რუსული მედია - საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან

რუსული მედია - საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან

"საქართველოდან ირანელი ბიზნესმენები გარბიან", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "იზვესტია" სტატიას.

როგორც "იზვესტიას" ქართულ-ირანული ბიზნეს თანამშრომლობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მაჰმუდ დავარმა განუცხადა, საქართველო უკვე დატოვა 1 700-მა ირანელმა მეწარმემ, რომელთაც შეაჩერეს სხვადასხვა პროექტები, საქართველოს ბანკებში კი ირანელების 150-ზე მეტი საბანკო ანგარიში გაიყინა.

"ამის მიზეზი ის არის, რომ ივლისის დასაწყისში საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ირანთან უვიზო რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მიგრაციული პოლიტიკის მოწესრიგების მიზნით ახსნა, ექსპერტები ამაში ვაშინგტონის მოთხოვნას ხედავენ", - წერს "იზვესტია".

რუსული გამოცემა ასევე ციტირებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას კომენტრას, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საზღვარგარეთ შეიტყვეს იმის შესახებ, რომ ირანელი მოქალაქეები საქართველოში საბანკო ოპერაციებს ახორციელებდნენ, გაჩნდა ეჭვი, რომ ფულის გათეთრება ხდებოდა.

"თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რათა ამით აშშ-ის გაღიზიანება გამოეწვია. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ბარაკ ობამას მთავრობაში პირადად მის მიმართ ლოიალურად განწყობილნი არ იყვნენ", - ციტირებს "იზვესტია" ანალიტიკოსის უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილის კომენტარს.

"იზვესტია" ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედება კი იმისკენაა მიმართული, რათა დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ თბილისი ემხრობა გაერო-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს საერთაშორისო ფინანსური გადარიცხვების საკითხში.

როგორც "იზვესტიას" საქართველოში ირანის საელჩოში განუცხადეს, ამ ეტაპზე არ შეინიშნება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის დაცემა, რომელიც 120 მილიონ დოლარს შეადგენს.

"თუმცა, როგორც ბესიკ ალადაშვილი მიიჩნევს, შეუძლებელია ირანელებისთვის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს საპასუხო რეაგირება არ მოჰყვეს და ირანელი ბიზნესმენების ქვეყნიდან გაქცევა ამის პირველი ნიშანია", - წერს "იზვესტია".

როგორც რუსული გამოცემა წერს, საქართველოში მაინც აქვთ ირანთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნების იმედები.

"არსებობს ამერიკულ-ირანული ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტის მხრიდან ამის თაობაზე საკმაოდ საინტერესო სიგნალები გაისმა. რა თქმა უნდა, ეს საქართველო-ირანის ურთიერთოებებსაც შეამსუბუქებს", - ციტირებს "იზვესტია" ბესიკ ალადაშვილის სიტყვებს.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა