ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშეა

ნანუკა ჟორჟოლიანის პირადი ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშეა

25 სექტემბერს ნანუკა ჟორჟოლიანი სეზონს დანგრეული სტუდიიდან ხსნის. ეთერში ვნახავთ სტუდიის რემონტს, მუშებს, სტუმრებს სარემონტო ხელსაწყოებით და პირადი ამბებით, ნანუკას ლაკო ბუკიას მაისურით. როგორც გავარკვიეთ, ამ სეზონზე სწორედ ეს დიზაინერი ჩააცმევს ტელეწამყვანს. ჟურნალისტმა ინტერვიუში იხუმრა, თუ გადაცემის თემა შემომაკლდა, უცნაურ ჩაცმულობასაც მოვიშველიებო.

- ნანუკა, შვებულება როგორ გამოიყენე?

- მინდოდა, მარიამსა და საბაზე თანაბრად გადამენაწილებინა ჩემი დასვენების დღეები, თუმცა ისე გამოვიდა, რომ უფრო მეტი დრო მარიამსა და ირაკლის დავუთმე. მარიამს ფრენის ეშინია, მოკლე რეისებზე ძლივს დაფრინავს, ამიტომ ჩავფრინდით ვენაში და შევეცადე, მარიამისთვის ახლო ქალაქები მანქანით მენახვებინა. ალბათ იშვიათად მომეცემა საშუალება, მასთან ერთად ვნახო პრაღა, გერმანიის პატარა ქალაქები, შვეიცარიაშიც ვიყავით.

- მეგონა, ირაკლისთან მარტო წახვიდოდი.

- რატომ?

- დიდი ხანი იყავით ცალ-ცალკე...

- არც ისე, თვეში ორჯერ მაინც ვნახულობთ ერთმანეთს.

- სწორედ იმ პერიოდში, როცა შენ ირაკლისთან იყავი, თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა, რომ ქმარს დაშორდი...

- მერამდენედ? არჩევნების მერე რამდენჯერმე გავრცელდა ეს ჭორი. მე ვიცი ერთი გოგო, ვის გამოც თურმე ირაკლის დავშორდი, მეორე გოგოც ვიცი, რომელსაც ასევე დააბრალეს ჩვენი დაშორება. მგონია, რომ ყველაფერს ვადა გასდის. ეს ყველაფერი არტილერიას მაგონებს, რომ აღარ დაამთავრეს სიცილი ამ თემაზე, იმდენჯერ გაავრცელეს ეს ჭორი... ხომ იცი, მგელი მგელიო, და მგონი, მართლა დავშორდები, თუ თავს არ დამანებებენ (იცინის).

- შენ და ირაკლიმ როგორ გაატარეთ ეს ზაფხული?

- 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ კარგია, როცა გენატრება, უნდა გაეპრანჭო. ოჯახურად გავატარეთ დრო, ტურისტულად, ქალაქების, მუზეუმების, ისტორიული ადგილების დათვალიერებით. ეს არ იყო მოგზაურობა-შოპინგი, ამ დღეებს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა.

- ირაკლი არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას?

- ალბათ ჯერ არ დადგა ამის დრო. რომ ჩამოვიდეს, რა გააკეთოს?! ის არ დაკავდება ბიზნესით.

- ასე შორიშორს ყოფნა არ გიჭირთ?

- არა. ჩვენი პირადი ურთიერთობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც წაგვეხმარა კიდეც.

- რას გულისხმობ?

- ჩვენს ცხოვრებაში შეჩვევის პერიოდი რომ იწყებოდა, ახალი ტემპერამენტული დრო დადგა. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ რაღაცებს ეჩვევი, ინერციით აკეთებ იმას, რაც მას მოსწონს, ზოგი სადილს უმზადებს, ზოგი პერანგს უუთოებს, გააჩნია, ვის როგორი ცოლქმრობა აქვს.

- ცუდ სიტუაციაში მაინც არ უნდა იყო, გყავს ქმარი, რომელზეც ამ ეტაპზე არ ზრუნავ...

- თუ ზრუნვას დავარქმევთ კლასიკური გაგებით ზრუნვას, პერანგის დაუთოებას, სადილის მომზადებას, ასე არც არასდროს ვზრუნავდი. მე და ირაკლის ასეთი ცოლქმრობა არც გვქონია. მას მოსწონდა ისეთი ნანუკა, როგორიც ახლა ვარ. თუ მინუს ათი კილო ვიქნები, სულ გაგიჟდება სიხარულისგან (იღიმება).

- მინუს 10 კილოგრამზე გამახსენდა, მთელი ზაფხულია დიეტას იცავ. რამდენი კილო დაიკელი და როგორ ხარ?

- ენის ქვეშ "კორსიზით" დავდივარ. თუმცა, არა მგონია, ეს შიმშილის ბრალი იყოს. მეც ხომ მაქვს გული, ჩემი გულიც ფრიალებს (იცინის). "რუსთავი 2" -ში მოსვლიდან 16 კილოგრამი დავიკელი და გავჩერდი, მეტს ვეღარ ვიკლებ. 2 კგ მოვიმატე.

- წინა სეზონის ერთ-ერთ გახმაურებულ გადაცემაზე მინდა გკითხო, რომელშიც პრეზიდენტს უმასპინძლე. არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, ამბობდნენ, ნანუკამ მიშას ცხრაწლიანი მმართველობა "გაუპრავაო" .

- ჩემს გადაცემაში ნეგატიურად არავისზე არაფერი კეთდება. პრეცედენტს ვერ დამისახელებთ, თუ არ ჩავთვლით ფადი ასლის, ისიც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა. ამიტომ მიყვარს ჩემი გადაცემა, ყველაში პოზიტივს ვეძებ. თუ ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში მონაწილეობაზე დამთანხმდება, მასაც ასეთივე გადაცემას გავუკეთებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები