სასამართლომ სოფი ლორენს ბრალდება, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა, მოუხსნა

სასამართლომ სოფი ლორენს ბრალდება, რომლის გამოც ის ციხეში იჯდა, მოუხსნა

იტალიის უმაღლესმა სასამართლომ ცნობილი მსახიობის, სოფი ლორენის საგადასახადო სამსახურებთან ხანგრძლივ დავას წერტილი დაუსვა. მისი 1974 წლის საშემოსავლო გადასახადების დეკლარაცია კანონიერად სცნეს. როგორც მსახიობის ადვოკატმა ჯოვანი დეზიდერიმ განაცხადა, მსახიობი ბედნიერია, რომ "ეს აბსურდული ისტორია დასრულდა".

იტალიის საგადასახადო სამსახურს ორი "ოსკარის" მფლობელ მსახიობთან პრეტენზიები არაერთხელ გასჩენია.

ლორენმა, რომელიც ჰოლივუდში 1974 წელს რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მეუღლე პროდუსერ კარლო პონტისთან ერთად შემოსავლების დეკლარაცია წარადგინა, სადაც საკუთარი ფილმებიდან შემოსავლის ნაწილი არ მიუთითა. შედეგად, საგადასახადო ორგანოებთან ხანგრძლივი სასამართლო დავა დაიწყო.

1977 წელს იტალიის პოლიციამ კარლო პონტის ვილა და სამუშაო ოფისი გაჩხრიკა. პონტი გადასახადების გადაუხდელობის გარდა, სახელმწიფო სუბსიდიების უკანონო გამოყენებასა და საზღვარგარეთ ფულის გატანაში დაადანაშაულეს.

ჩხრეკიდან მეორე დღეს ლორენი და პონტი პარიზში გაფრინდნენ. ერთი თვის შემდეგ ლორენი ფილმის გახმოვანებისთვის სამშობლოში დაბრუნდა. უკანა გზაზე, აეროპორტში, იგი მებაჟეებმა დააკავეს. მათ განაცხადეს, რომ ბილეთი გამოგონილი სახელით შეიძინა და მთავრობისგან მიმალვას ცდილობდა.

ლორენის მეუღლის სახელზე საზღვარგარეთ 22,5 მლნ დოლარის უკანონოდ გატანის გამო დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული. პონტის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

პროდუსერის თანამზრახველ ძებნილთა სიაში მისი მეუღლე სოფი ლორენიც იყო, რომელსაც ბრალმდებლების აზრით, შეუძლებელია მისი მეუღლის უკანონო გარიგებების შესახებ არ სცოდნოდა.

1978 წელს პონტისა და ლორენს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - არქეოლოგიური აღმოჩენების უკანონო ფლობა: მათ ვილაში 70 ეტრუსკული ლარნაკი იყო, რომლებიც იტალიის უძველესი მემკვიდრეობის ნაწილად ითვლებოდა. ამ ბრალდებით მათ 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

1979 წლის იანვარში რომში სასამართლო გაიმართა, რომელზეც კარლო პონტი დამნაშავედ სცნეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და იმ დროისთვის წარმოუდგენელი ჯარიმა - 24 მლნ დოლარი დააკისრეს. სოფი ლორენი სასამართლომ გაამართლა. მაგრამ საგადასახადო სამსახურებს პრეტენზიები მის მიმართ დარჩათ.

1982 წელს გადასახადების თავის არიდებისთვის მსახიობს 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაგრამ მან ციხეში 18 დღე გაატარა და სამაგალითო საქციელისთვის ვადაზე ადრე გამოუშვეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება