"პლაკატების ომი" წინასაარჩევნო კამპანიაში

"პლაკატების ომი" წინასაარჩევნო კამპანიაში

წამზომი ჩართულია. . .

საპრეზიდენტო არჩევნებს რამდენიმე დღე გვაშორებს და ბრძოლაც გამარჯვებისთვის უკვე ბოლო საათებს ითვლის. შესაბამისად, პიკს აღწევს საპრეზიდენტო კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების აქტიურობაც, განსაკუთრებით რეგიონებში. ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი კონკურენტის სააგიტაციო მასალაზე "შურისძიებაა". "პლაკატების ომში", ძირითადად, კონკურენტის პლაკატების ჩამოხევისა და ზედ გადაკვრის პრაქტიკაა გავრცელებული. პლაკატების ომი ძირითადად სამი კანდიდატის მხარდამჭერებს შორის არის გაჩაღებული. ესენი არიან: ნინო ბურჯანაძე, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე.

ოზურგეთის რაიონსა და მის სოფლებში დავით ბაქრაძის პლაკატების ჩამოხევა, გაკვრიდან მეორე დღესვე დაიწყეს. მაშინ ბაქრაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი, მიხეილ გოგოტიშვილი ამ ფაქტით დაინტერესებას შესაბამის უწყებებს მოუწოდებდა. თუმცა დამნაშავე დაუსჯელი დარჩა. ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ ჩამოხია დავით ბაქრაძის პლაკატები თელავშიც.

ბაქრაძის პლაკატების დაზიანების ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ლანჩუთში "აჯანყებული გურულისა" და პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობის ვიტრინებზე გაკრულ ბაქრაძის პლაკატებს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, გიორგი მარგველაშვილის პლაკატები გადააკრეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ დროს ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ასკურავა მივიდა, რასაც "ოცნების" აქტივისტ გიორგი ზენაიშვილთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ლანჩხუთელი "მეოცნებეების" მსგავსად მოიქცნენ 21 ოტომბერს გიორგი მარგველაშვილის გორელი მხარდამჭერებიც. მაშინ, როდესაც ლანჩხუთში ბაქრაძისა და მარგველაშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის მომხდარი იყო, გორში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ამჯერად ბურჯანაძის პლაკატები გადააკრეს მარგველაშვილის პლაკატებს.

თუმცა ეს ფაქტი "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის ბანერის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ბურჯანაძის პალაკატებს იგივე ბედი ეწია თითქმის ყველა რეგიონში.

თელავში ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო პოსტერები გაკვრიდან რამდენიმე დღეში ჩამოხიეს. ეს იყო ერთადერთი ფაქტი, რომელსაც რეაგირება მოყვა. 21 ოქტომბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში ბურჯანაძის ბანერის დაზიანებაში ბრალდებული 6 არასრულწლოვანის პროცესი გაიმართა, სადაც მათ სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს ბრალი.

ნინო ბურჯანაძის სარეკლამო მასალა დააზიანეს ახალციხესა და ადიგენშიც, თუმცა დამნაშავე დაუდგენელია და ბურჯანაძის ადგილობრივ შტაბებს მხოლოდ ვერსიები აქვთ.

ოთხი დღეც და საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ავირჩევთ. სავარაუდოდ, დარჩენილ დროშიც მოასწრებენ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები ერთმანეთის სარეკლამო მასალებზე თავდასხმებს. მაგრამ ეს ის პერიოდი, როცა მხოლოდ პლაკატები ვეღარ იქონიებს მოსახლეობის არჩევანზე გავლენას. თუმცა მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება და არაფერია გამორიცხული.

შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა  1 000 ლარის ოდენობით ჯარიმდება.

ბელა თაბუაშვილი, "ამბები.ge"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა