როდის ხდება დაუნდობელი სოფია სებისკვერაძე

როდის ხდება დაუნდობელი სოფია სებისკვერაძე

ფულთან დაკავშირებით, უამრავი ცნობილი გამონათქვამი არსებობს. მაგალითად: დრო ფულია, ფული ხელის ჭუჭყია, ფულს სუნი არ ასდის, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. ამ გამონათქვამების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ფულსა და მის მნიშვნელობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ მის საჭიროებას ნამდვილად, ყველა ერთნაირად განვიცდით. მსახიობი სოფია სებისკვერაძე მიიჩნევს, რომ "ფული გემრიელი რამ არის, მაგრამ მისი სურნელი მართლაც, ნაკლებად სასიამოვნოა".

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- ცუდი გემო ნამდვილად არ აქვს, მაგრამ განსაკუთრებულად გემრიელი ხდება იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრულად გამოიყენებ.

- ბევრ ფულზე, სიმდიდრეზე ხშირად ოცნებობ?

- მიოცნებია იმდენი თანხის ქონაზე, რამდენიც ჩემი ოცნებების ასრულებას სჭირდება. მინდა მქონდეს იმდენი ფული, რამდენსაც გემრიელად, კარგად მოვიხმარ.

- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფული ისე უყვართ, რომ მის დახარჯვაზე უარს ამბობენ, აგროვებენ. შენ თუ დაგნანებია საკუთარი ოფლით ნაშოვნი თანხის დახარჯვა?

- ყველაზე "დაუნდობელი" ფულთან ურთიერთობაში ვხდები. როცა საფულეში თანხა მეგულება, ვერ მოვისვენებ მანამ, ვიდრე ბოლო თეთრამდე არ დავხარჯავ. იმ დღეს არაფრის ყიდვა რომ არ მჭირდებოდეს, რაღაცას მაინც გამოვძებნი (იღიმის).

- ფულს სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- ფულის ხარჯვისას ყოველთვის სიამოვნებას განვიცდი, მაგრამ განსაკუთრებულად ბედნიერი მაშინ ვარ, როცა კოსმეტიკურ საშუალებებს ვყიდულობ...

- ბავშვობაში ყულაბა თუ გქონდა?

- მე და ჩემს ძმას საერთო ყულაბა გვქონდა. ფულს იქ ვყრიდით, ბოლოს კი, თანხას თანაბრად ვიყოფდით. ახლა ჩემს შვილსაც აქვს ყულაბა და გარკვეული თანხის მოგროვებაში მეც ვეხმარები.

- ბანკში ანგარიში თუ გაქვს გახსნილი, რომ დანაზოგის გაკეთება ამ გზით მაინც მოახერხო?

- არც ერთ ბანკში არ მაქვს ანგარიში და შესაბამისად, არც დანაზოგი. ისე, ადრე მქონდა სურვილი, თანხა ამ გზით მეც შემეგროვებინა, მაგრამ სუსტი ნებისყოფა აღმომაჩნდა (იღიმის).

- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ხშირად გიწევს, მატერიალურად ძლიერი იყოს?

- იცი, ზოგიერთი მართლა სიმდიდრის მიხედვით აფასებს ადამიანებს, ვიღაცები მეგობრებსაც მისი ჯიბის სისქის მიხედვით ირჩევენ, ჩემთვის კი ასეთი რამ მიუღებელია. მერწმუნეთ, სხვების მატერიალურ მდგომარეობასა და სტატუსს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უფრო მეტიც - ჩემ გარშემო ვერ იპოვით ძალიან მდიდარ ადამიანს, "ფულიანი" მეგობრები არ მყავს.

- როგორ ფიქრობ, ფულით წარმატების მიღწევა იოლია?

- მხოლოდ ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ოღონდ - დროებით. სიმდიდრის წყალობით შეიძლება უცებ გაბრწყინდე, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოხვიდე, მაგრამ ბოლოს აუცილებლად "ჩავარდები". ნამდვილი წარმატება მხოლოდ ჭკუა-გონების გამოყენებით, დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. ფულით ბევრი რამის შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერსად იყიდი. საცოდავია ადამიანი, ვისაც ეს არ ესმის. ფულით მხოლოდ საკუთარი ოცნებების წარმატებით ასრულებაა შესაძლებელი!

- ოდესმე ფული გისესხებია?

- როგორ არა! ბევჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ფულის სესხება დამჭირვებია და ზოგჯერ, გარკვეული თანხა მეც გამისესხებია. თუ ფული სახლში მიდევს და ახლობელს სჭირდება, აუცილებლად დავეხმარები, ხელს გავუმართავ.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

- ფულთან დაკავშირებით, დიდი პასუხისმგებლობა გამაჩნია: თუ ვიცი, რომ ვალის დაბრუნების საშუალება არ მექნება, არაფრით ვისესხებ.

- ფულს საფულეში ხშირად აკონტროლებ?

- თუ ვიცი, რომ ახლო მომავალში შემოსავალი არ მექნება, თანხის დაზოგვას ვიწყებ. მაგრამ არასდროს ვიცი, საფულეში რამდენი ლარი მაქვს. როცა ფული შემომელევა, ვიწყებ პიჯაკების, ქურთუკების ჯიბეების ჩხრეკას და შანსი არ არის, ხურდა მაინც არ ვიპოვო. ზოგჯერ, ჩემდა გასაოცრად, დიდი თანხაც აღმომიჩენია. მაგალითად, 300 დოლარი, 500 ლარი. თუმცა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- ბავშვობაში ვმღეროდი. ერთხელ კონცერტი გავმართეთ ფოთის სტადიონზე და თუ სწორად მახსოვს, მაშინ 100 დოლარი გადამიხადეს. იმ პერიოდში ძალიან პატარა ვიყავი და აღარც მახსოვს, ის ფული რაში დავხარჯე.

- როგორი მამაკაცები მოგწონს - ხელგაშლილები თუ ზომიერად ძუნწები?

- არ მომწონს, როცა ჩემ გვერდით მყოფი ბევრ ფულს ხარჯავს, რადგან ასეთ დროს უხერხულად ვგრძნობ თავს. თუ ეს პიროვნება ჩემი მეგობარი ან ახლობელი ადამიანია, ვურჩევ, რომ ფული დაზოგოს და არ გაფლანგოს. საერთოდ კი, ხელმომჭირნე არც მამაკაცი მომწონს და არც - ქალი; არც "დაკანონებული" აზრი მომწონს, რომ აუცილებლად, ფული მამაკაცმა უნდა გადაიხადოს, როცა ქალის გვერდით არის...

- მამაკაცთან ერთად ვთქვათ, კაფეში ყოფნისას, ოდესმე თანხა თავად თუ გადაგიხდია?

- კი, გადამიხდია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- გქონია თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა მაღაზიიდან რაიმე ნივთის ან სამოსის ნისიად წამოღება დაგჭირვებია?

- კი, მქონია, მაგრამ ვალი მალევე გამისტუმრებია. ისე, "პოსლეზე" რაიმეს ყიდვა არ მიყვარს.

- ახლა ვინმეს ვალი თუ გაქვს?

- არც ახლობლის ვალი მაქვს და არც - ბანკის (იცინის).

- იშვიათი და ბედნიერი გამონაკლისი ყოფილხარ, რადგან ბანკის ვალი ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს...

- მე უბრალოდ, ამ საკითხში ძალიან მშიშარა ვარ: სანამ ფულს ვისესხებ, ათასჯერ უნდა გავთვალო, თუ როგორ შევძლებ მომავალში მის გადახდას.

- საჩუქრების შესაძენად, სხვისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ფული არასდროს გენანება?

- საჩუქრების გაკეთება მართლა ძალიან მიყვარს, შეიძლება, გასაოცარი და ძვირად ღირებული ნივთი ვერ ვუყიდო ადამიანს, მაგრამ როცა ამის საჭიროებაა, სამახსოვროდ რაღაცას მაინც ვჩუქნი.

- როცა სამუშაოს გთავაზობენ, წინასწარ არკვევ თუ არა, ამ საქმეში რამდენს გადაგიხდიან?

- საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ყოფილა შემთხვევა, როცა საქმე მიზერული თანხის საფასურად გამიკეთებია. ხომ იცით, თუ ადამიანს რაღაც კარგის გაკეთება უნდა, მას შეიძლება, უბრალოდ დაეხმარო... ფული ჩემთვის ყველაფრის საზომი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ვიცი, რომ დიდბიუჯეტიან პროექტში მიწევს მუშაობა, რა თქმა უნდა, გიჟი არ ვარ და საკუთარი შრომის დაფასებაც შემიძლია.

- როცა ფინანსური პრობლემები გაქვს, დახმარებას პირველ რიგში, ვის სთხოვ?

- ოჯახის წევრებთან მსგავს პრობლემებზე წუწუნი არ მიყვარს, ამიტომ, უფრო ხშირად, ხელის გამართვას მეგობრებს ვთხოვ ხოლმე. თუმცა, მსგავს სიტუაციაში იშვიათად ვვარდები.

- აზარტული ადამიანი ხარ? ფულზე თუ გითამაშია?

- ძალიან აზარტული ვარ, მაგრამ ფულზე მართლა არასოდეს მითამაშია. დამერწმუნეთ, კაზინოშიც არასოდეს ვყოფილვარ.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- ახლა მართლა არაფერს ვაკეთებ. ცოტა არ იყოს, დიდი პაუზა გამომივიდა, მაგრამ კარგი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და ამიტომაც, მშვიდად ვარ. ახლო მომავალში იმედია, მუშაობას შევუდგები.

- წარმატებებს გისურვებ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება