ზაზა ურუშაძემ მოსისხლე მტრები ერთ სახლში დააბინავა

ზაზა ურუშაძემ მოსისხლე მტრები ერთ სახლში დააბინავა

მალე თბილისის კინოთეატრებში რეჟისორ ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის - "მანდარინების" პრემიერა შედგება. 7 ოქტომბერს კი კინოთეატრ "რუსთაველში" ჟურნალისტებისთვის მისი დახურული წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართა. უნდა ითქვას, რომ ქართველ რეჟისორს მოსალოცად აქვს საქმე, პროექტი შედგა და მას კინოფესტივალებისკენ გზა ხსნილი აქვს.

სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა კადრში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი ჟანრობრივად დრამაა და აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს.

ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში მცხოვრები თავისი კუთხის შვილები იქიდან გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა.

სცენარში ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრის დამოკიდებულებაა ნაჩვენები, ანუ მტრების ერთ სახლში ურთიერთობა. რეჟისორი ზაზა ურუშაძე მაყურებელს დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბულ ამბავს საოცარი ოსტატობით სთავაზობს. ეს პირველი ქართულ-ესტონური ფილმის შექმნის მცდელობაა და არცთუ ურიგო, რომელშიც ქართველ მსახიობებთან ერთად, ესტონელებიც შესანიშნავად თამაშობენ.

"მანდარინები" ვარშავის "ა კლასის" საერთაშორისო კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში უკვე მოხვდა. ფესტივალი 11-20 ოქტომბრამდე გაიმართება.

მიშა მესხი, მსახიობი (ქართველი მოხალისის როლის შემსრულებელი):

- ფილმში მთავარი არც მარტო ომია და არც ის, რომელ ქვეყანაში დაიბადები. მნიშვნელოვანი ურთიერთობაა. ყველგან და ყოველთვის ადამიანობა უნდა შეინარჩუნო. ჩემთვის ფილმში ყველაზე საინტერესო ესტონელი მოხუცის, ივოს სიტყვებია, რომელსაც ის ჩეჩენ მებრძოლს ეუბნება: მოვკვდები და კაცისთვის მიცემულ სიტყვას მაინც შევასრულებ. შენც დადე პირობა, რომ ჩემს სახლში ქართველს არ მოკლავო. ჩეჩენი პასუხობს: კავკასიელს მასწავლი სიტყვის შესრულებასო?

ჰოდა, კავკასიელებს, ქართველებს ბოლო დროს დაგვავიწყდა, რომ ქართველებს ერთადერთი, უზენაესი ”სიტყვა” გვაქვს და დანაპირების შესრულება დავივიწყეთ... მოდი, ყველამ შევასრულოთ ჩვენი დანაპირები.

- "მანდარინებში" რაღაც განსხვავებული სახე შექმენით. არ მეთანხმებით?

- ეს როლი ჩემთვის მართლა ახალი სახე იყო, ასეთი როლი არ მითამაშია, მაგრამ ზაზასთან მუშაობა ჩემთვის არ იყო ახალი, მეორე ფილმი გავაკეთეთ ერთად და ამჯერად სრულიად მივენდე. მგონი, კარგი ნამუშევარი გამოგვივიდა და ის სტერეოტიპიც დაიმსხვრა, რომ მიშა მესხი თავის თავს თამაშობსო.

გიორგი ნაკაშიძე, მსახიობი (ფილმში ჩეჩენი ბოევიკის როლს ასრულებს):

- ეს როლი პირველ რიგში, ჩემი ცხოვრების, სულის ნაწილია, რომლითაც გამოვხატეთ ის სატკივარი, რაც გვაწუხებს. საოცარი რამეები მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ისევ უცნაური ამბები ხდება ჩვენს თავს. ოკუპირებულები ვართ, არ შეიძლება ასე იძალადო ერზე. ვიმეორებ, მე ფილმის ერთ-ერთი მონაწილე ვარ და საოცრად მტკივა ეს ყველაფერი.

- თქვენ "მანდარინებში" მუსლიმანის, დაქირავებული ჩეჩენი მეომრის როლი გაქვთ...

- დიახ, და უცნაური აქ სწორედ ეს არის, რომ ჩეჩენს ვთამაშობ... გადაღება თვე-ნახევარი მიმდინარეობდა და მანამდე მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, რაზეც ყველამ ერთად ბევრი ვიფიქრეთ, რომ ეს კონკრეტული პროდუქცია მიგვეღო.

ზაზა ურუშაძე, ფილმის რეჟისორი:

- ეს იდეა ესტონელმა პროდიუსერებმა შემომთავაზეს. აფხაზეთში ადრე ესტონელები ცხოვრობდნენ, იქ მათი რამდენიმე სოფელი არსებობდა. ომი რომ დაიწყო, ესტონეთის ხელისუფლებამ მათ სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა, რომ ისტორიულ მიწაზე დაბრუნებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 100 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ აქ, მაინც წავიდნენ. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი და ამაზეა ფილმიც და არა მარტო, ამაზე: ქართველი მოხალისე და ჩეჩენი "ბოევიკი" ესტონელის სახლში ხვდებიან, ორივე დაჭრილია და მთელი ფილმის მანძილზე ერთმანეთის დახოცვას ცდილობენ. ვეცადეთ, ფილმი ტოლერანტობასა და ადამიანთა შორის მეგობრობაზე ყოფილიყო. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენი გმირები, ცდილობენ, შეინარჩუნონ ადამიანობა.

- რას გვეტყვით ესტონელ მსახიობებზე...

- ესტონელებიდანაც და ქართველებიდანაც არაჩვეულებრივი მსახიობები შევარჩიეთ. ერთ-ერთი საუკეთესო ესტონელებიდან ლამბიტ ულფსაკია, მთავარი როლის (მოხუცი ივო) შემსრულებელი... ესტონური კინო 100 წლისაა და ეს მსახიობი თავისი ქვეყნის საუკუნის მსახიობად დაასახელეს. მათგან კიდევ ორი მსახიობი თამაშობს - ელმო იუგანანი და რავიო ტრასსი...

თავიდან ესტონელების იდეა იყო, რომ ფილმი აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი კუთხის შვილების ცხოვრებაზე შეგვექმნა. სცენარი ორ კვირაში დავწერე და ყველგან - საქართველოშიც და ესტონეთშიც გაიმარჯვა და პროექტმა დაფინანსება მოიპოვა. 32 დღეში გადავიღეთ. გურიაში, ნატანებში ტერიტორია სპეციალურად შევარჩიეთ და შესაბამისად მოვამზადეთ, პავილიონები ავაშენეთ, რაზეც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება