება იქნებოდა.

-  ბაჩანა, მიჭირს ამ კითხვის დასმა, მაგრამ ეს საზოგადოებას აინტერესებს: სახელმწიფომ დაღუპული სამხედრო მოსამსახურის მატერიალურ კომპენსაცია 15-დან 100 ათას ლარამდე გაზარდა. მიიღო თქვენმა ოჯახმა ეს კომპენსაცია თუ დაპირება დაპირებად დარჩა?

-  მეც მიმძიმს ამ თემაზე საუბარი... სახელმწიფომ მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა - კონკრეტულად ჩვენს ოჯახს დაპირებულზე მეტიც გაუკეთეს. საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის. ყველანაირ მატერიალურ სიკეთეზე მეტს ნიშნავს ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ოჯახი გრძნობს... ჩვენთვის ბაკას სიცოცხლის კომპენსაცია არ არსებობს, მაგრამ ის, რომ ვახსოვართ და ჩემს მშობლებს ყურადღებას არ აკლებენ, ბევრს ნიშნავს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე