კოულუნი - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ციხესიმაგრე მსოფლიოში

კოულუნი - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ციხესიმაგრე მსოფლიოში

ჰონგკონგის ქალაქ კოულუნში 210მ/120მ-ზე ფართობის ტერიტორიაზე 33 000 ადამიანი ცხოვრობდა. 350 სახლი ერთმენეთს იყო დაკავშირებული და ერთგვარ კედელს ქმნიდა.

დღეს კოულინი მკვდარი ქალაქია. 1990-იან წლებში მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყვიტეს. მისი ისტორია უჩვეულო და ტრაგიკულია: ამ ტერიტორიაზე სამხედრო ფორტს საფუძველი სუნის დინასტიის მმართველობისას (960-1279 წწ) ჩაეყარა, 1898 წელს ქალაქი დიდ ბრიტანეთს გადასცეს, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იგი იაპონიის ჯარებმა დაიკავეს. ქალაქი-ციხესიმაგრე 1993-1994 წლებში აიღეს. იმ დროისთვის იგი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი იყო.

შენობები ნანგრევებს წარმოადგენდა, სადაც არც კომუნალური შეღავათები და არც ნორმალური განათება იყო. ქვედა სართულებზე დღედაღამ ნეონის ლამფები იწვოდა, რადგან იქ მზის სხივი ვერ აღწევდა.

ადგილი ცოტა იყო, ამიტომ ნაგებობა გამუდმებით "იზრდებოდა". აშენებდნენ დამატებით სართულებს, სახლს გისოსებიან აივნებს ავლებდნენ. სახურავებზეც ცხოვრება დუღდა: ტელევიზორის ანტენების გარდა, აქ გაბმული იყო სარეცხის თოკები, წყლის რეზერვუარები და ნაგვის კონტეინერები. იქ ხშირად ისვენებდნენ უფროსები და თამაშობდნენ ბავშვები. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქალაქი საკუთარი სიმძიმის გამო ეს ესაა დაინგრეოდა.

კოულუნის მოსახლეობა მრავალფეროვანი იყო: იაპონიის ჯარის კაპიტულაციის შემდეგ აქ ბევრი არალეგალი ჩასახლდა, ქალაქი დამნაშავეების და ნარკომანების თავშესაფრად იქცა. 1980-იან წლებში კოულუნში უამრავი ბორდელი, კაზინო და ოპიუმის და კოკაინის გასაყიდი ადგილები იყო. არც დიდ ბრიტანეთს და არც ჩინეთს არ უნდოდა პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რაც ქალაქ-ციხესიმაგრეში ხდებოდა.

მიუხედავად დანაშაულის მაღალი დონისა, ქალაქში კანონმორჩილი ადამიანებიც ცხოვრობდნენ. როგორც წესი, ისინი მაღალ სართულებზე იყრიდნენ თავს, რომ თავი ქურდებისგან დაეცვათ.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევამ ცხოვრების ხარისხი კოულუნში გააუარესა. მთავრობა ხვდებოდა, რომ სიტუაცია ძირფესვიანად უნდა შეეცვალა, ამიტომ ადამიანების ევაკუაციისა და შენობების დემონტაჟის გეგმის შესამუშავებლად 2.7 მილიონი ჰონგკონგური დოლარი გამოყო. კოულუნიდან ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ხალხი იძულებით გამოასახლეს.

ამჟამად ქალაქ-ციხესიმაგრის ადგილზე პარკი- Kowloon Walled City Park-ია გაშენებული, სადაც ცინის დინასტიის სტილის ბაღები ხარობს.

მომზადებულია kulturologia.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს