ბოდიბილდერი ლექტორი ქალბატონი, რომელსაც ზურგზე არწივი ახატია

ბოდიბილდერი ლექტორი ქალბატონი, რომელსაც ზურგზე არწივი ახატია

ბოდიბილდერ ია უძილაურს საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრებისეული ინტერესები აქვს. წლების წინ, მატერიალური გაჭირვების პერიოდიც გამოუვლია. ერთხანს მისი ოჯახი სოფელშიც გადასახლდა და თავის სარჩენად სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. იას იქაურობა დღემდე უყვარს და მეგობრებთან ერთად, ფშავს ხშირად სტუმრობს. თავის 5 დედმამიშვილს დიდ სიმდიდრედ მიიჩნევს. ჰყავს შვილი - ნიკოლოზი, რომელსაც დედის მსგავსად, სპორტიც იტაცებს.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმის ფერი პირველად 16 წლისამ შევიცვალე. მას შემდეგ, დაახლოებით 22 წლამდე, აღარ შემიღებავს. უბრალოდ, ხანდახან თმის ნაწილს სხვადასხვა ფრად ავიჭრელებდი ხოლმე. უპირატესობას ყოველთვის ბუნებრივ და გაშლილ თმას ვანიჭებ. მოკლე ვარცხნილობაც (თითქმის გადაპარსული) მქონდა. ბოლო 2 წელია, წითური ვარ. ადრე თმას დამოუკიდებლად ვიღებავდი. სალონში თმის შესაჭრელად წასვლაც კი არ მიყვარდა და დახმარებას დედას ვთხოვდი. ისეთ სტილისტს ვერ ვპოულობდი, ვისთანაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ახლა ერთ პატარა სალონს მივაგენი, სადაც ჩემი სეხნია სტილისტი - ია თმას მიღებავს, მელირებას მიკეთებს...

- ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვთ?

- წაბლისფერი, ხუჭუჭა თმა მაქვს.

- თმას როგორ უვლით?

- აბუსალათინის ზეთს და სხვა ზეთოვან ვიტამინებს ერთმანეთში ვაზავებ, შემდეგ კი თმაში ვიზელ. ამ მეთოდს შედეგი აქვს - თმის ცვენა შემიჩერა.

სახის კანის მოვლა

- სახის კანის მოვლა გვიან დავიწყე და "გადაყოლილი" ახლაც არ ვარ. ტონალურ კრემს არ ვიყენებ. თვალის ფანქარს, ტუშსა და ლაინერსაც იშვიათად ვისვამ. ისიც კი არ მიყვარს, როცა გადაღებისთვის გრიმს მიკეთებენ. ზამთარში, თუ ტუჩები დამისკდება, უფერულ საცხს ვისვამ. მიმაჩნია, რომ სწორი კვება სახის კანის მოვლის ყველაზე კარგი საშუალებაა.

დიეტა

- ახლაც დიეტაზე ვარ. ჩემი ფიტნესს-დიეტა ჯანსაღ კვებას გულისხმობს და არა - გახდომის ერთ-ერთ საშუალებას. ჩემი მიზანი წონაში დაკლება არასოდეს ყოფილა. დღეში ექვსჯერ ვიკვებები, ცილებსა და ნახშირწყლებს დოზირებულად ვიღებ. შედარებთ თავისუფალი პერიოდებიც მაქვს, როცა დიეტის დარღვევა შემიძლია. თუკი შეჯიბრებისთვის ვემზადები, კვების რეჟიმს მკაცრად ვიცავ.

- დიეტის დაცვა არ გიჭირთ?

- არა, მაგრამ ეს ძალიან ადვილიც არ არის. ნებისყოფა ყველაფერს სჭირდება.

ვარჯიში

- სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მოყვარულის დონეზე მიცდია ბედი: ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს ვთამაშობდი. ადრე სპორტი ჩემი ჰობი იყო, ახლა კი საქმიანობის სფერო და შემოსავლის ერთ-ერთი წყარო გახდა: შარშან ფიტნეს-ვარჯიში ჯერ შინ, დამოუკიდებლად დავიწყე, შემდეგ შტრეეტ ჭორკოუტ-ით დავკავდი, მერე დარბაზში გადავინაცვლე. მინდოდა, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვყოფილიყავი. ამასობაში, ვარჯიშის პარალელურად, ფიტნესს-მწვრთნელობა დავიწყე. გვერდით ბოდიბილდინგით დაკავებული მეგობრები მედგნენ, რომლებიც სასარგებლო რჩევებს მაძლევდნენ...

- ბოდიბილდინგით სხვა გოგონებიც ინტერესდებიან?

- კონკრეტულად ბოდიბილდინგში ვარჯიშს მიზნად არ ისახავენ. როგორც თავად ამბობენ, უნდათ, ისეთი მუცლის პრესი ჰქონდეთ, როგორიც მე მაქვს. შეჯიბრებაზე ჩემი გასვლის შემდეგ, ვარჯიშის მსურველთა რიცხვმა იმატა. სხვათა შორის, ამ შეჯიბრებაზე გასვლა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. მეც და მწვრთნელიც მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ახლა საერთაშორისო შეჯიბრებისთვის ვემზადები.

- ზღვრის დაცვა რთული არ არის ანუ ვარჯიშის გამო ხომ შეიძლება, სხეული ზედმეტად "დაიკუნთოს"?

- ქალის სხეული ასე ადვილად არ "იკუნთება". იმ ფიტნეს-კატეგორიის მისაღწევად, რომელშიც ახლა ვიმყოფები, ბევრი შრომა დამჭირდა. კიდევ უფრო მეტად "დაკუნთვას" არ ვაპირებ (იღიმის).

საქმე

- პროფესიით კულტუროლოგი ვარ. ახლა დოქტორანტურის ბოლო კურსზე ვსწავლობ და სადოქტორო თემაზე ვმუშაობ. პარალელურად, კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა კვლევით პროექტებზე ვმუშაობდი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ.

- პერიოდულად, კომედიურ გადაცემებში ჩნდებით. ამის გამო, სტუდენტები არასერიოზულად ხომ არ აღგიქვამენ?

- ვისთანაც მიმუშავია, ისინი არასერიოზულად არ მიყურებენ. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, მრავალი ცხოვრებისეული ინტერესი ჰქონდეს.

- მკაცრი ლექტორი ხართ?

- სამართლიანი ვარ!

სამოსი

- გამორჩეულად საყვარელი ბრენდები და მაღაზიები არ მაქვს. ძირითადად, ტანსაცმელს ინტერნეტით ვიწერ. მთავარია, სამოსი ჩემს სტილს შეესაბამებოდეს და ვირგებდე, თორემ რომელიმე მაღაზიაში ვიყიდი თუ ბაზრობაზე, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სპორტული, ქალური და კლასიკურ-აკადემიური სტილი მომწონს. კლასიკურ-აკადემიური სტილის ტანსაცმელი უნივერსიტეტში საქმიანობის გამო მჭირდება, ასევე - პრეზენტაციებზე, პრესკონფერენციებზე სიარულისას...

სამკაული და აქსესუარები

- სამკაული ძალიან მიყვარს. შეიძლება, ერთდროულად 10 ბეჭედიც მეკეთოს (იცინის). მაჯის სპორტული საათი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია. ამ საათს განსაკუთრებულად საჭირო ფუნქციები აქვს: ვარჯიშის დროს ის ჩემი პულსის, კალორიების წვის მთვლელი და ტაიმერიც გახლავთ...

ქამრების კოლექცია მაქვს, მათ შორის ბევრი - ორიგინალურია და ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ. ყველა ქალის მსგავსად, ჩანთები მეც მიყვარს, ერთი - განსაკუთრებულად: ის მამაჩემს ერთმა გერმანელმა ბაბუამ აჩუქა. ნატურალური ტყავისგან შეკერილია. ამ ჩანთას, მისი თავდაპირველი მფლობელი, XX საუკუნის 40-იან წლებში, სკოლაში სიარულისას იყენებდა. მისი ზურგჩანთად გამოყენებაც შესაძლებელია და ლეპტოპის ჩასადებადაც. ყველას ყურადღებას იპყრობს.

ტატუ

- ტატუ ზურგზე, ისეთ ადგილას მაქვს, რომ შემიძლია, არ გამოვაჩინო. ტატუს გაკეთება 6 წელი მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რა დამეხატა? ბოლოს, აცტეკური ინდიელების სიმბოლო - არწივი შევარჩიე. ვიდრე დავიხატავდი, ამ სიმბოლოს შესახებ არსებული ყველა ინფორმაცია წავიკითხე.

- რა გაარკვიეთ, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- მარადიულობის, სიცოცხლის ნიშანია... ზოდიაქოს ჩემს ნიშანსაც ემთხვევა (მშვილდოსანი ვარ), მებრძოლების მფარველი და დამცველია...

ოჯახი

- 80 წელს გადაცილებული ბაბუა მყავს, რომელიც მოძღვარი გახლავთ და დღესაც მსახურობს. საყვარელი მოხუცია, საღად აზროვნებს... მამაჩემი რელიგიათმცოდნეა (ფილოლოგიური და თეოლოგიური ფაკულტეტიც აქვს დამთავრებული). ის ხან გერმანიაშია, ხან - საქართველოში. წიგნები ძალიან უყვარს. უამრავი რამ იცის და აინტერესებს. ამის გამო, შინ დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს. დედა სოხუმელია, რითაც ვამაყობ. პროფესიით ისტორიკოსია და სკოლაში მუშაობს. 6 დედმამიშვილი ვართ. ამჟამად, უფროსი ძმა მოსკოვში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. უფროსი და მიშა ანდღულაძის მეუღლეა... ამდენი დედმამიშვილი დიდი სიმდიდრეა. მყავს შვილი - 5 წლის ნიკოლოზი, რომელსაც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ვუთმობ. ბავშვის აღზრდაში დედა ძალიან მეხმარება. როცა შინ ვარ, ნიკოლოზი ზღაპრის გარეშე არ იძინებს. სპორტი მასაც უყვარს. კიდევ, ხატვა, ცეკვა იტაცებს. ძალიან ლამაზი ბიჭია (იღიმის).

- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- საერთო შვილი გვყავს და შესაბამისად, ხშირი ურთიერთობა გვაქვს. საშუალოდ, კვირაში ერთ დღეს ბავშვი მამასთან ატარებს. კვირის განმავლობაში, ერთმანეთს ტელეფონით ურეკავენ. ბავშვის გამო, მე და ნიკას "საქმიანი" ურთიერთობა გვაქვს.

- ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ნიკამ აღნიშნა, რომ თქვენ შეიცვალეთ...

- ყველა ადამიანი იცვლება და ვითარდება. ერთადერთი, რაც მახსენდება (არასერიოზული თემაა, მაგრამ მაინც გეტყვით), ის გახლავთ, რომ როცა პირველად ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ამაზე ნიკას ასეთი რეაქცია ჰქონდა: - წინათ სულ კედები რომ გეცვაო?! კი არ შევიცვალე, გავიზარდე.

- გული ხომ არ დაგწყდათ, ნიკამ რომ მეორე ნახევარი ასე მალე იპოვა?

- არა. 1 წელი დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ოფიციალური განქორწინება 1 კვირის გაფორმებული გვქონდა, როცა ნიკამ ცოლი შეირთო. გული არ დამწყვეტია, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ ერთად აღარ ვიყავით. ნიკას დაოჯახება გამიხარდა კიდეც: ჩვენს მოსალოდნელ შერიგებასთან დაკავშირებულ უხერხულ შეკითხვებს ახლობლები აღარ მისვამენ.

- ამჟამად, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი ხდება. საქმეზე, შვილზე ზრუნვაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ მომავალში არაფერს გამოვრიცხავ.

ჰობი

- მანქანის ექსტრემალურ მართვას ვსწავლობ. გაკვეთილებს რუსთავის ავტოდრომზე მიტარებენ. სხვათა შორის, ვმონაწილეობდი პროექტში, რომლის მიზანიც სტერეოტიპის - "ქალი ცუდი მძღოლია" - დამსხვრევა იყო. საერთოდ, ფრთხილი მძღოლი ვარ. ექსტრემალური ტრიუკების განხორციელება მხოლოდ ავტოდრომზე მიყვარს. ქალაქის ქუჩებში "მოგონკავე" მძღოლებს რომ ვხედავ, მიკვირს. მათ ხომ ამისთვის უფრო უსაფრთხო ადგილას, ავტოდრომზე წასვლა შეუძლიათ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია