"სააკაშვილი ყველაზე მეტად ათათურქს ბაძავდა"

"სააკაშვილი ყველაზე მეტად ათათურქს ბაძავდა"

რამდენიმე დღეში საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. თუ რა გზა გაიარა მან, რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა და რა არ გააკეთა მან თავის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს... გვინდა ასევე გულისტკივილით ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ამ საკითხზე ობიექტური მოსაზრებების მქონე ექსპერტი გვეპოვნა, მარცხი განვიცადეთ - პრეზიდენტს ან განუწყვეტლივ აქებენ, ან ასევე განუწყვეტლივ და შემართებით ლანძღავენ.

ლევან ბერძენიშვილი:

- მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა შანსი, ესარგებლა უპრეცედენტო მხარდაჭერით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. მას მხარს უჭერდნენ რუსეთშიც კი. უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს ასე გაუმართლებს. გარდა ამისა, ის მოსახლეობის 97-მა % აირჩია, მას ალტერნატივა არ ჰყავდა. არ დავმალავ, მან კარგად დაიწყო კიდეც და აშკარა წარმატებები ჰქონდა. მისი პირველი წარმატება იყო "ვარდების რევოლუციის" მშვიდობიანი დასრულება, თუმცა, ცხადია, ამაში შევარდნაძის წვლილიც ერია... მისი პლუსია ასევე აჭარის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ასე რომ, სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ მმართველობის პირველივე წელს, ინაუგურაციიდან ერთ თვეში, დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის გადაწერა მოინდომა, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაეზარდა. ამის შემდეგ კი დაიწყო ისტორიის გადაწერა და გამუდმებით ამბობდა, რომ მან, ხალხთან ერთად, მაგრამ სხვა პოლიტიკოსების გარეშე მოახდინა რევოლუცია. ახალი ისტორიის დაწერას რომ მორჩა, დააპირა ახალი ქვეყანა აეშენებინა, რომლის ისტორია 2003 წლიდან იყო იწყებოდა. ეს იყო ასევე მისი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. საქართველოს მონუმენტური ისტორია აქვს, მიხეილ სააკაშვილები კი მიდიან და მოდიან. მისი ილუზია, რომ დავით აღმაშენებელსა და ათათურქს თავის თავში აერთიანებდა, იმ ბრმა ნდობამ გამოიწვია, რომელიც მას ქართველმა ხალხმა ასე უანგაროდ უბოძა. მან საკუთარი დიდების გამოცდას ვერ გაუძლო. ის გახდა პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ წარმატებები აინტერესებდა და თვალს ხუჭავდა პრობლემებზე, ყველას ეუბნებოდა, ცუდი ამბები არ მითხრათო.

- მის მიერ განხორციელებულ საგარეო პოლიტიკაზეც გკითხავთ, - დასავლურ პრესაში მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც რეფორმატორს, ქარიზმატულ ლიდერს, რომელმაც პატარა საქართველო დასავლეთთან დაახლოვა...

- საგარეო პოლიტიკაში საქართველოს კურსი შევარდნაძის შემდეგ არ შეუცვლია, ჯერ მან თქვა დასავლეთი, შემდეგ სააკაშვილმა თქვა დასავლეთი, დასავლეთი და ახლა ჩვენ ამას სამჯერ ვამბობთ, - დასავლეთი, დასავლეთი, დასავლეთი... ნატო შევარდნაძესაც უნდოდა, მაგრამ სააკაშვილი დასავლეთისთვის უფრო სანდო იყო, რადგან ამერიკაში განათლება მიღებული კაცი იყო, რომელიც ბრწყინვალედ საუბრობდა ინგლისურად, იცის სხვა უცხო ენებიც, ფრანგული, ესპანური, ჰოლანდიური და შესანიშნავად საუბრობს რუსულ და უკრაინულ ენებზეც. მან ღიად და ერთგვარად დაუფიქრებლად გამოხატა დასავლეთის მიმართ ლტოლვა, გაამყარა კავშირი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოსთან, ამერიკას ვგულისხმობ და მთელ მსოფლიოს დაუდასტურა, რომ საქართველოს აშკარად პროდასავლური კურსი ჰქონდა აღებული. თუმცა, მან ვერ იპოვა ოქროს შუალედი, ვერ დაადგა იმ გზას, რასაც პოლონეთი და ბალტიისპირეთს ქვეყნები დაადგნენ და გაამწვავა ურთიერთობა რუსეთთან. წამოეგო რუსულ პროვოკაციას და შემდგომ, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა ზიზღზე ააგო, მის დროს რუსულ ენას, კულტურას, სიმღერებსაც კი ებრძოდნენ... საბოლოოდ, ამან ისევ მისი, როგორც დიდი პოლიტიკოსის პერსონა დააკნინა.

ამავდროულად, ვერავინ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც რეფორმატორი იყო, მაგრამ დემოკრატი არასოდეს ყოფილა, რაზეც გამუდმებით თვალს ხუჭავდა საერთაშორისო საზოგადოება. არ შეიძლება დემოკრატი იყოს პრეზიდენტი, რომელიც წყვეტს, რა ფერად უნდა შეიღებოს სახლი თბილისში.

- თუმცა, შარშან, საპარლამენტო არჩევების შემდგომ, ვიხილეთ ერთ დღეში შეცვლილი, გარდაქმნილი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დამარცხება მშვიდად აღიარა. რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ასეთ ნაბიჯს მისგან არ მოელოდა...

- დიახ, მართლაც ბევრისთვის მოლოდნელად, მან საკუთარ თავში დამარცხების აღაირების ძალა იპოვა და ეს მათლაც მისასალმებელია, რადგან ხელისუფლების გადაცემა, სრულიად მშვიდობიან გარემოში მოხდა. თუმცა, შემდეგ ამას მთელი წლის განმავლობაში ნანობდა. ეს მის გამოსვლებში ჩანდა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა