მაია ფანჯიკიძე - ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ

მაია ფანჯიკიძე - ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება, ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ

სამწუხაროდ, რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმის პროცესის შესაჩერებლად, საერთაშორისო დახმარების გარდა, სხვა საშუალება არ გვაქვს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ავსტრიული გამოცემა Der Standard-თან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიყენებთ ძალას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების გვჯერა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენს მოსახლეობას ვუწევთ ანგარიშს და მათი ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება არ გვინდა. მაგრამ ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველომ საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან, ასევე მკაცრი განცხადებები გააკეთეს აშშ-მა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა.

"ასე რომ, საერთაშორისო რეაგირება შესაბამისი იყო და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერის, თუმცა ამან რეალურად ვერ აღკვეთა ეს პროცესი, რომელიც ისევ გრძელდება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა წინა ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ არ არის აგრესიული, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო და ამიტომაც რუსეთის მიმართ დამოკიდებულებამ უფრო მშვიდ ტემპში ჰპოვა.

"მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ ეს სუფთა ხელებით შეძლო. ის უკვე ათ წელზე მეტია იქიდან წამოვიდა და აღარ ყოფილა რუსეთში, არც რუსეთის ხელისუფლებას იცნობს პირადად. ასე რომ, მას რუსეთთან განსაკუთრებული კონტაქტები არა აქვს. ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკას ატარებს და არ არის აგრესიული, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობისას იყო. ეს დრო მთავრდება. ვიმედოვნებ, რომ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ დადებითი იმპულსები, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების სხვა ფორმატში გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურში გადაიზრდება. ამ ეტაპზე ეს ასე არ არის და რუსები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან საოკუპაციო ხაზის გამაგრებით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც მაია ფანჯიკიძემ ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების სანაცვლოდ, ერთობ ჰოპოთეტური საკითხია. მისივე თქმით, ეს საკითხი ასე არ განიხილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს უამრავი შესაძლებლობა, თუ როგორ მოხდება ნდობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის.

"ცხოვრების ყველა სფეროში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ადამიანებს შორის კონტაქტების ასამუშავებლად აუცილებელია მათი გააქტიურება. მცირედით უნდა დავიწყოთ, რომ დიდ შედეგამდე მივიდეთ", - განაცხდა მაია ფანჯიკიძემ.

ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია ისეთი ტერმინებით აზროვნება, როგორიც გავლენის სფერო და ახლო საზღვარგარეთია.

"21-ე საუკუნეში უკვე აღარ შეიძლება ისეთი ტერმინებით აზროვნება, როგორიცაა  გავლენის სფერო და ახლო საზღვარგარეთი. ეს არც რუსეთისთვის იქნება კარგის მომტანი. მაგრამ დემოკრატიული განვითარება ყველგან, რუსეთშიც კი არის შესაძლებელი. მე ამის მჯერა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა