ლაშა ჩხარტიშვილი: "შვილი მაშინ შემეძინა, როდესაც ციხეში ვიჯექი"

ლაშა ჩხარტიშვილი: "შვილი მაშინ შემეძინა, როდესაც ციხეში ვიჯექი"

"თავდაპირველი პროფესიით ბიოლოგი ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული სამაგისტრო განათლებით კი - ეკოლოგი, ასევე უმაღლესი განათლება ვეტერინარული მედიცინის სპეციალობითაც მაქვს მიღებული", - აღნიშნავს უფლებადამცველი და გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა აქციის მონაწილე ან ორგანიზატორია...

- ლაშა, მოგვიყევით თქვენზე...

- 10 წელი, მე-3 კურსიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, სადაც მეცნიერ-თანამშრომელი გახლდით. ვარ 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე, ეროვნული, ასევე საუნივერსიტეტო კონფერენცია-კონკურსის და დებატების კონკურსის გამარჯვებული, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამეცნიერო კვლევითი სტიპენდიის მფლობელი.

- ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ უფლებადამცველი ყოფილიყავით? ნებისმიერი ჯგუფის საპროტესტო აქცია, პრაქტიკულად, თქვენ გარეშე არასოდეს მიმდინარეობს...

- ჩემ მიერ როგორც პროფესიის არჩევა, ასევე საზოგადოებრივი, საჯარო საქმიანობის დაწყება, ბუნების და ყველა ცოცხალი არსების სიყვარულით იყო განპირობებული. ბავშვობაში ვცდილობდი, უსახლკარო ცხოველებს, ძაღლებსა და კატებს დავხმარებოდი, სახლში მიმეყვანა და გამომეკვება. შემდეგ გადავწყვიტე, საქმიანობის სფეროდ შესაბამისი პროფესიები, - ბიოლოგია, ეკოლოგია, ზოოლოგია, ვეტერინარია ამერჩია. ასეევე გავმხდარიყავი ვეგეტარიანელი ანუ ეთიკური მოსაზრებების გამო ხორცის საკვებად გამოყენებაზე უარი მეთქვა, თუმცა, მრწამსით მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ.

ასე რომ, ბუნებრივია, საჯარო საქმიანობა გარემოს დაცვით სფეროთი დავიწყე, ჯერ კიდევ მე-2 კურსზე სწავლისას, 1998 წელს, ჩამოვაყალიბე გარემოსა და ცხოველთა უფლებების დამცველი კავშირი "ლობო". მისი საქმიანობა საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა...

ვინაიდან ბავშვობიდან ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო უსამართლობა და ამასთანავე, ყოველთვის ვცდილობდი, დავხმარებოდი ადამიანებს, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას, ადმინისტრაციის მხრიდან, არაერთგზის სტუდენტთა უფლებების შელახვის ფაქტებს შევეჯახე, რის წინააღმდეგაც მორალურად არ შემეძლო, არ გამელაშქრა. ასე დაიწყო ჩემი ჯერ არაფორმალური უფლებადაცვითი საქმიანობა, რასაც შედეგად სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა მოჰყვა. იმის მერე აქტიურად ვიბრძოდი სტუდენტთა უფლებებისთვის, ასევე კორუფციისა და სხვა დანაშაუალებათა წინააღმდეგ. სწორედ ადამიანის უფლებების უხეში შელახვა და გარემოსდაცვითი პრინციპების უგულველყოფა გახლდათ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც, მწვავედ დავუპირისპირდი, როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის რეჟიმებს.

- 2005 წელს როგორც მახსოვს, ტელეკომპანია "202"-ის ეთერში დებატებსაც უძღვებოდით...

- როდესაც ტელეკომპანია "202"-ის დახურვის მიზნით, სააკაშვილის რეჟიმმა ამ ტელეკომპანიაზე პირდაპირი შეტევა მიიტანა, მაშინ მის გადასარჩენად, მე იმ დროისთვის თითქმის ერთადერთი დამოუკიდებელი სატელვიზიო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს "დებატები 202-ზე" წამყვანი გავხდი და 4 თვის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში, 50-მდე ძალიან მწვავე გადაცემა წავიყვანე... 2006 წელს კი თანამოაზრეებთან - ირაკლი კაკაბაძესთან, ზურაბ რთველიაშვილთან და ზვიად ბოკუჩავასთან ერთად, დავაფუძნე იმ დროისათვის ალბათ ყველაზე აქტიური უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია - "თანასწორობის ინსტიტუტი", რომელიც წლების განმავლობაში, ყველაზე გაბედულად და პრინციპულად ილაშქრებდა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა, უპირველეს ყოვლისა კი "სიკვდილის ბრიგადების" საქმიანობის წინააღმდეგ, რომელთაც შეეწირა ბუტა რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძისა და კიდევ ასობით ადამიანის სიცოცხლე... 2007 წლის 7 ნოემბერს და პრაქტიკულად, 2001 წლიდან მოყოლებული, აქციას არ ჩაუვლია ჩემი აქტიური მონაწილეობის, ძირითად ორგანიზატორობის ან თანაორგანიზატორობის გარეშე, რაც როგორც წესი, დარბევით სრულდებოდა.

2012 წელს კონსერვატიული პარტიის კოალიცია "ქართული ოცნებაში" გაწევრიანების შემდეგ, კოალიციის ლიდრების თხოვნით, "ქართული ოცნების" გარემოს დაცვის თემატური, საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი გავხდი. მოვამზადე კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის "გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის" თავი, რომლის მრავალ დაპირებასაც სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უხეშად არღვევენ აღნიშნული პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები და მისი ლიდერი ბატონი ივანიშვილი, მაგალითად, მათ არათუ არ აკრძალეს დიდი ჰესების მშენებლობა, არამედ ახალი მემორანდუმი გააფორმეს ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე და მისი მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე უაპელაციო განცხადებებსაც კი აკეთებენ. არსად ჩანს სამართლიანობის აღდგენის ნიშანკვალიც კი და არც სხვა დაპირებათა უმრავლესობა სრულდება. საარჩევნო დაპირებების დარღვევის, ასევე შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობის გამო, 2013 წლის დასაწყისში დავტოვე, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ასევე კოალიცია "ქართული ოცნება".

ამასთანავე გასულ წლებში რამდენიმე ტელეარხზე "ობიექტივი", "თრიალეთი" და "კვირიკე" მიმყავდა გარემოსდაცვითი, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხებისადმი მიძღვნილი, ასევე საგანმანათლებლო მიმართულების თოქ-შოუები. "ობიექტივზე" ჩვენი, დღეისათვის საქართველოში ერთადერთი, გარემოსდაცვითი გადაცემა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აშკარად პოლიტიკური მოტივებით, განსაკუთრებით კი დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული მწვავე და პრინციპული გადაცემებისთვის დაგვიხურეს მე და ჩემ თანაწამყვან ია სირანაშვილს.

- კმაყოფილი ხართ ამ თქვენი საქმიანობით? არ გღლით მუდმივად ამდენი უარყოფითი, ნეგატიური ინფორმაციების მიღება?

- ვცდილობ, ყოველთვის იქ ვიყო, სადაც ადამიანებს უჭირთ და ჩემი დახმარება სჭირდებათ, ან ბუნებას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. 10-ჯერ ვიყავი უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, 3 სერიოზული ფიზიკური ტრავმა მაქვს მიღებული, რამდენჯერ ვარ დარბეული, უკვე სათვალავიც ამერია... მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ჩემი, მეცნიერ-თანამშრომლის შტატი საერთოდ გააუქმეს, შვილი მაშინ შემეძინა, როცა ციხეში ვიჯექი, იყო უამრავი მუქარა და მოსყიდვის მცდელობა და სხვა მრავალი "სიამე"... ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეობას მთავაზობდნენ... მაგრამ ვერავინ შემაშინა და მიყიდა.

- ამ ყველაფრის კომპენსაცია რა არის?

- ამ ყველაფრის კომპენსაცია მხოლოდ ხალხის, ადამიანების დიდი სიყვარული და პატივისცემაა, რაც ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია და ძალიან საამაყო! ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან და სინდისთან მართალი ვარ.…

- ბოლო დროს საგრძნობლად შეიცვალეთ გარეგნულად, - წონაში დაიკელით. ეს თქვენი ცხოვრების სტილმა გამოიწვია თუ დიეტის დაცვა მოგიხდათ?

- ჩემი ცხოვრების და ასე ვთქვათ, სამუშაო გრაფიკის გამო (სულ გადარბენაზე ვარ, არათუ ნორმალურად სასადილოდ, არამედ თავის მოსაფხანადაც არ მრჩება დრო)... ერთი პერიოდი ძალიან გავსუქდი, რადგან დღეში ერთხელ თუ ვიცლიდი საკვების მისაღებად და ისიც ღამით, სახლში მისვლის შემდგომ.... ძალიან არ მომეწონა საკუთარი გარეგნობა და 2012 წლის დასაწყისში საკუთარი მეთოდით, დიეტა დავიწყე, შედეგად სამ თვეში 37 კილოგრამი დავიკელი...

- მოგწონთ საკუთარი თავი ასეთ ფორმაში?

- ბუნებრივია ასეთ ფორმაში უფრო მომწონს, ვიდრე მაშინ, გასუქებული რომ ვიყავი. თან ფიზიკურად უფრო მსუბუქად და ძლიერად ვგრძნობ თავს.

- ადვილია ახალგაზრდა კაცისთვის ასეთი სტრესული ცხოვრებით ცხოვრება, რომელიც ახალგაზრდა ოჯახის პატრონია?

- უკვე არც ისე ახალგაზრდაა ჩვენი ოჯახი. მალე ჩვენი ქორწინების 14 წლის იუბილე უნდა აღვნიშნოთ. ასეთი სტრესული გარემო, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული და დამღლელია, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. ბავშვობიდან ვერ ვიტან უსამართლობას და საოცრად მიყვარს ჩემი სამშობლო, ასევე ბუნება, ასე რომ, ყოველთვის მზად ვიყავი და ვიქნები უკანონო პატიმრობებიც, საკმაოდ მძიმე ფიზიკური ტრავმებიც, ნერვიულობაც ავიტანო და პრინციპებისთვის თავიც კი გავწირო!

- მეუღლე ამ ყველაფერს "გაგებით ეკიდება?"

- ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ ჩემს მეუღლეს - მანჩოს (მანანა გედევანიშვილი) მინდა, "ჯომოლუნგმაზე" დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი და ჩემი ექსტრემალურად რთული საქმიანობის გმირულად გაძლებისათვის სხვა თუ არაფერი, მეორე შვილი, ჩვენი საყვარელი ქეთუთა ერთი კვირით ადრე იმიტომ დაიბადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მეცხრედ ვიყავი უკანონოდ დაპატიმრებული! ქეთუთა რომ დაიბადა, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიხდიდი მორიგ პოლიტიკურ პატიმრობას, საბოლოოდ უკანონო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, მე ციხიდან, ხოლო მანჩო და პატარა - სამშობიაროდან ერთ დღეს გამოვედით... ეს პატიმრობები რომ ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით ხორციელდებოდა, ეს მოქალაქეებსაც ემახსოვრებათ ვიდეოკადრებიდან და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც დაადასტურა თავისი 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ასეთ სიმბოლურ თარიღს გამოიტანა.

- შვილებისთვის თუ იცლით და როგორი მამა და მეუღლე ხართ?

- ადრე საკმაოდ მოუცლელი მამა ვიყავი... ბოლო დროს უფრო ვახერხებ ოჯახთან, დუდუსთან და ქეთუთასთან დროის გატარებას და თამაშს, რაც ძალიან მახარებს... მეუღლე კი ყველაზე საუკეთესო მყავს დედამიწაზე და მე ის საოცრად მიყვარს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია