რატი დურგლიშვილი - "არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ"

რატი დურგლიშვილი - "არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ"

მომღერალ რატი დურგლიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში, ე.წ. ვარსკვლავების კორპუსში ვეწვიეთ. მართალია, ჩვენი რესპონდენტი სარემონტო სამუშაოებში იყო ჩართული, მაგრამ ჩვენთვის დრო მაინც გამონახა და როგორც სჩვევია, "გემრიელად" გვესაუბრა. ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ, თუმცა ყველაფერი შოუბიზნესში შექმნილი უმოქმედობით დავიწყეთ...

- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ოღონდ უკვე მცირე რაოდენობით, რადგან პირდაპირ რომ თქვა, ამდენი ქველმოქმედებითაც იღლები ადამიანი. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მუსიკალური ტელევიზია, აზრი არ აქვს კლიპის გადაღებას და მისთვის ფინანსების დახარჯვას. პოლიტიკურ ტელევიზიაში კლიპის დატრიალება კი, ჩემი აზრით, ცოტა სირცხვილია, ერთი თოქშოუსთვის მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღება არ მიღირს. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან კმაყოფილი ვარ, ხანდახან მაოცებს ისიც, რომ ხალხმა ჩვენი ისეთი სიმღერები იცის, რომლებსაც კლიპი არ აქვს, ამიტომ მადლობას ვწირავ ჩვენს მოსახლეობას.

- კულტურის სამინისტროსთვის ან ვინმე კომპეტენტური პირისთვის შოუბიზნესის ამოქმედების მიზნით არ მიგიმართავთ?

- ჩემს ხასიათში არ ჯდება ვინმესთვის რამის თხოვნა. ჩემ ირგვლივ ყოფილან ადამიანები, ერთი, ორი ან სამი, რომლებმაც იციან, როგორია ხელოვანის ცხოვრება, თვითონ ხვდებიან, როდის რა მჭირდება და ყოველთვის ლამაზად მიკეთებენ, ორი კაპიკისთვის კი ვერავის ვერაფერს ვერ ვთხოვ. თუ თავად გამოთქვამენ სურვილს, მე ყოველთვის დიდი სიხარულით შევხვდები მათ ინიციატივას. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად შევაწუხო ადამიანები, რადგან აზრი მაინც არ აქვს (იცინის). მახსოვს, იურმალაში წასვლის პერიოდში ფინანსური კრიზისი გვქონდა, რამდენიმე ადამიანი დაგვპირდა დახმარებას და როცა შევაწუხეთ, მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დღემდე ვერავინ იტყვის, რომ მე მისთვის რამე მითხოვია, ღვთის წყალობით, მე და მაკა ჩვენით ვდგავართ ფეხზე, უბრალოდ, გული გვწყდება მომავალ თაობაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერია და არ მინდა, რომ ეს ნიჭი დაიკარგოს.

- სიმღერის გარდა სხვა არაფრის კეთება არ გიცდია?

- მამაც ასე იყო და შვილებიც თავის გზაზე დაგვაყენა. ჩემს მშობლებს ხელი არასდროს შეუშლიათ ჩემთვის, პირიქით გვერდში გვედგნენ მუდმივად და ისე გვაყვარებდნენ შრომას, რომ თვითონ პროფესია არ შეგვაძულეს. ფუნჯი მჭირდებოდა, სახატავი თუ სტუდია სიმღერის ჩასაწერად, ყოველთვის ყველაფერი მქონდა და ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მეშრომა, მესწავლა და ჩემი საქმე მყვარებოდა. შევარდნაძის პერიოდში, როდესაც მამამ გერმანიიდან მოლბერტი ჩამომიტანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უბრალოდ, ვერც აგიხსნით, როგორ გამიხარდა. ჩემი სიხარულით კი თავადაც ხარობდა, მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ კონკურსიდან ძირითადად გამარჯვებული ვბრუნდებოდი. ალბათ, მისთვის ესეც სტიმული იყო, თუმცა ჩემით კმაყოფილი არასდროს გახლდათ და ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ამით ჩამომიყალიბდა თვითკრიტიკის უნარი.

- რატი, შენი საქმიანობა გარკვეულწილად დაკავშირებულია აზარტთან?

- არა, აზარტთან ალბათ უფრო ბიზნესია დაკავშირებული, მე სიმღერას იმიტომ არ ვქმნი, რომ ამით სახლი ვიყიდო ან რაიმე მატერიალური შევქმნა.

- ისე, თუ ხარ აზარტული?

- კი, ჯოკერს ვთამაშობ ხოლმე მეგობრებში და შემიძლია, ამის გამო მოვკლა ვინმე (იცინის). ეს ხუმრობით. სამწუხაროდ, კაზინოში დავდიოდი, ოღონდ არა მოგების მიზნით, გონებრივად სხვაგან გადართვა მჭირდებოდა. ბევრი არც არასდროს მომიგია და არც წამიგია, უბრალოდ, მომწონდა ის პროცესი, როცა სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი თამაშის გარდა. ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი იმ გაგებით, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე, აღარ მივსულიყავი, აღარ მეთამაშა და არც მივსულვარ.

- იღბლიანი ხარ?

- კი, შეიძლება ითქვას. ერთ დღეს გავიღვიძე, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, ვიყიდე გადასაფხეკი ლატარია და 2500 ლარი მოვიგე (იღიმის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება