დასეტყვილი ვენახი და კმაყოფილი კახელები

დასეტყვილი ვენახი და კმაყოფილი კახელები

შემოდგომა დადგა და მოსავლის აღებისა და დაბინავების დროც მოვიდა. მოგეხსენებათ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ახლა რთვლის პერიოდია. ამ მხრივ დიდი შრომა და ფუსფუსი განსაკუთრებით კახეთშია. მთავრობის წარმომადგენლები გლეხებს დაჰპირდნენ, რომ ქარხნები ყურძენს ერთ ლარზე ნაკლებ ფასად არ ჩაიბარებდნენ. ქარხნები მოსავალს ნამდვილად იბარებენ, თუმცა კახეთის ზოგიერთ რაიონში გლეხები ქარხნებთან არსებული რიგის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. გადავწყვიტე, ჩემს ნაცნობ კახელებს დავკავშირებოდი და გამეგო, როგორ დააბინავეს მოსავალი...

ეკა ხალათაშვილი, სოფელ ველისციხის მკვიდრი:

-  აქამდე საკუთარი ვენახი არ მქონია, მხოლოდ ორი კვირის წინ შევიძინე. შესაბამისად, ის ყურძენი, რომელიც დავკრიფე, ჩემი მოვლილი და მოყვანილი არ არის. მე მხოლოდ დავკრიფე. სხვათა შორის, არც ისე ცოტა მოსავალი მივიღე, ტონაზე მეტი გამოვიდა. სამომავლოდ, ვენახს თავად მოვუვლი, შევწამლავ და უკეთესი მოსავალი მექნება.

-  რომელიმე ქარხანაში თუ ჩააბარე?

-  არა. ქარხანაში ჩასაბარებლად, ნამდვილად ცოტა მოსავალი მქონდა. სულ დავწურე. ღვინო გვექნება, არაყი და ბადაგი. ღვინოსა და არაყს გავყიდი, ბადაგში კი ჩურჩხელებს ამოვავლებ და საახალწლოდ იმასაც გავყიდი. მოკლედ, ამ ვენახისა და მოსავლის საშუალებით, პატარა ბიზნესს მაინც ვაწარმოებ. ჩემს მშობლებს ჯერ არ დაუკრეფიათ ყურძენი. თუ მთავრობა დანაპირებს შეასრულებს და მოსავალს მაღალ ფასში ჩაიბარებს, სავარაუდოდ, ჩემებიც ქარხანაში ჩააბარებენ. თუ არა და, არც ეს არის პრობლემა, რადგან მათ საკუთარი სამარშრუტო ტაქსი ჰყავთ და ისე, ბაზარზე გაყიდიან.

-  საერთო ჯამში, ველისციხეში ყურძნის როგორი მოსავალი მიიღეთ?

-  ნორმალური. ნასეტყვის კვალობაზე, არა უშავდა.

გივი ჯანიაშვილი, სოფელ კალაურის მკვიდრი:

-  ჩემი ვენახის ნაწილი, სადაც საფერავი მაქვს დარგული, უკვე დავკრიფე და 6 ტონა მოსავალი ავიღე. რასაკვირველია, ქარხანაშიც ჩავაბარე, თანაც საკმაოდ ნორმალურ ფასად. კილოში ლარი და ცამეტი თეთრი მომცეს. ახლა რქაწითელი მაქვს დასაკრეფი. სავარაუდოდ, 5 ტონა უნდა დავკრიფო და მასაც ქარხანას ჩავაბარებ. როგორც ვიცი, ყურძნის ეს ჯიში უფრო ძვირია, ლარ და ოცდაათ თეთრად იბარებენ.

-  როგორც შევიტყვე, ყურძენი ქარხანას რომ ჩააბარო, რაღაც ცნობა უნდა წარადგინო, რომლის აღებაც სირთულეს წარმოადგენს. ამბობენ, რიგებიაო.

-  ვერ გეტყვი გენაცვალე, პირადად მე, არანაირი სირთულე არ შემხვედრია. ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენი ტონა ყურძენი გაგაქვს სოფლიდან, სოფლის გამგეობაში უნდა აიღო. რიგი არის, მაგრამ ისეთი გაუსაძლისი არაფერია. პატარა რიგი ამა თუ იმ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეც არის, აბა, იმ მოსავალს სატვირთოდან გადმოცლა და აწონა ხომ სჭირდება? მაგრამ ქარხნის თანამშრომლების მომსახურებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

-  ე.ი. ბიძინა ივანიშვილი გლეხებს რომ დაგპირდათ, ყურძენს კარგ ფასში ჩავიბარებთო, არ მოუტყუებია?!

-  არა, ნამდვილად ნორმალურ ფასში ჩაიბარეს და კარგადაც მოგვემსახურნენ. უბრალოდ, მოსავლით ვარ ცოტა უკმაყოფილო...

-  მოსავალსაც ბიძინა ივანიშვილი ხომ არ მოგიყვანდათ? რატომ ხართ უკმაყოფილო, 11 ტონა ყურძენი ცოტაა?

-  არა, ცოტა არ არის, მაგრამ ეგ კალაურში რომელი ვენახებიც მაქვს, იქ არ ამიღია. სოფელ აკურაშიც მაქვს რამდენიმე ვენახი და ასეთი კარგი მოსავალი იქ მივიღე. კალაური შარშანდელი დასეტყვილია და ვენახმა გაფურჩქნა და ფეხზე დადგომა ჯერ ვერ მოასწრო. აგე, ბიძაჩემ ნოდარას 2 ტონა ყურძენი დაუკრეფია, მეტი არა. ჩემმა მეზობელმა გურამამ კი დაკრიფა 30 ტონა ყურძენი, მაგრამ შარშან 120 ტონა აიღო და წლევანდელი მოსავალი ხომ იმის მეოთხედია. ხელისუფლების დანაპირებითა და მისი შესრულებით კახელები ნამდვილად კმაყოფილები ვართ. სამდურავი არ გვეთქმის.

ნოდარ ჯანიაშვილი, სოფელ კალაურის მკვიდრი:

-  ეჰ, შვილო, წელს ყურძენი არა მაქვს. მე სადაცა მაქვს ვენახები, იქ წელს ძალიან დაისეტყვა, შარშანდელი ნასეტყვიც ხომ იყო და ამიტომ ყურძენი აღარ გამოიტანა. ეგრე დამარჩინა ცარიელი. 10 ტონას რომ ვიყავი დაჩვეული და 2 ტონა რომ ავიღე, აბა, ეგ მოსავალია? რაც ავიღე, სულ დავწურე, მაშ, კახელ კაცს ოჯახში ღვინო არ უნდა ჰქონდეს? ან ეს ღვინო მეყოფა მთელი წელი? ახლა ისევ უნდა ვიმუშაო, ვაზს კარგად მოვუარო, რომ მომავალ წელს მაინც მივიღო კარგი ყურძენი. რა ღმერთი გაუწყრება, კიდევ რომ დაისეტყვოს...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია