ეთერ კაკულია: "ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის"

ეთერ კაკულია: "ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის"

"წიგნის სიყვარული მშობლებმა მასწავლეს. უფროსი ძმა მყავს. ის რომ კითხულობდა, მინდოდა, მისთვის მიმებაძა", - ამბობს მომღერალი ეთერ კაკულია და დასძენს, რომ მხატვრული ლიტერატურა ყველაზე მეტად იზიდავს. არაერთი საყვარელი ავტორი ჰყავს, მათგან გამორჩეულად კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება მოსწონს.

-  ამჟამად რას კითხულობთ?

-  "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ "დიდ საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედიას". ახლახან შევიძინე. იცით, რა საინტერესოა? ყველას ვურჩევ, შეიძინონ და წაიკითხონ. რამდენიმე ახლობელს უკვე ვაყიდვინე. ყველგან რეკლამას ვუკეთებ. ახალგაზრდობიდან დღემდე, ყველაზე მეტად მხატვრული ლიტერატურა მიზიდავს. გამორჩეულად კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება მიყვარს.

-  წიგნი მოგიპარავთ?

-  არა, ნემსის მოპარვაც კი არ შემიძლია. თუ მომინდება, ვითხოვ, წავიკითხავ და დავუბრუნებ. მეც ბევრი წიგნი გამინათხოვრებია.

-  ხშირად უკან აღარ აბრუნებენ.

-  ეგ ცუდი საქციელია - გამაღიზიანებელი, ამიტომ ასეთი ადამიანები ჩემ გვერდით ვერ იქნებიან.

-  რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

-  გამსახურდიას შორენასთან ("დიდოსტატის მარჯვენა"). ამ როლის შემსრულებელი, ლალი ბადურაშვილი ჩემი მეგობარია. შორენა ძალიან მომწონს.

-  ცხოვრებაში მეგობრებს რა ნიშნით ირჩევთ?

-  ადამიანი მეგობარს კი არ ირჩევ, დაახლოება ბუნებრივად ხდება. გრძნობ, როგორი პიროვნებაა. ერთი ბრძენის გამონათქვამია: "ყველას მეგობარი არავის მეგობარი არ არის". ვეთანხმები, მე ცოტა მეგობარი მყავს.

-  კარგი მეხსიერებით გამოირჩევით?

-  ცუდი მეხსიერება ნამდვილად არ მაქვს. ციცერონს აქვს ნათქვამი: "სიბერე მაშინ იწყება, როცა ადამიანს სწავლის უნარი ეკარგება". ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები ძალიან მიყვარს. ბევრი მათგანი, მსოფლიოში მომხდარ საინტერესო ფაქტებთან ერთად, ბლოკნოტში ამოწერილი მაქვს. ინტერვიუს მსვლელობისას რამდენიმეს წაგიკითხავთ.

-  სანამ კითხვარზე გადავალთ, მინდა, იმ სიმღერისა და კლიპის შესახებ გკითხოთ, რომელიც აფხაზეთს მიუძღვენით.

-  ძალიან მინდოდა, სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება 27 სექტემბრისთვის მოგვესწრო. ლექსის ავტორი ნელი სალაძე გახლავთ, მუსიკის - ნანული ბრეგვაძე. რეჟისორი გიორგი დარასელიაა. კლიპი ანაკლიაში გადავიღეთ. მოვასწარით და ეთერში 27 სექტემბრის დილას გავიდა. ახლო მომავალში მოსკოვში, ლიტერატურულ სახლში ტიციან ტაბიძის საღამოს მოწყობას გეგმავენ. მინდა, ჩავიდე და ვიმღერო. იმედია, ამის გამო მოღალატეობას არ დამწამებენ.

-  ბენიტო მუსოლინი ამბობდა: "ნამდვილი მამაკაცი უნდა იყოს ქმარი, მამა და..."

-  და მესამე მე უნდა დავასახელო? საყვარელი? არა, ამას არ იტყოდა. მეომარი ხომ არა?

-  გამოიცანით. "...ქმარი, მამა და ჯარისკაცი". რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ ასკილი - მაღალი საზოგადოებიდან?

-  ვარდს, რადგან ასკილი ვარდისებრთა ოჯახიდანაა.

-  დაასახელეთ მხატვარი, რომელმაც ჯოკონდა ულვაშებით გამოსახა.

-  სალვადორ დალი. ხედავთ, რა ნიჭიერი ვარ? სალვადორი მაგარი კაცი იყო. მისი შემოქმედებაც მომწონს და არაორდინარულობაც. მისი გიჟობები საინტერესოა, მხატვარს უხდება.

-  რა ერქვა მდინარეს კანადაში, სადაც პირველად ოქრო იპოვეს?

-  ვაიმეე! ეგ რა მკითხე, არ ვიცი.

-  კლონდაიკი. იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი ქალების მოყვარული ყოფილა. რომელიმე ქალი თუ მოეწონებოდა, მის ქმარს იმპერატორის მამულში ნადირობის ნებას რთავდა, რაც დიდ პატივად ითვლებოდა. ვისაც ეს საპატიო ნება მიეცემოდა, მის ჭიშკარზე ირმის რქებს მიაკრავდნენ, მეფე კი სანადიროდ წასულის ცოლს სტუმრობდა. აქედან წარმოიშვა გამონათქვამი, რომელმაც ჩვენს დრომდეც მოაღწია. რომელ გამონათქვამზეა ლაპარაკი?

-  "ცოლმა ქმარს რქები დაადგაო".

-  რა კარგი რესპონდენტი ხართ.

-  განათლებული მომღერალი ვარ, აბა, რაა! ამ ბლოკნოტში მიწერია. "ლარი" რომაული სიტყვაა. ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჩვენ ვამბობთ - სული ამოუვიდაო. ისინი ამბობენ, ლარი ამოუვიდაო. ანუ ლარს გარდაცვლილ სულს უწოდებენ.

-  საინტერესოა. კიდევ რა გიწერიათ?

-  "ვულკანი" ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთია რომაულ მითოლოგიაში. აბესალომი (აბშალომ) ნიშნავს - "მამა მშვიდობისა". "ეთერი" (ესთერ) ყველაზე წმინდა და სუფთა ადგილსამყოფელს, ღმერთების სამყოფლის ზემოთ, ზეცაში. ეს რომ გავიგე, ძალიან მესიამოვნა.

-  როგორც ცნობილია, სიმღერა საქართველოში ისევე, როგორც შელოცვა, სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლიათ?

-  ვერ ვიხსენებ.

-  "ბატონებო". ამ ცნობილ მოდელიერთან ერთ-ერთ მოდელად გალაკტიონის მუზას - მერი შერვაშიძეს უმუშავია.

-  ეს არ ვიცი, მაგრამ იქნებ გამოვიცნო.

-  დიზაინერი ფრანგი იყო.

-  ინტუიცია მეუბნება, კოკო შანელიაო და ვთქვა?

-  ინტუიცია არც ამჯერად გღალატობთ. "ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა წერია, ვინ..."

-  "...მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".

-  ვის უწოდებენ "ვალსების მეფეს"?

-  შტრაუსს.

-  ადამიანის რომელ თვისებას უწოდა შექსპირმა "მწვანეთვალება ურჩხული" - შურს, სიხარბეს, სიყვარულს თუ ეჭვიანობას?

-  ალბათ ეჭვიანობას.

-  თავად ეჭვიანი ადამიანი ხართ?

-  ეჭვიანი საერთოდ არ ვარ. არც შური და ბოროტება ვიცი, რა არის. ეს ბედნიერება არაა? ადამიანებზე ვგიჟდები. გაცემული სიყვარული უკან მიბრუნდება. იმიტომ ვერ გაიგეს, რამდენი წლის ვარ. იმდენს ვიტყუები, თავადაც დამავიწყდა. ბოლოს თავი ისე დავიპატარავე, ჩემს შვილზე 10 წლით უფროსი გამოვედი.

-  ასაკს როდის გაამხელთ?

-  102 წლის რომ გავხდები.

-  რას უწოდებენ დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს?

-  არ ვიცი.

-  ორდინარულს. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

-  1 ჭიქას დავლევ და მთვრალი ვარ (იცინის).

-  "მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული. თუმცა, მოჩვენებით ხშირად მომიჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი. ეტყობა ვერც ვერასდროს ვიგრძნობ ამ გულის ძგერას... ავხორცი თუ ვარ? მაშა! არ მოუტყუებიხართ, ოღონდ განა საშიშარი ვარ. ქალს დავინახავ თუ არა, როდი შევყივლებ და ვეძგერები. სრულიად ურისკოდ შეიძლება ჩემთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, მით უმეტეს თუ ხმის მისაწვდენ ადგილზე პოლიციელი მორიგეობს"... - ეს არის მწერლის მიერ შეულამაზებლად დახატული ავტოპორტრეტი. დაასახელეთ ეს მწერალი.

-  არ ვიცი.

-  ამბობენ, როცა იგი გარდაიცვალა, პარიზის ყველა საროსკიპომ გლოვა გამოაცხადაო.

-  ვერ გიპასუხებთ. ასეთ ფაქტს ვერც ერთი მწერლის ბიოგრაფიიდან ვერ ვიხსენებ.

-  გი დე მოპასანი. არისტოტელემ მას სურვილების შესრულების გარანტი უწოდა. ჰენრი ფორდმა კიდურებს შეადარა, ბერნანდ შოუ თვლიდა, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყანაზე. დაასახელეთ, რაზეა ლაპარაკი?

-  სიყვარულზე, არა?

-  ცდებით, ფულზეა ლაპარაკი.

-  ციცერონმა თქვა: "ფულია ყოველი მოქმედების სათავე".

-  "სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშის მომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში. ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე". რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

-  კონსტანტინე გამსახურდია.

-  ფიქრობენ, რომ ეს კულტურა 1493 წელს, ამერიკიდან ესპანეთში ქრისტეფორე კოლუმბმა ჩაიტანა. ესპანეთიდან საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხვდა, მერე იტალიაში, თურქეთში, შემდეგ - დასავლეთ საქართველოში.

-  ეს როდის მოხდა?

-  XVII საუკუნეში. ამ მცენარეს საკვებად ვიყენებთ.

-  სიმინდი, არა?

-  რა თქმა უნდა. დაასახელეთ ზღვა, რომელიც ზღვის დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს.

-  მკვდარი ზღვა.

-  იტალიაში ზოგიერთი ქუჩის კუთხეში დგას ღვთისმშობლის სკულპტურა. მასზე აბრებია მიკრული. რა წერია ამ აბრებზე?

-  ვერ ვიხსენებ.

-  ქუჩების დასახელებები. ვინ წარუძღვა ძლევამოსილი საქართველოს ლაშქარს ფეხშიშველი, ბასიანის ბრძოლის წინ?

-  თამარ მეფე.

-  ეს პოეტი 5 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა ხიდან ჩამოვარდა და დაკოჭლდა. ახალგაზრდა პოეტი ბედის საძიებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. 1924 წელს მწერალთა კავშირის განკარგულებით, რამდენიმე ხნით სასტუმრო "გლეხთა სახლში" ცხოვრობდა. ეს ფაქტი მის დღიურებშიც არის დადასტურებული. დაასახელეთ ეს პოეტი.

-  ვერ ვხვდები, ვისზეა ლაპარაკი?

-  "გაზაფხულის საღამოა მშვიდი,/ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,/ სული საზღვარს გადაცდება ფრენით./ ახლაც მახსოვს მისამართი შენი".

-  უნიჭიერესი ტერენტი გრანელი. გენიოსები ხშირად ტრაგიკული ბედის ადამიანები არიან.

-  დაბოლოს, დაასრულეთ შექსპირის ცნობილი გამონათქვამი: "გიყვარდეს ყველა, ენდე ცოტას და არავის..."

-  "...არავის უღალატო". დაბოლოს გეტყვით, ყველამ ასე ვიცხოვროთ, რაა!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია