საზოგადოების წარმომადგენლები თომას ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

საზოგადოების წარმომადგენლები თომას ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

საზოგადოების წარმომადგენლები სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველს, თომას ჰამარბერგს ღია წერილს უგზავნიან. როგორც ავტორები გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებენ, წერილი ეხება ჰამარბერგის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ დასკვნის იმ ნაწილს, სადაც უფლებადამცველი საუბრობს სექსუალური გარყვნილების პროპაგანდის უფლებაზე. მათი თქმით, დასკვნის ამ ნაწილში ჰამარბერგი რატომღაც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე საუბრობს, რაც ოდეოლოგიური ფანდია.

"უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ისეთი პატივისცემითა და ტოლერანტობით ეპყრობა თავისი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იმდენად თავის სწორად მიიჩნევს მათ, რომ მას არასოდეს აზრადაც არ მოსვლია მათი გატოლება მამათმავლობისა და სხვა სქესობრივი გარყვნილების მქადაგებელ ადამიანებთან. ეს უახლესი იდეოლოგიური ფანდი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გახლავთ, რამდენადაც უნდა ეცადონ მის დამკვიდრებას დასავლეთში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სექსუალური პერვერსიის მატარებელი ადამიანების გაიგივება ნებისმიერი ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, რაც მიზანმიმართულად მოხდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში ამ ბოლო წლებში, ხელოვნური, განზრახ თავს მოხვეული იდეოლოგიაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ადამიანური საზოგადოების ცხოვრების საუკუნოვან წესთან", - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები ჰამარბერგს არ ეთანხმებიან, რომ "ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღნიშვნა უფლებების რეალიზებაა და არა ე. წ. პროპაგანდა."

"ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. ყველანაირი საჯარო ღონისძიება იმის პროპაგანდაა, რასაც იგი ქადაგებს და ამის უარყოფა ალოგიკურია. გვინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ანალოგიური აქციის მცდელობა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის წინ გაიმართა, სადაც ვითომ უწყინარი უფლებების რეალიზება გადაიქცა ბავშვების თვალწინ გარყვნილების პროპაგანდად. თქვენ უფლებებს იცავთ და სწორედ ეს არის იმ მშობლებისა და ბავშვების უფლებების შელახვა, რომელთათვისაც მიუღებელია უზნეობის უსირცხვილო ექსჰიბიციონიზმი. საქართველოში გარყვნილების მიმდევრებს, რომელთაც იციან, რომ ცოდვას სჩადიან, არავინ ერჩის, რადგან ჩვენი ტრადიციისამებრ ყველა ადამიანმა საკუთარ სინდისსა და წესიერებაზე უნდა იზრუნოს. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების საუკუნოვანი წესები იძლევა გარყვნილებისა და უწესობის საჯაროდ პროპაგანდისა და ზეიმის უფლებას", - ნათქვამია წერილში.

ამასთან, წერილის ავტორები ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

"თქვენმა დამსაქმებელმა თქვენ სამუშაოდ ტრადიციულ საზოგადოებაში მოგავლინათ. დიპლომატიის ნორმები თქვენგან მოითხოვს პატივისცემას იმ ქვეყნის ტრადიციებისა, სადაც იმყოფებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თბილისში ქრისტიანული ზნეობის დაცვას 100 000-მა ადამიანმა რამდენიმე დღეში ნებაყოფლობით თავი შესწირა. თბილისელები ამ ადამიანებს წმინდანებად მიიჩნევენ. თქვენ კი გამოდიხართ და ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის მცხოვრებთ ჭკუას გვასწავლით, თუ რა არის წესიერება და კიდევ ამბობთ, რომ, თურმე ჩვენც უფლება უნდა მოგვეცეს ჩვენი აზრის გამოხატვისა! მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ თქვენ გეძლევათ ჩვენგან უფლება ჩვენს ქვეყანაში თქვენი აზრის თავისუფლად გამოხატვისა, ჩვენ კი უფლებას ვიტოვებთ, გაგცეთ პასუხი თქვენს აზრზე", - აღნიშნულია წერილში.

საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჰამარბერგმა და დასავლეთმა არ უნდა მოუწოდონ საქართველოს საზოგადოებას მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების წესის ძირეული გადაკეთებისკენ.

"ამა წლის 17 მაისის აქცია გახლდათ პროვოკაცია მიმართული საზოგადოების დესტაბილიზაციისა და დაპირისპირებისაკენ. შეგახსენებთ, რომ იმავე ადგილზე, რუსთაველის პროსპექტზე, სააკაშვილის რეჟიმმა მშვიდობიანი დემონსტრანტები დახოცა 2011 წლის 26 მაისს. დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები მკვლელებმა იქვე მდებარე მაღაზიის თავზე დამალეს და დილას იქ სამხედრო აღლუმი ჩაატარეს. ევროკავშირის ქვეყნების ის წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ იმ გვამებიდან ასიოდე მეტრში და ერთი პროტესტი არ გამოუხატავთ წინა ღამით ადამიანის სიცოცხლის უფლების შელახვასა და ასობით ადამიანის უსასტიკესად დასახიჩრებაზე, წელს ელვისებური სისწრაფით გამოესარჩლნენ გარყვნილების პროპაგანდისტებს, რომელთაგანაც, მადლობა ღმერთს, ერთი მსხვერპლიც კი არ ყოფილა. რა დასკვნები უნდა გააკეთოს ამის შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ დასავლეთის პრიორიტეტებზე ადამიანების უფლებებთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში?", - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა გაოგნებას იწვევს.

"თქვენ ამბობთ, რომ "საქართველოს ეკლესიამ ნათლად უნდა გამოხატოს, რომ წინააღმდეგია ლგბტ ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობისა."გვიკვირს, რომ გვაიძულებთ, შეგახსენოთ, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ იმ დღესვე განაცხადა, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას. ორიოდე საეკლესიო პირის გადაცდომაზე მიზანმიმართულად აგებული ტელეკოლაჟის საფუძველზე ჩვენი ეკლესიის როლის ასეთი გაყალბება და უსამართლოდ დახატვა ჩვენში გაოგნებას იწვევს. საერთოდ ყოველგვარი მცდელობა დასავლეთის მხრიდან ჩვენს ეკლესიაზე ზეწოლისა, ჩვენთვის, როგორც არასაეკლესიო, საერო პირთათვის მიუღებელია. ჩვენთვის გარყვნილების პროპაგანდა მიუღებელია ასევე დემოგრაფიის კუთხითაც. ამ პირობებში ჩვენი ერისათვის სრულიად დამღუპველია ანტიოჯახური უზნეობის პროპაგანდა, რომელსაც თქვენი მხარდაჭერილი იდეოლოგიით წლიდან წლამდე ახალ-ახალი აბრევიატურები ემატება. რომელ ერთს ვდიოთ, ბატონო თომას, რას გვეტყვით, თუ მომავალ წლებში გარყვნილების მხარდაჭერილი ინტერნაციონალის ოთხ ასოს კიდევ სხვა აბრევიატურებსაც შემატებს დასავლეთი? განა არ მიდის თქვენთან ზრდასრული ადამიანების ბავშვებთან სქესობრივი კავშირის ლეგალიზაციისათვის პოლიტიკური ბრძოლა ადამიანის უფლებების დროშით?. ნება გვიბოძეთ, თავად განვსაჯოთ, რა არის ჩვენთვის პატივცემული და ბევრ რამეში მისაბაძი დასავლეთიდან მისაღები და რა - მიუღებელი. და თუ ჩვენი მეგობრობა თქვენთვისაც უბრალოდ სიტყვა არ არის, მაშინ თქვენც უნდა გჯეროდეთ მისი ფუნდამენტური თვისებისა, რომელსაც მეგობართა თანასწორობა ჰქვია. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენც უნდა გსურდეთ ჩვენგან რაღაცის სწავლა ან შეხსენება", - აღნიშნულია წერილში.

ღია წერილი გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა და მას ხელს აწერენ პოეტი რეზო ამაშუკელი, მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, რეჟისორი გოგა ხაინდრავა და სხვა პირები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია