"ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს"

"ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს"

"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების" შესახებ კანონში ცვლილებები შედის, ახალარჩეულ პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, იცვლება მოწმობის აღების წესიც.

შალვა კიკნაველიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იგეგმება ახალი კანონპროექტის შემუშავება, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსისა და აღნიშნულის დამადასტურებელი მოწმობის საკითხი ახლებურად მოწესრიგდება.

ინა ოსიძე, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები":

- სამწუხაროდ, პრეზიდენტი თა­ნამემამულის სტატუსთან ექსკლუზიურ უფლებას ხშირად სათავისოდ იყენებდა. არაერთი შემთხვევაა, როცა თურქეთში ეს სტატუსი, ისევე როგორც ორმაგი მოქალაქეობა, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ენიჭებათ, მათ, ვისაც არავითარი შეხება არა აქვთ საქართველოსთან, ჩვენი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საპატიო კონსულებად ინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ სტატუსის ღირსი არ იყვნენ და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით ირჩეოდნენ.

- რა გზებს მიმართავენ ქართველი ემიგრანტები ამერიკაში ყოფნისა თუ მუშაობის უფლების მოსაპოვებლად?

- ძალზე დიდია იმათი რაოდენობა, ვინც მწვანე ბარათი მოიგო საქართველოში. ამ შემთხვევაში, თუ ამერიკის კანონებს არ დაარღვევ და გადასახადებს გადაიხდი, ხუთ წელიწადში იღებ მოქალაქეობას; ხშირად ქორწინდებიან ამერიკის მოქალაქეებზე, მწვანე ბარათის აღების დღიდან სამ წელიწადში ქმარს თუ არ გაეყრები, მოქალაქეობას მიიღებ. მე ახლა მწვანე ბარათი მაქვს, რომელიც ყოველ ათ წელიწადში შემიძლია განვაახლო; ახლა უკვე შემიძლია აშშ-ის მოქალაქეობაც მივიღო, თუ გინდა მოქალაქე გახდე, ამ სტატუსის მიღებამდე 6 თვეზე მეტხანს შტატები არ უნდა დატოვო.

- რეალურად, რა როლს ასრულებენ დიასპორული ორგანიზაციები ემიგრანტთა ცხოვრებაში?

- ეს ემიგრანტთა თავშეყრის, პრობლემების გადაჭრის ადგილია. იმ ქალაქებში, სადაც საკვირაო სკოლებია გახსნილი, ბავშვებმა მშობლიური ენა, საქართველოს ისტორია უკეთ იციან. დიასპორამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ არის თანამემამულის სტატუსის მიღების ღირსი. ამასთან, გული მწყდება, როცა მხოლოდ უცხოეთში წარმატებულ ქართველებზე საუბრობენ, რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც დავრდომილ ბებიებთან მუშაობენ, ხშირად ათასნაირ დამცირებას იტანენ უცხო ოჯახში და აქ, სულ ცოტა, ოჯახის 5 წევრს არჩენენ? ემიგრაცია ძალზე ფაქიზი კონტინგენტია, რატომღაც თვლიან, რომ ადამიანი როცა ემიგრაციაშია, იმას რა უჭირს. არადა, ეს ტრაგედიაა! ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს, სკაიპით ზრდიან შვილებს. ძნელია, როცა 24 საათი ზიხარ მოხუცთან, ძირითადად, პერიფერიაში, სადაც 8 საათის მერე ქალაქი ბნელდება და ერთადერთი ხსნა ინტერნეტია, თუმცა, ასაკის გამო ზოგიერთს მისი ათვისებაც უჭირს. შარშან ჩავატარეთ კვლევა, ემიგრანტებს სკაიპით ფსიქოლოგიური დახმარება შევთავაზეთ, "ფეისბუქით" გამოვაცხადეთ, ვის სჭირდებოდა ფსიქოთერაპევტი და ორი კვირის განმავლობაში 460 მსურველი აღმოჩნდა, რაც დიდი რიცხვია, ძირითადად გამოგვეხმაურნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. ფსიქოთერაპევტმა, რომელიც მათ ესაუბრა, გაოგნებულმა გვითხრა, რომ საქართველოში ყველაზე მძიმე ავადმყოფიც კი ემიგრანტებთან შედარებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჯანმრთელია.

გიორგი ოკრიბელაშვილი, - ორგანიზაცია "მე დავბრუნდების" წარმომადგენელი საბერძნეთში: თანამემამულის სტატუსი, ისევე როგორც ბევრი სხვა კანონი, სტატუსი თუ სერვისი, ემსახურებოდა ემიგრაციაში ეგრეთ წოდებული "ელიტური" ანუ "ნაციონალური" კასტის შექმნას, რომელიც მორჩილად შექმნიდა უცხოეთში ქართველების მხარდაჭერის ილუზიას დიქტატორული რეჟიმისადმი დემოკრატიული საზოგადოებისათვის თვალის ასახვევად. ასევე, ეს სტატუსი შექმნილი იყო იმისათვის, რომ საქართველოში სახელმწიფო სამსახურში მავანს გაადვილებოდა საკუთარი "ფავორიტის" დანიშვნა, თანაც ისე, რომ მათ უარი არ ეთქვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე (მაგალითად, ვერა ქობალია, რადგან სწორედ მის დანიშვნას დაემთხვა პრეზიდენტის მხრიდან ამ სტატუსის დამტკიცება).

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია