"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"

"ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება"

რატომ არ ჰგავს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ადრე ჩატარებულ სხვა არჩევნებს? განსხვავებულია თუ არა ერთმანეთისგან საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, დაპირებები და პოლიტიკური ხედვები - ამ საკითხებზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გვესაუბრება:

- ეს არის არჩევნები მკაფიოდ გამოხატული ლიდერების გარეშე, რაც განაპირობებს ამომრჩევლის დაბნეულობას და შესაძლოა მეორე ტურის საზღვარზე აღმოვჩნდეთ. პრეზიდენტობის სამ გამორჩეულ კანდიდატურას განვიხილავ: მათგან მარგველაშვილს საკუთარი თავი პოლიტიკურ ლიდერად არ შემოუთავაზებია და არც მის დასახელებას ჰქონია რამე საინფორმაციო პრელუდია. იგი ჯერაც ივანიშვილის კრეატურად (პირი, რომელიც დაწინაურებულია არა თავისი პირადი ღირსება-დამსახურების მიხედვით, არამედ გავლენიანი პერსონის წყალობით) აღიქმება და ახლა  ამ დანაკლისის ანაზღაურებას ცდილობს. ბაქრაძე გარდამავალი ფიგურაა, ვფიქრობ, მისი დღევანდელი როლი მაქსიმალური ზღვარია, რასაც იგი ოდესმე შეასრულებს ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული არგუმენტი არსებობს, რომელთა დაძლევაც გაუჭირდება.

კანდიდატებს შორის არ არსებობს ისეთი პირი, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის უპირობო ავტორიტეტი იქნება. ამას ემატება ისიც, რომ დღეს საზოგადოებაში ნაკლებად არის არმაგედონის, კეთილი და ბოროტი ძალების საბოლოო შეჯახების მოლოდინი (თუმცა ცდილობენ ვნებების გაღვივებას, განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების იდეის მეშვეობით). შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამის მიზეზი კანდიდატების არაქარიზმატულობაა, თანაც თითქოს წინასწარვე ცხადია, რითი დამთავრდება არჩევნები. ეს ნაწილობრივ ასეცაა, თუმცა ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ამომრჩეველი თანდათან იაზრებს პოლიტიკისადმი მითოსურ-პოეტური დამოკიდებულების მთელ მანკიერებას. მეტიც, ყველანი უფრო ნათლად ვგრძნობთ, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთავარი სუბიექტი თავად ჩვენ ვართ. და კიდევ: ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკოსს იმთავითვე ეჭვმიტანილის მდგომარეობაში ვაყენებთ. სხვა საქმეა, რომ თავად პოლიტიკოსები ვერ ეჩვევიან ამას. მთავარია, ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვიმარჯვოთ რაციონალური ეჭვი საიმისოდ, რომ ნებისმიერმა არ მოინდომოს ჩვენი მართვა.

ამით საზოგადოება თანდათან ძნელი სამართავი გახდება პოლიტიკური კლასისათვის და ეს უკანასკნელიც ეცდება, ჩვენთან ურთიერთობისთვის უფრო ადეკვატური ენა გამოიმუშაოს. ვინც ამას ვერ შეძლებს, განიდევნება. ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობას" კრიზისისათვის თავის დაღწევა გაუჭირდება. მან ვერ დათმო თავისი ლიდერი და მისი გარემოცვა, საზოგადოებასთან დიალოგის წარმართვა მხოლოდ პიარის ენაზე შეუძლია და სხვ. იგი დაუსრულებლად იმეორებს საკუთარ თავს და ვერ გრძნობს, თუ როგორ კარიკატურულ სახეს იღებს მისი მცდელობები. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს კეთილი სიტყვა არ მითქვამს "ნაციონალურ მოძრაობაზე", დარწმუნებული ვარ, მისი ტოტალური განადგურება მძიმე შეცდომა იქნება. თუმცა, ისიც ცხადია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ... მთავარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება გამოცდილებას იძენს. ცხადია, ჩვენში დღესაც მრავლად არიან ეგზალტირებულები, რომლებისთვისაც სამიტინგო-რევოლუციური თრობა აუცილებელია, რათა საკუთარი მნიშვნელობა იგრძნონ. მრავლად არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, ვინც ვერ გამოსულა 1989 წლის 9 აპრილის პოლიტიკური მეთოდების ტყვეობიდან. საბედნიეროდ, საკმაოდ მრავალნი არიან ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ რაციოს სასწორზე შეაგდონ პირები და მოვლენები და ასეთების რიცხვი თანდათან იზრდება. ალბათ, ოდესმე შესწავლის საგანი გახდება, თუ რა გავლენა მოახდინა ჩვენს ისტორიაზე სოციალურმა ქსელებმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა