როგორ ახსენდებათ ცნობილებს სკოლაში წასვლის პირველი დღე

როგორ ახსენდებათ ცნობილებს სკოლაში წასვლის პირველი დღე

პირველი დღე სკოლაში - ეს ცხოვრების ერთ-ერთი ახალი ეტაპია და შესაბამისად, დასამახსოვრებელიც. მიუხედავად ამისა, ამ დღის გახსენება ბევრ ქართველ ცნობილ ადამიანს გაუჭირდა, რამდენიმე მათგანი კი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე...

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

- ეს იყო დაახლოებით, 20 წლის წინ. მახსოვს, დედამ ძალიან ლამაზად "გამომაწყო", მაგრამ მე განსაკუთრებულად ჩანთა მომწონდა; ვამაყობდი და მიხაროდა, მისი ტარების უფლება რომ მომეცა. ჩანთას მანქანები ეხატა... მეტად სასიამოვნო იყო ტანსაცმლისა და ჩანთის შერჩევისა და ყიდვის პროცესი - მაღაზიაში მე, დედა და მამა წავედით, ყველაფერი ერთად ავარჩიეთ. სკოლასთან შეგუება ჩემთვის ადვილი აღმოჩნდა, პროტესტი საერთოდ არ გამომითქვამს. ყველაფერი კარგად აეწყო: მომეწონა საკლასო ოთახი, გვერდით დამისვეს ძალიან ლამაზი გოგონა, აღვფრთოვანდი ჩემი პირველი პედაგოგით, ლამზირა ტუღუშით... მაშინ მეგონა, უკვე ძალიან დიდი ვიყავი და ბევრი რამის უფლებაც მქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე - უფლებები დიდად არ გამზრდია (იცინის). "ხუთოსანი" ვიყავი. ვიცოდი, თუ არ ვისწავლიდი, სიმღერაზე არ წამიყვანდნენ და ყველაფერს, რაც მაინტერესებდა, ჩამომაშორებდნენ. ჰოდა, მეცადინეობა დიდად არ მეხალისებოდა, მაგრამ მაინც ვსწავლობდი. წესად მექცა: როგორც კი შინ მივიდოდი, წიგნებს, რვეულებს გადავშლიდი და მეცადინეობას ვიწყებდი, მერე კი გაკვეთილებს დედას ვაბარებდი (იცინის)... მოკლედ, სკოლა ფრიადებზე დავამთავრე და ამის დამადასტურებელი სიგელიც გადმომცეს. ისე, თუ რამე გასაფუჭებელი იყო, პირველი მე ვაფუჭებდი; კარგი მოსწავლე კი ვიყავი, მაგრამ "შატალოზე" სიარულიც მიყვარდა. სკოლიდან გაპარულები ძირითადად, ხინკლის საჭმელად მივდიოდით...

მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:

- სიმართლე გითხრათ, ჩემი დის პირველი სასწავლო დღე ბევრად უფრო ნათლად მახსოვს, ვიდრე ჩემი. ის ჩემზე ერთი წლით უფროსია და როცა პირველად სკოლაში წაიყვანეს, ძალიან განვიცადე. კარგად სწავლობდა და მეც იმდენად მინდოდა სწავლა, მასთან ერთად სკოლაში სიარული, რომ "ჩუმად" მივდიოდი და იქვე "ვიმალებოდი". მასწავლებელიც ვითომ, ვერ მამჩნევდა...

პირველ კლასებში რაღაცებს ვერ ვიმახსოვრებდი და ამას ძალიან განვიცდიდი; იმდენად "ჟილკიანი" ვიყავი, რომ მაქსიმუმს ვაკეთებდი, თავს არ ვზოგავდი და საბოლოოდ მაინც, ყველაფრის ათვისებას ვახერხებდი. ამ მონდომების წყალობით მეც "ხუთოსანი" ვიყავი და სიგელიც მომცეს.

ეთერ კაკულია, მომღერალი:

- პირველად სკოლაში რომ წამიყვანეს, თავზე 4 "ბანტი" მეკეთა. რატომღაც, ასე მიკეთებდა დედა თმას: - ორი კიკინა უკან, ორიც - ზემოთ (იცინის). მაშინ ყველაფერი მოსკოვიდან ჩამოჰქონდათ. ჰოდა, მეც სპეციალურად ამ დღისთვის, რუსეთიდან ჩამოტანილი ლაკის ფეხსაცმელი და ზოლებიანი გეტრები მეცვა... მაშინ ფალიაშვილის ქუჩაზე, #102-ში ვცხოვრობდი და ამიტომაც მინდა, 102 წელი ვიცოცხლო. ეს რიცხვი ძალიან მიყვარს... სკოლისაკენ მიმავალ გზაზე უამრავი ბავშვი, მშობლებთან ერთად, "დარაზმული" მივდიოდით. თავიდანვე მხიარული ვიყავი. მაშინ მოდაში რუსულ სკოლაში სიარული გახლდათ და მეც ასეთ სასწავლებელში მიმიყვანეს. 3 წელი ვიარე, მაგრამ მაინც, ვერაფრით შევეგუე იქაურობას და 55-ე სკოლაში გადამიყვანეს. არაჩვეულებრივი სასკოლო ფორმები გვქონდა, თეთრი წინსაფარი და ყავისფერი "პლისე" კაბა. ახლა რომ პომადებითა და საყურეებით, გადაპრანჭულ მოსწავლეებს ვხვდებით ქუჩაში, ვფიქრობ, ეს არ არის კარგი. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ მოსწავლეა...

ვფიქრობ, პირველ სექტემბერს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მჯერა, რომ ეს თარიღი ისევ დაწესდება სკოლის დაწყების პირველ დღედ. აბა, რა საჭიროა ამდენი დასვენება?!

ნიკა ქავთარაძე, შოუმენი:

- მახსოვს, სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებული დღესასწაულივით ველოდი. მინდოდა, ახალი მეგობრები შემეძინა, სხვებივით მეც მესწავლა... პირველ დღეს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შეფუთული კოლოფი უნდა გამეხსნა, რომელშიც რაღაც ძალიან ძვირფასი საჩუქარი იდო...

- და ეს მოლოდინი გამართლდა?

- ეს მოლოდინი პირველი სექტემბრის შთაბეჭდილებების მიხედვით ნამდვილად გამართლდა, სხვა დღეების მიხედვით კი, აბა, რა გითხრათ...

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ოჯახთან ერთად, სკოლის დაწყებისთვის დიდხანს ვემზადებოდი, განსაკუთრებულად ამაღლებული განწყობა მქონდა. მაშინ მოსწავლეებს ფორმა ეცვათ. თავიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. თბილისში, რუსული სკოლა დავამთავრე... მიხარია, რომ ჩემი შვილიც ბეჯითი, კარგი მოსწავლეა. სწორედ ახლა, სასკოლო სამზადისში ვართ. ნატალია უკვე მეშვიდე კლასში გადავიდა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება