თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს რჩევას აძლევს

თეა წულუკიანი დავით ბაქრაძეს რჩევას აძლევს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს ურჩევს, მალე გამოასწოროს მდგომარეობა და თავისი პარტია უწყებათაშორის კომისიაში დააბრუნოს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის კომისიაში ჩართვას არ აპირებს.

"სამწუხაროა ეს იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უწყებათაშორის საბჭოდან გასვლით აზიანებს საკუთარ კანდიდატს და მის ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს დავით ბაქრაძეს. პირველ რიგში, მინდა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ვურჩიო, რომ ეს მდგომარეობა მალე გამოასწოროს და დააბრუნოს თავისი პარტის იქ, სადაც ჩვენ ვიხილავთ კანდიდატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავაბაროთ წარსულს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებული კულტურა ბოიკოტის და წუწუნის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს მუშაობის კულტურა.

"ამ კომისიაში სამუშაო გარემო ნამდვილად არის. ჩემი გადასაწყვეტი არ არის როდის დაბრუნდებიან და იმედი მაქვს დაბრუნდებიან ისინი ამ კომისიაში. ასევე ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვისით იქნებიან წარმოდგენილი. მთავარია ერთი რამ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ კანდიდატს უნდა გაუწიოს ანგარიში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ამ კონტექსტში გუშინდელი შემთხვევა გაიხსენა, რომლის დროსაც, დავით ბაქრაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ცაგერის საკრებულოს წარმომადგენელი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.

"გუშინ, ცაგერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება გავაკეთეთ, როდესაც ვინმე ახვლედიანი, საკრებულოს წევრი, ნასვამი მივიდა ბაქრაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე. ეს წარმოუდგენელი რამ არის, თუმცა ერთეული შემთხვევაა. ყველა კანდიდატს მარგველაშვილი იქნება ეს, ბურჯანაძე, ჯავახაძე თუ ბაქრაძე სჭირდება უწყებათაშორისი კომისია და პარტიებმა მას პატივი უნდა სცენ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების სურვილი აქვს.

"უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, თეა წულუკიანმა, რომელიც თავმჯდომარეობს აღნიშნულ კომისიას და უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების გარანტს, დაადასტურა რომ მისი მიზანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება რასაც, მისი აზრით, მიაღწია კიდეც. ამასთან, მინისტრმა კომისიის წევრების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ უკვე მერამდენედ გამოამჟღავნა არაპროფესიული და აგდებული დამოკიდებულება.

მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი კომიიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება წარმოადგენს ღია დეკლარაციას იმისა, რომ ის თავის ფუნქციას ხედავს არა თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ხელისშეწყობაში არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიის დევნასა და შევიწროვებაში.

წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ სრულიად აზრს მოკლებულია და, უფრო მეტიც, შეურაცმყოფელია ჩვენი წარმომადგენლის კომისიის სხდომებზე დასწრება, რომლის მიზანი, მისივე თავმჯდომარის თქმით, ყოფილა არა სამართლიანი არჩვენების ჩატარება არამედ ჩვენი პარტიის განადგურება და დევნა", - აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".

მიუხედავად აღნიშნულისა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაინც განაგრძობს როგორც კომისიის ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა დარღვევების შესახებ წერილობით ინფორმირებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა