ძვირფასი კოქტეილები სიურპრიზებით

ძვირფასი კოქტეილები სიურპრიზებით

"ტრიუფელ მარტინის" დაგემოვნებას მხოლოდ ლონდონის სასტუმროს - Rocco Forte's Browns Hotel ბარში შეძლებთ. სასმელი 100 დოლარი ღირს. რეცეპტი მარტივია: მარტინი, შოკოლადის ლიქიორი და გახეხილი ტრიუფელი.

"agie ior"-საც ლონდონში დააგემოვნებთ. მას მხოლოდ ლონდონის კლუბ "უმბაბაში" ამზადებენ. სასმელი ადგილობრივმა ბარმენმა ჯაილ ანდრემ ერთ-ერთი მილიონერის შეკვეთით დაამზადა. სასმისში მაყვლის კრემ-ლიქიორს, "ჰენესის" კონიაკსა და "პერინიონის" შამპანურს ურევენ. კოქტეილს ბროლის ბოკალში ასხამენ. მას 24-კარატიანი თეთრი ოქროს საწრუპი ჩხირი მოჰყვება. სამშვენისი ბრიტანელმა იუველირმა ტომ ბინსმა დაამზადა. კოქტეილი 550 დოლარი ღირს.

4.350 დოლარად დააგემოვნებთ ბრილიანტის კოქტეილს, რომელსაც ლონდონის "პანო ბარის" ბარმენი მოგიმზადებთ. კოქტეილი "მარტინით" (ერთი ბოთლი 2.000 დოლარი ღირს), შამპანურით, შაქრითა და ბრილიანტით მზადდება. კოქტეილის ფასს ბრილიანტის ზომა განსაზღვრავს. რამდენიმე წლის წინ კოქტეილი 9.000 დოლარად გაიყიდა. "ბრილიანტის მარტინის" ნიუ-იორკის ბარშიც მოგიმზადებენ. ჩაცივებულ "მარტინიში" ბრილიანტის თვალს აგდებენ. სიურპრიზიან სასმელს შეყვარებული მამაკაცები საყვარელი მანდილოსნებისთვის უკვეთენ, მაგრამ ბარმენის ვალია, კლიენტი წინასწარ გააფრთხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტები ბრილიანტის თვალს უბრალოდ... ყლაპავენ. სიურპრიზიანი სასმელი 10.000 დოლარი ღირს.

High Roller Martini-ს ლას-ვეგასის ერთ-ერთ რესტორანში დააგემოვნებთ. კოქტეილს ცირკონებით დამშვენებული ბეჭედი მოჰყვება. სასმელი 1.000 დოლარი ღირს და თანხის ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება.

ბარ "ჰემინგუეში" (პარიზის სასტუმრო "რიცი") საფირმო კოქტეილი 515 დოლარი დაგიჯდებათ. ლიმონის წვენისა და კუანტროს ლიქიორის გარდა სასმელში უიშვიათეს კონიაკს - 1830 Ritz Reserve-ს ურევენ, რომელიც სულ რამდენიმე ბოთლიღა დარჩა.

აშშ-ში ყოველწლიურ დერბიზე ბარმენები Kentucky Derby's Special Mint Julep-ის ამზადებენ. ერთი შეხედვით, სასმელი მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება, მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს. სპეციალურად დერბისთვის პიტნა ირლანდიიდან ჩამოაქვთ, შაქარი - ავსტრალიიდან, ყინული - ბავარიის ალპებიდან და ამ ყველაფერს საკოლექციო ვისკის უმატებენ. კოქტეილი მოოქრულ ჭიქაში, ვერცხლის ჩხირით, 1.000 დოლარად იყიდება.

იამაიკური რომით მზადდება კოქტეილი Mai Taim, რომელიც 1.400 დოლარი ღირს. იგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს - Merchant Hotel ბარში მზადდება და ბარმენის თქმით, რომის მხოლოდ 6 ბოთლია დარჩენილი.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში Platinum Passion-ს მოგართმევენ, რომელიც 1.500 დოლარი ღირს. კოქტეილს ფრანგული შამპანურის, საკოლექციო კონიაკის, ხილის წვენის, შაქრისა და ყინულისგან ამზადებენ. კოქტეილის ჭიქებს ორქიდეით აფორმებენ.

"საფირონის მარტინი" 3.000 დოლარი ღირს. ეს კოქტეილი ნამდვილი განძი გახლავთ - მას კონექტიკუტის ერთ-ერთ კაზინოში ამზადებენ. ჭიქის ზედაპირი ცისფერი შაქრითაა დაფარული. ზეთისხილის ნაცვლად ჭიქაში ვერცხლის ქინძისთავია მოთავსებული, მასზე კი საფირონისთვლიანი საყურეებია დამაგრებული. ამ კოქტეილით შეყვარებული მამაკაცები საყვარელ მანდილოსნებს უმასპინძლდებიან.

დაბოლოს, კოქტეილის მომზადება ბარმენის მოვალეობაა, რამდენად ეფექტურად და ლამაზად მოამზადებს იგი სასმელს, ეს მასზეა დამოკიდებული. ფლეირინგი ბარმენის ოსტატობაა. მან კოქტეილის მომზადებასთან ერთად შოუც უნდა მოაწყოს.

ფლეირინგი 150 წლის წინ ამერიკელმა ჯერი ტომასმა (მეტსახელად "პროფესორი", ახლა კი ყველა ბარმენი "მამას" ეძახის) მოიგონა.

1997 წელს ფლეირინგ-ბარმენების საერთაშორისო ასოციაცია ჩამოყალიბდა. ყოველწლიურად კი ბარმენების შეჯიბრება ეწყობა. საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. დღესდღეობით ფლეირინგი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: სამუშაო ფლეირინგი და შოუფლეირინგი. ხოლო ინგლისელმა ბარმენმა ნიკოლას ჯანიმ ახალი მიმართულება - სტრიტ-ფლეირინგი - ბარმენის ოსტატობა და ბრეიკ-დანსი შეუხამა ერთმანეთს.

ფლეირინგის მიზანია, კოქტეილი მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად და ზუსტად მოამზადოს. ფლეირინგის პროფესია ფილმ "კოქტეილის" (1988 წელი) გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული. მთავარი როლის შემსრულებელს, ტომ კრუზს ფლეირინგის დიდოსტატი - ჯონ ბენდი ავარჯიშებდა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს