ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია

ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია

ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულების პრობლემა დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს.

"უფროსი და უმცროსი თაობა ერთი მთლიანობა უნდა იყოს და ერი, რომელშიც ეს მთლიანობა დარღვეულია, სუსტია. ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები. ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოვყოთ დღეები, როდესაც გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, გამოჩენილ ადამიანებს. მინდა, პირველი ასეთი შეხვედრა მოვაწყოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელთან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დავით აღმაშენებლის ცხოვრება საოცრებაა, რადგან ეს არის მთლიანად მინდობა უფლისადმი.

"დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები და მზად იყო, საკუთარ ჯართან ერთად დაცემულიყო, თუმცა ამავდროულად, ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. შევთხოვ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გაწმინდოს ჩვენი გული, რათა იგი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. არსებობენ პიროვნებები, რომლებშიც ვითარდება კეთილი თვისებები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ბოროტების გარეშე არ შეუძლიათ; მუდმივად ცდილობენ, დათესონ ღვარძლი, მაგრამ ღვარძლი დაიწვება და ხორბალი დარჩება", - ბრძანა პატრიარქმა, რომელმაც მოწყალებაზე ისაუბრა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, ეს არის ის გზა, რომელიც ადამიანს სასუფეველში მიიყვანს. "ძალიან ხშირად, ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ თავსა და ინტერესებზე ზრუნვით, ვერ ვხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომაც გვეუბნება უფალი - იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არს. ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ადამიანის, როგორც პიროვნების როლსა და დანიშნულებაზეც ისაუბრა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ადამიანი ხშირად არ ფიქრობს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად.

"შემთხვევით არაფერი ხდება და შემთხვევითი არ არის, რომ უფალმა ამ სოფელს მოგვიყვანა. ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ის, რომ დავუახლოვდეთ უფალს, მოყვასს, ბუნებას, რათა შეიკრას პიროვნების მთლიანობა. უფალი ყველას და ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ტყუპები, შესაძლოა, გარეგნულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავებული იყვნენ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიყოთ ღვთის შვილები, შევქმნათ ახალი იდეები", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, რომ შექმნას ახალი იდეები. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, არსებობენ სხვაზე დამოკიდებული ადამიანები და ისეთებიც, რომლებიც არსებულით არ კმაყოფილდებიან და მუდმივად ფიქრობენ ახალ იდეებზე.

უწმინდესი სვეტიცხოვლობის დღესასწაულსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სვეტიცხოველში ლოცვა დღეს, 18:00 საათზე, ხოლო წირვა ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის განმარტებით, ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდათაწმიდა ნაწილები, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ისევ გელათში დაბრუნდება.

ასევე, მომავალი შაბათიდან საღამოს ლოცვა 18:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათზე დაიწყება, ვინაიდან, როგორც უწმინდესმა ბრძანა, უკვე მალე ღამდება.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის: ადეიშვილები, კიწმარიშვილები, მოსიძეები, მშვენიერაძეები, ბლიაძეები, შატბერაშვილები, ფავლენიშვილები და ღიბრაძეები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია