ელენე ფოჩხუა - "გიორგიმ ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა"

ელენე ფოჩხუა - "გიორგიმ ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა"

ერთი წლის წინ გარდაცვლილი მსახიობისა და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ოჯახი საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ სამართალდამცველებისთვის ახალი მასალების გადაცემას და გამოძიების განახლებას აპირებს. მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით მსახიობის და, მომღერალი ელენე ფოჩხუა ჟურნალ "რეიტინგს" ესაუბრა.

"ამ ეტაპზე არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მასალა დავაგროვეთ. არჩევნების წინ აზრი არ აქვს, ვინმეს მივმართოთ. ახლა იმდენი გადადებული საქმეა, კიდევ ახალი რამის გამოძიება, ალბათ, ვერ დაიწყება. მირჩევნია, ყველაფერმა ჩაიაროს და მერე მივიტან ჩვენს მოძიებულ მასალებს პოლიციაში და არ არსებობს, მათ საფუძველზე გამოძიება თავიდან არ ჩატარდეს. ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ კი გვეჩქარება, მაგრამ უფალს არ ეჩქარება. ყველა ნელ-ნელა მიიღებს პასუხს. ამაში დარწმუნებული ვარ", - აცხადებს მომღერალი.

ელენე ფოჩხუა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი შეესწრო და ფოტოაპარატით გადაიღო პრეზიდენტის ანაკლიაში გართობის კადრები. მომღერლის განცხადებით, მან და მისმა ოჯახმა ზუსტად იცის, თუ რა ნახა გიორგი ფოჩხუამ, თუმცა გამოძიების განახლებამდე ამის შესახებ ხმამაღლა საუბარზე უარს ამბობენ.

"ეს ცრუ ინფორმაციაა. თავიდან ჩვენც დავიჯერეთ და ვფიქრობდით, რომ ასე იყო. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა. მან ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა. ოღონდ იმ დღეს არა, რა დღესაც მოკლეს. ის თითქმის ყოველდღე დადიოდა ანაკლიაში. ეს არის ზუგდიდში "შნირი" პოლიციელების შეთითხნილი საქმე", - აღნიშნა მომღერალმა.

ელენემ ჟურნალთან საუბარში ის ფაქტიც გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ ზუგდიდის პოლიციის მადლობელი იყო, თუმცა დღეს უკვე აცხადებს, რომ მაშინ პოლიციამ ვითარებით ისარგებლა და გარდაცვლილის ოჯახის მოტყუება შეძლო.

"მადლობელი იმიტომ ვიყავი, რომ მკვლელი მეორე დღესვე დაიჭირეს. როცა მიცვალებული სახლში გისვენია, საერთოდ ამ ქვეყნის აზრზე არ ხარ, ადვილია, რომ "დაგაბოლონ" და ჩვენ მთელი ოჯახი "დაგვაბოლეს". ჩვენს ოჯახს პოლიციასთან შეხება არასდროს ჰქონია. როცა არაფერი იცი, ძალიან ადვილად გაშტერებენ. ვიფიქრეთ, ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდით და დავიჯერეთ, რომ მკვლელი გალში იყო გადასული და გალიდან გადმოიყვანეს. გამოვიდა მკვლელის დედა და თქვა, ჩემი შვილი პოლიციას ჩავაბარეო.

თუკი ძალიან კარგი დედა იყო, რატომ იმ ღამესვე არ ჩააბარა შვილი, როცა მკვლელობა მოხდა. ახლა ვიცით, რომ მკვლელი არსად არ იყო გადასული. ზუგდიდში ჰყავდათ. როგორც კი გიორგის ძმაკაცმა ფოტოზე იცნო, მისი დამალვა აღარ შეეძლოთ. მკვლელს უთხრეს, დაგიჭერთ და თან გიპატრონებთო. უპატრონეს კიდეც. ადვოკატიც აუყვანეს. ყველანაირი მფარველობა ჰქონდა. ჩვენ კი თავიდან პოლიციის ზღაპრები დავიჯერეთ", - განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

26 წლის მსახიობისა და რეჟისორის, გიორგი ფოჩხუას ცხედარი 2012 წლის 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, სასტუმრო "ოქროს საწმისის“ ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები სახისა და ყელის არეში, ასევე არ აღმოაჩნდა კუთვნილი ნივთები, ფოტოაპარატი, ძვირფასეულობა და მობილური ტელეფონი. სამართალდამცველებმა გიორგი ფოჩხუას კუთვნილი ფოტოაპარატი მკვლელს, ბექა ცობეხიას მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ის პოლიციას ჩაბარდა. 1992 წელს დაბადებულმა ბექა ცობეხიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება დასახელდა. ცობეხია ზუგდიდის კაფე-რესტორან "როიალ პალასის" დაცვის თანამშრომელი იყო. ის გიორგი ფოჩხუას გაუჩინარების დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა. ცობეხიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

იხილეთ ბმული