აუხდა თუ არა მაია ასათიანს ნათელმხილველის წინასწარმეტყველება

აუხდა თუ არა მაია ასათიანს ნათელმხილველის წინასწარმეტყველება

ამბობს, რომ მისი ცხოვრება ერთი დიდი ხუთშაბათია. ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ბედნიერია, რომ დღეს საკუთარი გადაცემა აქვს. 21 წელია, კამერის წინ დგას, მაგრამ ყოველი გადაცემის ჩაწერისას ისევ ნერვიულობს. რას შეცვლიდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ვერ ისწავლა დღემდე და როდის არის "სულელი და ბედნიერი"? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ...მაია ასათიანი.

- დაბადების თარიღი...

- ...1977 წლის 4 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ის, ვინც დღეს ვარ. პროფესიულ გზაჯვარედინზე არასდროს ვმდგარვარ. საკუთარი თავი როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ისე წარიმართა ჩემი კარიერა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, ოცნების ახდენა რად დამიჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მსხვერპლის გაღება მომიხდა, რთული პერიოდი არაერთხელ მქონია, შეცდომაც დამიშვია და საკუთარი თავიც არ მომწონებია (ეს ყველაზე მტკივნეულია). არასდროს მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, დავიკარგებოდი. საკუთარი თავი ვერც ერთ სხვა სფეროში ვერ წარმომიდგენია.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...ეს თემა მაღელვებს. რამდენიმე წლის წინ კარგ ტონად მიიჩნეოდა, მაია ასათიანზე თუ იტყოდი, გოიმი და მდაბიოაო. მე მიწევდა იმის მტკიცება, რომ ვარ სახალხო გადაცემის ავტორი (რაც მეამაყება) და არ ვარ მდაბიო. ამას განვიცდიდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მღვდელი ჭილოფშიც იცნობა. თუ ვინმეს უნდა ჩემზე რამე თქვას, ილაპარაკონ. მე ხომ ვიცი, ვინც ვარ.

- მეგობრები, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ...

- ...მარტივი ადამიანი არ ვარ. შეიძლება, ეს გარეგნულად არ ჩანდეს, მაგრამ არის დღეები, როცა ხელშეწყობა მჭირდება. ძალიან ახლობლებმა იციან, როდის არ უნდა დამელაპარაკონ, როდის მჭირდება გვერდში დგომა და გამხნევება. კონფლიქტური არ ვარ. ყოველ ოთხშაბათს, შინ გვიან დაბრუნებული, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ამ დროს არავინ უნდა დამელაპარაკოს. როგორი მარტივი გადაცემაც უნდა მქონდეს, ხუთშაბათისთვის ვემზადები. ახლობლებმა იციან, რომ ხანდახან გვერდით დგომა ახლოს მოსვლას ნიშნავს, ხანდახან - თავის არიდებას. ოთხშაბათი, ხუთშაბათი მძიმე დღეებია. პარასკევს დღის 12 საათისთვის, როცა გადაცემის რეიტინგი მოდის და ვიგებ, შედეგი კარგია, სხვანაირი ვხდები.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას გავივლიდი და იმავე შეცდომებს დავუშვებდი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს დღემდე ვნანობ. მახეში გაბმაც საჭიროა - ხშირად ეს მეტად გაძლიერებს, ახალს სწავლობ. შეცდომებს ყოველთვის ვაანალიზებ და იმასაც ვფიქრობ, რა შემძინა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...კრიზისულ პერიოდს, რომელიც ბავშვობაში მქონდა. რომ არა 90-იანი წლების დაძაბულობა, შეიძლება, ასეთი ძლიერი არც ვყოფილიყავი. გაჭირვებამ გამაძლიერა, ბიძგი მომცა. მე ან უნდა გადავრჩენილიყავი, მეორე ნაპირზე ცურვით გავსულიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა, ან ჩავძირულიყავი.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...შვილთან ერთად ვარ. როცა არჩევანის წინაშე ვდგავარ - სახლში წავიდე თუ კლუბში გასართობად, ყოველთვის შვილთან ყოფნას ვამჯობინებ. თეატრში, კონცერტზე, გამოფენაზე ერთად დავდივართ.

- თვისებები, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს და არ მომწონს...

- ...მომწონს, რომ მებრძოლი ვარ. ვცდილობ, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც რაღაც კარგი მოვძებნო: ეს ხან მეხმარება, ხან - მაზარალებს. არ მომწონს სიჯიუტე, მაგრამ ეს თვისებაც საჭიროა. ფიცხი ხასიათი მაქვს და ესეც არ მომწონს.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ვგრძნობ, რომ დამნაშავე ვარ და მაშინაც, როცა ვიცი, მართალი ვარ, მაგრამ იმ მომენტში დათმობაა საჭირო, რათა მერე წინ წავიდე.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვნანობ. არის შეცდომები, რომელთა ჩადენაც დიდ ტკივილად დამიჯდა.

- პროფესიულ შეცდომებს...

- ...ვიმახსოვრებ, ვაანალიზებ და ვცდილობ, მათზე გავიმარჯვო. მოკლედ, საკუთარ თავზე ვმუშაობ, ყველა შეცდომა მახსოვს.

- როცა გადაცემაში ნინი ბადურაშვილი მოიწვიე, უთხარი: ჟურნალისტებს შენთან ბოდიში აქვთ მოსახდელიო. ამით ბევრი კოლეგა გაანაწყენე. იყო თუ არა ეს შენი შეცდომა?

- მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენი პროფესიის სადარაჯოზე ვდგავართ და ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, არსებობს ადამიანური განცდებიც. მგონია, მაშინ მედია 9 თვის ორსულ ქალთან მართალი არ იყო. ვაცნობიერებ, რომ ცნობილი ადამიანის პირად ცხოვრებაში მომხდარი ამბები ყველას აინტერესებს, მაგრამ ყველანი შემწყნარებლები უნდა ვყოფილიყავით.

- ხშირად პრესის ჟურნალისტების მისამართით კრიტიკა დაუმსახურებლად ისმის. არადა, მახსენდება შენ მიერ დასმული კითხვები შორენა ბეგაშვილთან: კვირაში სექსი რამდენჯერ გაქვს? რომელი ზომა ბიუსტჰალტერი გაცვია? მსგავსი რამ ბეჭდურ მედიაში არასდროს წამიკითხავს...

- გადაცემის თემა სექსი და პლასტიკური ქირურგია იყო. ვერც ერთი სტუმარი ვერ იტყვის, რომ ჩემი კითხვით გამოუვალ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენე. ჩემი მიზანი არ არის ვინმეს პირში ჩალაგამოვლებული დატოვება და არც ტკივილის მიყენება.

- როცა გადაცემის ჩაწერას ვიწყებ...

- ...გარშემო არაფერი არსებობს, ამ დროს მხოლოდ მე და მაყურებელი ვართ. ემოცია აღარ მაქვს და ფეხებზე ცეცხლი რომ წამიკიდო, ვერ გავიგებ; გულის პულსაცია რომ გამიზომო, შეიძლება, საავადმყოფოში წამიყვანო. მოკლედ, ეს ისეთი ადრენალინია, ისეთი დიდი აზარტია, რომ ამის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ხუთშაბათია. გადაცემის ჩაწერას რომ ვამთავრებთ და "პროფილი" ეთერში გადის, მერე პარასკევი დღე რეიტინგის მოლოდინში თენდება და 12 საათის შემდეგ, ახალი გადაცემის დაგეგმვას ვიწყებთ - ეს ერთი უწყვეტი ციკლია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ეს არასდროს მოხდება. შეუძლებელია, საქართველოში ჩემი პროფესიის ადამიანმა ძალიან ბევრი ფულის დაგროვება მოახერხოს. არარეალური ოცნებები არ მიყვარს. ბევრი ფული იმიტომაც არ მექნება, რომ მალე დამეხარჯებოდა. დავხარჯავდი იმისთვის, რომ ახლობელი ადამიანებისთვის ცხოვრება გამელამაზებინა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...საკუთარი სინდისის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ძალიან გულჩვილი არასდროს ვყოფილვარ. ისე, დიდი ხანია, აღარ მიტირია. სასტიკი პროფესია მაქვს და უკვე აღარაფერი მაოცებს - ეს ცუდია.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვის სანაპიროზე, მშვიდ გარემოში ჩემს შვილთან ერთად. სიმშვიდე მომენატრა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ეს ცუდი სიტყვაა. მე ვარ შემდგარი პროფესიაში. ასევე, შემდგარი ვარ როგორც დედა, როგორც დიასახლისი...

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...პატარ-პატარა სიხარულებით, რომელიც არ ჩანს. მცენარეები და ბუნებაში ყოფნა ძალიან მიყვარს. დიდი აივანი მაქვს, რომელიც მტკვარს გადაჰყურებს. ჰოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებაში გასვლას ხშირად ვერ ვახერხებ, ამ აივანზე ბაღი გავაშენე: ხეები, ხვიარები, ბევრი ვარდი დავრგე და თავად ვუვლი. საღამოს ჩემი შვილი რომ დაიძინებს, აივანზე გავდივარ, მთელ დღეს ვაანალიზებ და ვმშვიდდები. რელაქსაციისთვის შენ მიერ გაზრდილ ყვავილებთან და ხეებთან ურთიერთობა საუკეთესო საშუალებაა. მთელი დღის ხმაური და ქაოსი მავიწყდება. ახალ დღესაც ამ აივანზე გასვლით ვიწყებ, მცენარეებს ველაპარაკები და ვრწყავ. ჩემი შვილი მეუბნება, - დაბერდიო. ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცდი, როცა რომელიმე მცენარე ხმება ან მოწყენილია.

- ვეპრანჭები...

- ...სამწუხაროდ, აღარავის ვეპრანჭები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მიუნჰაუზენივით ვარ. როგორ მძიმე ხასიათზეც უნდა ვიყო, შემიძლია, საკუთარ თავს ხელი თმაში წავავლო, შემოვუძახო. ცოტა ხნის წინ, 4 წლის ბიჭი შემომიყვანეს, რომელსაც თურმე ძალიან ვუყვარვარ. ის ისე თბილად ჩამეხუტა და მაკოცა, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სიამოვნება ვიგრძენი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ეთერში არასდროს ვუშვებ სტუმრის მიერ წარმოთქმულ საქებარ სიტყვებს. შეგნებულად ვჭრი, რადგან საკუთარ გადაცემაში საკუთარი თავის ქება უხერხულია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ფეთქებადი ხარო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...როგორ შეიძლება, წარმატებული კარიერა წარმატებულ პირად ცხოვრებას შევუთავსო. პროფესიამ ზედმეტად ძლიერი გამხადა, ეს კი პირად ცხოვრებაში ხელს მიშლის. მამაკაცებს არ მოსწონთ ქალი, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებაშიც მენეჯერია. მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ნაკლია. ქალი სუსტი, მიმნდობი და დამთმობი უნდა იყოს.

- ერთ-ერთ გადაცემაში ნათელმხილველმა გიწინასწარმეტყველა, რომ შენს ცხოვრებაში მალე სასიამოვნო სიახლე იქნებოდა. მისი ნათქვამი გამართლდა?

- ჩემ გარდა, თითქმის ყველას აუხდა ის, რაც იმ გადაცემაში ნათელმხილველებმა უთხრეს. ამ გადაცემას გავიმეორებთ, ამიტომ დეტალებზე ლაპარაკი არ მინდა.

- სიყვარული ეს...

- ...სასიამოვნო ავადმყოფობაა.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...სულელი და ბედნიერი გახლავართ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ. თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა, მაგრამ გაუაზრებლადაც არასდროს ვრისკავ - ათასჯერ ვზომავ და მერე ვჭრი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობაში მიამიტი ვარ. ჩემთვის გულის ტკენა იოლია. ჩემი ნაკლია ის, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას XIX საუკუნის ღირებულებები მაქვს, ეს კი არასწორია, რადგან ახლა XXI, თანაც - ძალიან სასტიკი და დაუნდობელი საუკუნეა.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...გარდატეხის ასაკში ვიყავი, როცა გული ძალიან მატკინეს და დედამ საოცარი სიტყვები მითხრა. ამ სიტყვებს ახლა ჩემს შვილს ვეუბნები და ასეთ დროს ის ისევე იცინის, როგორც თავის დროზე მე გამეცინა. მეუბნება: კარგი, რა, დედა, ყველაფერი ამ ერთ ფორმულაში არ ეტევაო. დედის სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა, მაგრამ არ მინდა, ეს სიტყვები ახლა ვთქვა, რადგან ძალიან ჩემია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები