რატომ დაქალდა ნაადრევად ნინო მუმლაძე

რატომ დაქალდა ნაადრევად ნინო მუმლაძე

მსახიობმა ნინო მუმლაძემ თურმე, პატარაობიდანვე იცოდა, რომ ხელოვანი იქნებოდა, მაგრამ რომელ სფეროს აირჩევდა, ვერ გადაეწყვიტა. პირველად 4 წლის ასაკში, ერთ-ერთ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და მიხვდა, რომ ის, რასაც ეძებდა, მსახიობობა იყო... მსახიობი გამოგვიტყდა, რომ სახლიდან მაკიაჟის გარეშე თითქმის არასდროს გადის, რადგან მიაჩნია, რომ ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.

- აი, ამ სურათზე 7 თვის ვარ. ამბობენ, რომ კარგი ზნის ბავშვი ვიყავი. 4 წლიდან თითქმის ყველაფერი მახსოვს. ამ პერიოდში ვიცოდი, რომ ხელოვანი უნდა გამოვსულიყავი. დედამ "საირმის ხელოვნების" სკოლაში შემიყვანა. იქ ბევრი დარგი იყო: ფერწერა, ბალეტი, მუსიკა, თეატრალური წრე და მეც ამ ყველაფერზე ერთდროულად დავდიოდი. ამ ასაკში უკვე ვკითხულობდი და ვწერდი არა მარტო ქართულად, არამედ რუსულადაც. სიმღერისა და ლექსების საკუთარი რეპერტუარი მქონდა. მოკლედ, ძალიან განვითარებული და აქტიური ბავშვი გახლდით. საბავშვო ბაღში არ მივლია - ეს ყველაფერი შინ ვისწავლე.

- ხელოვნების სკოლაში ბალეტზეც დადიოდით?

- ბალეტი ძალიან მიყვარდა. ბალერინებისთვის დამახასიათებელი აღნაგობა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მოქნილი ვიყავი. ჩემგან ბალერინა რომ არ გამოვიდოდა, ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ის პლასტიკა და მოძრაობები, რაც მაშინ ვისწავლე, გამომადგა. სტუდენტობის პერიოდში სცენაზე აქტიურად ვცეკვავდი.

- კარგად ხატავდით?

- აი, ეს ფოტოსურათი სწორედ მაშინ გადამიღეს, როდესაც საბავშვო სამხატვრო გამოფენა-კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი გავხდი. ამ სურათზე რამდენიმე ჩემი ნამუშევარიც ჩანს.

- ახლა თუ ხატავთ?

- მხოლოდ მოყვარულის დონეზე. სხვათა შორის, 4 წლის ვიყავი, როდესაც სპექტაკლში - "სიმღერა ტყეში" მომიხდა მონაწილეობა, სადაც ოქროს წიწილის როლი მქონდა. ვცეკვავდი, ვმღეროდი და ლექსებს ვკითხულობდი. აი, ეს სურათი, სადაც ყვავილებით ხელში ვარ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ გადამიღეს. ძალიან მიყვარს ეს ფოტო. აქ ჩემი სამსახიობო კარიერის დასაწყისია ასახული, ამ პერიოდში მოვიწამლე სცენით.

- სკოლის პერიოდზე რას იტყვით?

- მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ყველას უკვირდა, ასეთი პატარა გოგონა ამდენს როგორ ასწრებსო? მე კი ყველაფერს ხალისით ვაკეთებდი. 8 წლის გახლდით, როდესაც კონსერვატორიის მცირე დარბაზში, მე-18 მუსიკალური სკოლის საიუბილეო კოცერტის წაყვანა მომანდვეს. უნდა გითხრათ, რომ ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი.

- ალბათ სათამაშოდ, ბავშვური გართობისათვის დრო საერთოდ არ გრჩებოდათ...

- ასეთი რაღაცები არ მაინტერესებდა. ისე, ცელქიც არ გახლდით. ეზოში ჩავდიოდი, ბავშვებს ვხვდებოდი, ვერთობოდი, მაგრამ - იშვიათად. ჩემი ერთადერთი გასართობი როლების განაწილება იყო: ტელევიზორში თუ რაიმე საინტერესო, ჩემთვის უცნობ ნახატ ფილმს მოვკრავდი თვალს ან ზღაპარს წავიკითხავდი, ოჯახში მაშინვე, როლების განაწილებას ვიწყებდი. როლს ჩემთვისაც გამოვნახავდი ხოლმე და ყველას ვაფრთხილებდი, - მთელი დღე იმ პერსონაჟის სახელი დაეძახათ, რომელსაც თვალი დავადგი. აი, ეს იყო ჩემი ნამდვილი და საუკეთესო გასართობი საშუალება.

- მშობლები პროფესიით ვინ არიან?

- 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მე და ჩემი და დედამ გაგვზარდა. ის ჩვენთვის დედაც იყო და მამაც. დედა მუსიკის მასწავლებელი გახლავთ. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა მისთვის ორი შვილის მარტო გაზრდა, მაგრამ მან ეს მოახერხა. უფრო მეტიც - მე და ჩემს დას განათლება მოგვცა და შეძლებისდაგვარად, არაფერს გვაკლებდა. ჩემი აზრით, დედამ ნამდვილი გმირობა გამოიჩინა.

- ბავშვობაში პრანჭია იყავით?

- მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. ვიპრანჭებოდი არა იმიტომ, რომ ბიჭებს მოვწონებოდი, არამედ იმიტომ, რომ დიდი გავმხდარიყავი. 11 წლისა უკვე ქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი, 13 წლიდან კი კოსმეტიკას მივეპარე. კლასელებთან შედარებით, უფრო ადრე გავიზარდე და როგორც ამბობენ, ადრე დავქალდი. ახლა კი ვნანობ, მაშინ ასე რომ ვიქცეოდი: ბავშვობა თვალსა და ხელს შუა გამეპარა. ჰოდა, ვერ ვხვდები, ასე სად მეჩქარებოდა (იცინის)?!

- პირველი თაყვანისმცემელი როდის გაგიჩნდათ?

- თაყვანისმცემელი ბიჭები პირველი კლასიდან მოყოლებული, მყავდა. შეჯიბრებას მართავდნენ, თუ ვინ ვის დაასწრებდა და მიიტანდა ჩანთას ჩემს სახლამდე. სასიამოვნოა, როცა მამაკაცს მოსწონხარ. ჩემთვის ქალბატონებსაც ბევრჯერ უთქვამთ: ნეტავ, კაცად დავბადებულიყავიო. მე ასეთი განცდა არასოდეს მქონია. ძალიან მომწონს, ქალი რომ ვარ. ვფიქრობ, დღეს ქალად ყოფნაა პრიორიტეტული და არა - მამაკაცად.

- დღეს რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

- საინტერესო არაფერი ხდება (იცინის).

- ის მაინც გვითხარით, როგორი მამაკაცები იმსახურებენ თქვენს ყურადღებას?

- პირველ რიგში, ადამიანურობას ვაფასებ. ურთიერთობა გამიჭირდება უზრდელ ხალხთან. თუ მამაკაცი შეგნებულია, ზრდილობიანია და იცის, ქალს როგორ უნდა მოექცეს, აუცილებლად მიიქცევს ჩემს ყურადღებას, მაგრამ რამდენად მომეწონება, ეს უკვე სხვა საკითხია. ხომ იცით, მოწონება ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

- ახლა თუ ეპრანჭებით ვინმეს?

- არა, პრანჭია საერთოდ არ ვარ. თუმცა, სულ ვცდილობ, ფორმაში ვიყო და კარგად გამოვიყურებოდე. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა წონაში ძალიან მოვიმატე და მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება! მოვიკრიბე ძალა და თქვენ წარმოიდგინეთ, 20 კილო დავიკელი. საერთოდ, წონასთან დაკავშირებული პრობლემა სულ მაქვს. ეს უკურნებელი სენივით არის - თუ შემოგეჩვია, სულ უნდა აკონტროლო, სხვანაირად ვერ მოიშორებ. აი, ამ სურათში, რომელიც სერიალის - "ჩვენი ოფისის" გადაღების პერიოდს ასახავს, წონაში მომატება უკვე დაწყებული მქონდა.

- სიმსუქნე გაკომპლექსებდათ?

- არასდროს მნდომებია, ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მრგვალფორმებიანი ქალი უფრო მეტად მომხიბვლელია, ვიდრე - "ფიცარივით" გოგო. ახლა 60 კილოს ვიწონი. აი, ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენიც დავიკელი.

- თმას იღებავთ?

- ბუნებრივად ხუჭუჭა და შავთმიანი ვარ. თმა არასოდეს შემიღებავს და არც ვაპირებ მანამ, ვიდრე ჭაღარა არ გამიჩნდება. თეთრი კანი მაქვს და ვფიქრობ, შავი თმა მიხდება.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?

- მაკიაჟის გარეშე სახლიდან იშვიათად გავდივარ. მხოლოდ ზაფხულში, როცა ზღვაზე ვარ, არ ვიღებები. კოკო შანელს აქვს ნათქვამი (და მას ვეთანხმები): ქალს, რომელიც სახლიდან მაკიაჟის გარეშე გადის, საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვსო. ჰოდა, მე არც ისე დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, რომ შინიდან მაკიაჟის გარეშე გავიდე (იღიმის).

- სკოლის პერიოდში როგორ გამოიყურებოდით? როგორი სტილის სამოსი გეცვათ?

- სკოლაში 90-იან წლებში დავდიოდი. მოგეხსენებათ, მაშინ არ იყო იმის ფუფუნება, რომ მოდურად ჩაგვეცვა. თითქმის ყველას ერთნაირად გვეცვა. ვიცვამდი იმას, რისი საშუალებაც მქონდა. იყო პერიოდი, როდესაც დედის ნაქონი ტანსაცმლის ჩაცმა მიწევდა. მაშინ თავის გატანაც ჭირდა და ახალი სამოსის ყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ ბებიას შეეძლო კერვა. და ის დედას ძველი ტანსაცმლით, პატარ-პატარა ქსოვილებით მშვენიერ კაბებს მიკერავდა ხოლმე. აი, ამ ფოტოზე, სადაც წამყვანის ამპლუაში ვარ, ბებიას შეკერილი კაბა მაცვია. დეიდაჩემს კი სამკაულების კეთება ეხერხება. მოკლედ, ამ მხრივ განებივრებული ვიყავი.

- სამკაულებიც გიყვართ?

- კი, აქსესუარები ძალიან მიყვარს. ყოველთვის მიკეთია საყურე და ბეჭედი. გემოვნებიანი, სადა სამკაული მიყვარს.

- თინეიჯერობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდით?

- ჩემმა სხეულმა ქალური ფორმები, როგორც უკვე აღვნიშნე, თანატოლებისგან განსხვავებით, ადრე მიიღო. ბევრი გოგო ამით კომპლექსდება, მე კი პირიქით - ამ ფაქტმა გამახარა. ჰოდა, "ქუსლებზეც" შევდექი, წამწამებზე ტუში წავისვი და მივხვდი, რომ ქალური სამოსიც უფრო მეტად მიხდებოდა.

- ახლა როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

- არასდროს მცმია ისე, როგორც პანკებს. ვცდილობ, ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად ჩავიცვა. ადამიანი ასაკის მატებასთან ერთად ხვდება, რა უნდა ჩაიცვას, რა დამალოს და რა - გამოაჩინოს (იცინის).

- სპექტაკლში - "ეჭვის ჭია" მონაწილეობთ. საინტერესოა, ცხოვრებაში თუ ხართ ეჭვიანი?

- ეს სპექტაკლი ვაკის თეატრალურ სარდაფში დაიდგა და მისი რეჟისორი ოთარ ეგაძე გახლავთ. ამ წარმოდგენაში რაიმონდას როლს ვასრულებ. ჩემი გმირისგან განსხვავებით, უსაფუძვლოდ არასოდეს ვეჭვიანობ.

- ნინო, სამზარეულოში ფუსფუსი თუ გიყვართ?

- სამზარეულოში ფუსფუსი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ გადაცემამ "დღის რეცეპტი" უფრო მეტი გამოცდილება შემძინა და უფრო მეტად შემაყვარა სამზარეულო. მივხვდი, რომ არ არსებობს კერძი, რომლის გაკეთებასაც ვერ შევძლებ. სახლშიც დიდი სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე კერძებს და ვუმასპინძლდები მეგობრებს, ოჯახის წევრებს. მეუბნებიან, რომ კარგი ხელი მაქვს, ყველაფერი გემრიელი გამომდის.

- ეს ფოტო სპექტაკლის დროსაა გადაღებული?

- დიახ. ამ "საახალწლო ზღაპრის" რეჟისორი ვახო ნიკოლავა გახლავთ. ეს სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში დაიდგა. მე მალვინა ვიყავი...

- დღესასწაულები გიყვართ?

- საერთოდ, ძალიან მიყვარს საჩუქრების როგორც მიღება, ასევე - გაცემა, დღესასწაულები კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა.

- ქართულ სერიალებზე რას იტყვით?

- პირველად სერიალში ნუნუკას როლით გამოვჩნდი. ვფიქრობ, ამ გმირის მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ხომ იცით, ქართველები ცოტა არ იყოს, უცნაურები ვართ და მაყურებელი ამა თუ იმ როლში თუ გნახავს, მერე რატომღაც, იმ გმირთან გაიგივებენ და ჰგონიათ, რომ რეალურად ასეთი ხარ. იმ პერიოდში, როცა სერიალი "ჩიფსების თაობა" - "ჩვენი ოფისი" გადიოდა, კონცერტზე ან სადმე კლუბში თუ გამოვჩნდებოდი, უკვირდათ: ხედავ, ნუნუკა სად მოვიდაო (იცინის)? ახლა რადიკალურად სხვა პერსონაჟი განვასახიერე. მეგონა მიხვდებოდნენ, რომ ვარ მსახიობი, რომელსაც ყველა როლის გათავისება და თამაში შეუძლია, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ "ისეთი" ვყოფილვარ.

- საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრიათ?

- მართალია, წონას ვაკონტროლებ, მაგრამ ვფიქრობ, მრგვალი ფორმებითაც შეიძლება, მომხიბვლელი იყო. მთავარია, გქონდეს შარმი. თუ ეს შარმი არ გაქვს, რამდენი პლასტიკური ოპერაციაც უნდა გაიკეთო, სექსუალური და მომხიბვლელი ვერასდროს გახდები.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება