რეიტინგების ომი, მეორე ადგილი და შესაძლო მეორე ტური

რეიტინგების ომი, მეორე ადგილი და შესაძლო მეორე ტური

ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ადგილს "ოცნების" კანდიდატი, მეორეს კი "ნაციონალური მოძრაობის" რჩეული იკავებს. სკეპტიკოსების განცხადებების მიუხედავად, დავით ბაქრაძე, კვლევებზე დაყრდნობით, უკვე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს.

პოლიტოლოგების ნაწილი სოციოლოგიური კვლევების რეალურობას ეჭვქვეშ აყენებს. მათივე ვარაუდით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი ბრძოლა მეორე ადგილის მოსაპოვებლად მიმდინარეობს, პირველზე კი არავინ დავობს.

ბოლო სოციოლოგიური კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა ორგანიზაცია "გრინგბერგ ქუინდანდ როსნერ რისერჩმა" (pkuutiukp RStdftv kwTuk kuTufksru) ჩაატარა. კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს მხარს გამოკითხულთა 43% უჭერს, დავით ბაქრაძეს - კი 22%. შემდეგ პოზიციაზეა ნინო ბურჯანაძე 8 პროცენტით. კვლევა 1204 რესპონდენტის პირდაპირ გამოკითხვას ეყრდნობა.

საარჩევნო საკითხების სპეციალისტებს და პოლიტოლოგებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კვლევის დაფინანსება კითხვებს უჩენს. "ნაცმოძრაობის" კანდიდატი კი ამერიკული ორგანიზაციის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს.

"მე არ მაქვს საფუძველი, რომ კვლევის შედეგებში ეჭვი შევიტანო, მით უმეტეს, რომ ის საკმაოდ ახლოს დგას ტვშ-ის კვლევის მონაცემებთან. უბრალოდ, დროში განსხვავების გამო გამოიკვეთა დინამიკა, რომლითაც მე კმაყოფილი ვარ და ეს დინამიკა აჩვენებს, რომ ჩემი მხარდაჭერა იზრდება და ძალიან მაღალი ალბათობით, არჩევნებში მეორე ტურს უნდა ველოდოთ", - აცხადებს ბაქრაძე.

ბაქრაძის მეორე ადგილის არ სჯერა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, ის კვლევებს სკეპტიკურად აფასებს.

"დათანხმება, რომ რეიტინგში ბაქრაძე ბურჯანაძეს უსწრებს, არადამაჯერებელია. ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე ორივე პიროვნულად სიმპათიურია, მაგრამ ნათესავად ხომ არ ვირჩევთ, პრეზიდენტობა სურთ. მათ უკან დგას გარკვეული პოლიტიკური შინაარსი. იმ შინაარსზე კი, რაც ბაქრაძის უკან დგას, უარი მოსახლეობის 90%-მა საპარლამენტო არჩევნებზე უკვე თქვა. ნინო ბურჯანაძის უკან ასეთი ნეგატიურობა არ არის.

"ამ ფონზე ტვშ-ის შედეგებზე დათანხმება, რომ რეიტინგში ბაქრაძე ბურჯანაძეს უსწრებს, არადამაჯერებელია. მათი შედეგები ტენდენციურობით ხასიათდება. გაიხსენეთ, რა პროგნოზი ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნების წინ და რეალურად რა შედეგი მივიღეთ. პატიოსანი მკვლევარები ამგვარი ფიასკოს შემდეგ ჰორიზონტზე საერთოდ არ გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ტვშ ჯიუტია და ჩანან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვენდოთ", - განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

"საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ რეიტინგების დაფინანსება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და ამ ფაქტით კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს.

"კომპანია "გრინგბერგ ქუინლადნ როსნერ რისერჩი" თითქმის ყველა არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით ასრულებდა "კვლევას" და ყოველთვის მათთვის სასურველ შედეგს დებდა. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით შეუსრულებია, პარალელი აშკარაა

"ისე, საინტერესოა, რის საფუძველზე და რა მიზნებით დაუკვეთა კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რატომ ხარჯავს პარტიულ აქტივობაზე ბიუჯეტის ფულს? ამ მოქმედებაში პირდაპირ იკვეთება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინტერესები, რაც გამოიხატება საარჩევნო კამპანიის ფონდის გვერდის ავლით, საბიუჯეტო თანხებით საარჩევნო აქტივობების დაფინანსებაში, აღნიშნულით კი დაირღვა კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" და "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნები. წესით, კონტროლის პალატამ მასალების შესწავლა უნდა დაიწყოს", - აცხადებს კახი კახიშვილი "რეზონანსთან" საუბარში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციოლოგიური კვლევის დაფინანსების მიზეზად 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებს.

თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პოროფესორი კორნელი კაკაჩიაც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული კვლევები, ორგანიზაციის ავტორიტეტის მიუხედავად, გარკვეულ უნდობლობას იწვევს.

"როდესაც პრეზიდენტი უკვეთავს კვლევას და რაღაცნაირად სოციოლოგიური სამსახურის ფუნქციებს ითავსებს, ეს აშკარად უცნაურია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რამდენიმე ხნის წინ "ქართულმა ოცნებამაც" შეუკვეთა საკუთარი ორგანიზაციებს კვლევა. თუმცა, აქ განსხვავება ის არის, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში შეიძლება შეკითხვა დაისვას - რამდენად აქვს მას უფლება, კვლევისთვის საზოგადოებრივი სახსრები გამოიყენოს?

"ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიქირავა, კერძოა, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელმაც კვლევა საკუთარ მომხრეს შეუკვეთა, ვგულისხმობ ზურაბ ბიგვავას რეიტინგებს. ეს ცოტა არ იყოს არადამაჯერებელია, სანდოობას ხარისხს კარგავს. პრეზიდენტის შემთხვევაში საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციაა, თუმცა ზოგადად მაინც არასასიამოვნოა და უფრო ჯობია, ასეთი სოცილოგოიური გამოკითხვები ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკეთოს, რომელიც ფინანსურად დამოკიდებული არ იქნება არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე. ან უნდა იყოს ქართული ორგანიზაცია, რომელიც რეიტინგულია, თუმცა ასეთი ჯერ არ ჩანს. ამიტომ ჯერჯერობით უნდობლობა და სკეპტიციზმი იქნება ასეთი გამოკველევებისადმი", - უთხრა კაკაჩიამ "რეზონანსს".

მისივე განმარტებით, კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით მსჯელობისას პირველ ადგილზე თითქმის არავინ დავობს, მთავარი აქცენტი ოპონენტებს მეორე ადგილზე აქვთ გადატანილი.

"ჩვენ დიდი ხანია უკვე ვიცით, რომ რეალურად პირველი ადგილის მფლობელი კარგა ხანია ცნობილია. აქცენტი გადატანილია მეორე ადგილზე, იქიდან გამომდინარე, რომ იძლევა ლეგიტიმაციას, თუ ვინ იქნება მეორე წარმმართველი ძალა ქვეყანაში მომავალი 4-5 წლის განმავლობაში. ამიტომაც არის, რომ მეორე ადგილზე ასეთი მწვავე ბრძოლაა რეიტინგებით თუ სხვა საშუალებებით.

"თუმცა, თუ გასული კვირის რეიტინგებს გადავხევდავთ, ვნახავთ, რომ ძალიან დიდი პროცენტული სხვაობა არ არის მეორე და მესამე ადგილებს შორის", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგის თქმით, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე უფრო მეტ რესურსებს ფლობენ, რომ არჩევნებში შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ რეიტინგების მკვეთრ ცვლილებას არ ელოდება.

"ამ ორი კანდიდატიდან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერის მხარდაჭერით სარგებლობს. არ მგონია, რეიტინგებში რამე შეიცვალოს, თუ ისეთი რამ არ მოხდა, როგორიც ციხის სკანდალი იყო", - დასძენს კორნელი კაკაჩია.

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა