"დავაი" ახლა, ყველა არჩევნებზე!"

"დავაი" ახლა, ყველა არჩევნებზე!"

შემოდგომის ვირუსებმა მეც არ დამინდო და ერთი კვირა კომპიუტერს არ გავკარებივარ. მთელი დღეები ოჯახის წევრებთან გავატარე და იცით, "არ ჩანან ცუდი ხალხი" (იცანით ბოლო დროს "გაფეისბუკჰიტებული" გამოთქმა, "გუშინ ინტერნეტი გამომერთო, მთელი დღე ოჯახის წევრებთან გავატარე და მგონი, არ ჩანან ცუდი ხალხი", - მთელ "ფეისბუკს" რომ აქვს გაზიარებული?!). ჰოდა, მეც ის ჩემს ბოლოდროინდელ მდგომარეობას მოვარგე და პატარა შესავალი გავაკეთე. ახლა კი საქმეს შევუდგეთ.

"მომეხმარეთ რა. მიდი გადააყენეთ ხალხი. აბა, დატრიალდით მეგრელებო, რა მოგივიდათ? დავაი, დავაი, ჩქარა მიდით. გაწიე ეს. ხომ არ გადავახტები, არა? ესე იგი, ჩემ გარეშე ესენი ვერაფერს აკეთებენ. დავაი, მიდით ახლა, მიდით (სტილი დაცულია)".

არ გეგონოთ, ისევ სიცხე მაქვს, ან... ძილში ვბოდავ. ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის სიტყვებით ვიწყებ მასალას, რომელიც ბოლო დროის "ფეისბუკვიდეო" პოსტების მეფეა. ქაჯ... უკაცრავად, ქალიც ასეთი უნდა, თანაც, პრეზიდენტობა მოუნდომებია. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს თვითონ ბურჯანაძისთვის ასეთი მონდომება და "დავაის" ძახილი. წლების წინ დროებით პრეზიდენტობის პოსტზე ყოფნისას აუღო ალღო ამ საქმეს და დღემდე გამოჰყვა. ჰოდა, ახლა ატრიალებს და აბზრიალებს მეგრელებს, კახელებს, ქართლელებს და სრულიად საქართველოს, ხან ერთ ღობეს ახტება და ხან - მეორეს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთია ამ მარათონში მონაწილეთა შორის. გავამხნევოთ, მეგობრებო, აბა, მიდით, "დავაი", "დავაი".

მოკლედ, ჩემს არყოფნაში "ფეისბუკში" კარგი მხიარულება გაჩაღებულა. სიმღერაც დაუწერიათ, "მევიდა ბიძინეო, ჭამე, სვი და იძინეო". სიმღერა ვინმე, როგორც თვითონ აცხადებს, ერთ სრულიად უპარტიო, მაგრამ დარდიმანდ ადამიანს, თამაზ მონიავას ეკუთვნის. სიმღერა ისეთ ქართველებზეა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილში თურმე სწორედ იმას ხედავენ, ვინც ყველაფერს მათ ნაცვლად გააკეთებს, თავად კი ჭამა-სმისა და ძილის გარდა, არაფერზე ფიქრობენ.

ნაწყვეტი სიმღერიდან:

"ყველას მილიარდები ესიზმრება, ბიძია,

ფული უყვართ, სამშობლო სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

ასე, ჩემო ბიძინა, ჩვენთან ასე იციან,

სულ ეს არის, გახსოვდეს, შენი კოალიცია".

მოკლედ უამრავი ასეთი სტროფ-კუპლეტით შემკობილი სიმღერა, ერთი ძალზე დამაფიქრებელი ფრაზით - მერე რა გეშველებათ, ბიძინეიც რომ წავაო? - სრულდება. ბიძინაც პასუხს არ აყოვნებს:

ბიძინა ივანიშვილი: "პოლიტიკიდან მივდივარ, მაგრამ მივდივარ ხალხთან. გადავლახავთ ჩვენს ყველაზე დიდ პრობლემებს და სიტყვას გაძლევთ, რომ მინიმუმ ოცი წელი ვიქნები თქვენთან ერთად და წლიდან წლამდე უკეთეს ცხოვრებას შევქმნით".

ვნახოთ, როგორ შეასრულებს ბატონი პრემიერ-მინისტრი დანაპირებს. თუ არა და - "იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა" ან კიდევ - "არ მოხვალ და სხვასთან წავალ, სხვა ანგელოზს მოვნახავ"... მოკლედ, მუსიკალური ერი ვართ ქართველები, გამოსავალსა და ამოსაფარებელ კალთას ყოველთვის ვიპოვით. სულ ღიღინითა და სიმღერ-სიმღერით. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. თანაც (ჩვენდა სამარცხვინოდ) ლუარსაბის შთამომავლები არა ვართ?! ვიცხოვრებთ კიდევ მრავალი ასეული და ათასეული წელი არხეინად, უდარდელად, უშრომლად. მაგრამ როდემდე? რაც შეეხება იმას, თუ რომელ კალთას ამოვეფარებით, ამას სულ რამდენიმე დღეში გავიგებთ, არჩევნების შემდეგ.

აი, პრემიერ-მინისტრის წნევის აპარატი ცოცხალი ორგანიზმი თუ იყო და მით უმეტეს, განცხადებების გავრცელება შეეძლო, ახლა გავიგე. რა თქმა უნდა, "ფეისბუკიდან":

(სტილი დაცულია)

მაშ ასე - პრემიერ-მინისტრის წნევის აპარატი განცხადებას ავრცელებს:

"იმის გამო, რომ ეთიკას მოუხმოთ და თქვენი ადგილი იცოდეთ, ცვლილებები შედის პრემიერ-მინისტრთან მედიის შეკითხვის დასმის წესში. ამიერიდან ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენელი ვალდებულია, კითხვის დასმამდე წარმოთქვას: "ხოლო მომძღვნელმან ჩვენი პურისა და სარჩოსი, მამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, იცოცხლოს მარადჟამს, ახლა კი შეკითხვა... გმადლობთ".

ავტორი: ლაშა ბერულავა (მე მგონი, ეს ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მიიჯირყვნა კიდევაც).

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა