ქიმიური იარაღის სამარხი ბალტიის ზღვას წამლავს

ქიმიური იარაღის სამარხი ბალტიის ზღვას წამლავს

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბალტიის ზღვაში დაძირული ქიმიური იარაღი თევზებში გენეტიკურ ცვლილებებსა და მუტაციას იწვევს. ამის შესახებ ერთობლივ დასკვნას ევროპის რამდენიმე ქვეყნის მეცნიერები აკეთებენ.

ნაცისტური გერმანიის ქიმიური იარაღის სამარხების ადგილას გენეტიკური დარღვევების მქონე თევზების შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ 15-20 წლის წინ გაჩნდა. გერმანელი და დანიელი მეცნიერთა თქმით, ბალტიის ზღვის აკვატორიაში სხვადასხვა სახის გენეტიკური მუტაცია თევზებთან  ერთად ფრინველებშიც შეიმჩნევა.

საბრძოლო მასალის ნაწილი ზღვის მარილიანი წყლის ზემოქმედებით სწრაფად იჟანგება და ქიმიური ნივთიერებების ზღვაში გაჟონვის ფაქტები ბოლო დროს გახშირდა. ადამიანისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს სწორედ ზღვის ასეთ რაიონებში დაჭერილი თევზი წარმოადგენს.

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებმა მესამე რაიხის ქიმიური იარაღის განადგურება გადაწყვიტეს. ამ მომენტისთვის ვერმახტის შეიარაღებაში ქიმიური ნივთიერებების შემცვლელი საარტილერიო ჭურვები, საავიაციო ბომბები, ნაღმები და ხელყუმბარები იყო. ყველა მათგანი სხვადასხვა სახის მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. მათ შორის იყო იპრიტი, ფოსგენი, დიფოსგენი, ადამიტი და ზარინი.

იმ დროის ქიმიური იარაღის განადგურების ოპტიმალური საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომაც სამხედროებმა საკმაოდ მარტივი გზა აირჩიეს და ყველაფერი ზღვაში გადაყარეს. საერთო ჯამში ბალტიის ზღვის ექვს რაიონში 302 875 ტონა საერთო მასის ქიმიური იარაღი დაძირეს. დამატებითად 120 000 ტონა ატლანტიკის ოკეანისა და ლა-მანშის სრუტის დასავლეთ ნაწილის ფსკერზე აღმოჩნდა.

ყველაზე საშიში ქიმიური იარაღი იპრიტია. წყალთან შერევისას ის ტოქსიკურ ნივთიერებებს წარმოქმნის, რომლებიც თავის მომაკვდინებელ ძალას ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა