მცირე და საშუალო მაღაზიების გაკოტრება გარდაუვალია

მცირე და საშუალო მაღაზიების გაკოტრება გარდაუვალია

თბილისში საცალო ბიზნესს პრობლემები აქვს. ერთ-ერთი ვერსიით, კომპანიებს გაკოტრების საფრთხე სავაჭრო ობიექტების მოზღვავებამ და სექტორში კონკურენციის ზრდამ შეუქმნა. როდესაც ერთ საცხოვრებელ კორპუსზე, ლამის, 3 სასურსათო მაღაზია მოდის, ცხადია, პრობლემის დაძლევა ნებისმიერი კომპანიისთვის რთულია, მათ შორის, ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისთვისაც.

ამ რამდენიმე ხნის წინ "გუდვილი" სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" დაიხურა იმის გამო, რომ ერთ ჭერქვეშ ორი ჰიპერმარკეტის არსებობა შეუძლებელი გახდა. პოზიციები დათმო გლდანში სუპერმარკეტების ერთ დროს პოპულარულმა ქსელმა "პოპულმა". პრობლემები აქვს "იოლი გასტრონომიასაც", ხოლო წვრილი მაღაზიები, განსაკუთრებით კი გარეუბნებში, ერთიმეორის მიყოლებით იხურება.

პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსხვილი სავაჭრო ობიექტების ქსელები, დედაქალაქის ცენტრალური უბნების შემდეგ, გარეუბნებსაც მოედვნენ. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ეს ტენდენციაა.

ახალი მაღაზიების საფასო პოლიტიკამ წვრილი მაღაზიები თამაშგარეშედ დატოვა. მათი მფლობელები "რეზონანსთან" გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ახალი მაღაზიების გამოჩენამ მომხმარებელი წაართვა და უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდნენ.

სულ რამდენიმე დღეა გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნარინჯისფერი სუპერმარკეტი "ფრეში" გამოჩნდა. მანამდე, იმავე ტერიტორიაზე ორი ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა, ხოლო ერთი დახურა. ამ ეტაპზე ყველაზე მეტი მყიდველი ჰყავს "ფრეშს", რომლის მინის ვიტრინა საკმაოდ მიმზიდველი წარწერის: "ბაზარზე დაბალი ფასების" (რაც ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას) წყალობით მომხმარებელს იზიდავს.

მოკლედ, სუპერმარკეტებს შორის კონკურენცია პიკზეა. ყოველი ახლადგახსნილი ობიექტი მყიდველის ახალი სატყუარაა. ასე გრძელდება მორიგი ახალი მაღაზიის გახსნამდე, ხოლო "ძველები" თანდათან პოზიციებს თმობენ. საბოლოოდ კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პროცესი პატარა მაღაზიების დახურვით დასრულდება. შესაძლოა, კრახი იწვნიონ მსხვილმა მოთამაშეებმაც, რომლებიც ერთი შეხედვით, ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებენ.

მონიტორინგის, შეფასებისა და დაგეგმვის, მონაცემთა ანალიზისა და განვითარების კონსულტანტი ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ წვრილი სავაჭრო ობიექტების გაკოტრება გარდაუვალია. რაც შეეხება სავაჭრო სფეროს ახალ მოთამაშეებს, ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი ახალი მაღაზია არ სჭირდება, რადგან მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალია.

"დიდი მაღაზიების ქსელების აქტიური ამუშავება პატარა სავაჭრო ობიექტების გაკოტრებას გამოიწვევს. ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც მრავალი ქვეყნისთვის იქცა ტენდენციად. პატარა მაღაზიებს პირობითად წვრილ და საშუალო ბიზნესად თუ მოვიხსენიებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივები არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი. პატარა მაღაზია, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში უამრავი გაიხსნა, გაკოტრების პირასაა. ამ პროცესს ვერ გავექცევით.

ფაქტია, რომ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს ამდენი სავაჭრო ობიექტი არ სჭირდება, ამდენად, წვრილი ვაჭრობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ქართული სამომხმარებლო ქცევიდან გამომდინარე, შემოსავლიანი მოქალაქეები აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს შემოსავალი იმ რაოდენობით, რომ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული შემოთავაზებებით ისარგებლონ. ეს ეტაპი ყველა ქვეყანამ გაიარა, დიდი მოთამაშეების გამოჩენას პატარ-პატარები ყოველთვის ეწირებიან", - განმარტავს კაპანაძე.

პრობლემები ამით არ ამოიწურება და საბოლოოდ მსხვილ მაღაზიებსაც გაუჭირდებათ, მათ შორის, ჰიპერმარკეტებსაც, რომლებიც დღეს აქტიურად მუშაობენ.

"ბოლოს და ბოლოს, პრობლემები მსხვილ სავაჭრო ობიექტებსა და ჰიპერმარკეტებსაც შეექმნებათ. მოსახლეობის მსყიდვითი უნარი დაბალია და ეს ფაქტორი სავაჭრო სექტორზე გავლენას უსათუოდ მოახდენს. პირველ ეტაპზე, პროცესი მცირე მაღაზიებიდან დაიწყება და მათი გაკოტრება გარდაუვალია. ტენდენცია, სავარაუდოდ, დეკემბრიდან გამოიკვეთება, მომავალი წლიდან კი მოხდება გადახედვა, რამდენად უღირთ მაღაზიებს მუშაობის გაგრძელება.

ვფიქრობ, დარჩებიან ის მაღაზიები, სადაც ჰყავთ კარგი მენეჯერები და მომარაგების კარგი სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია ამ მიმართულებით შექმნილი", - აცხადებს ნოდარ კაპანაძე.

გაკოტრებულ მაღაზიებს გარეუბნებში ჯერჯერობით ასულდგმულებთ ის, რომ პროდუქტს ნისიად ყიდიან და ამ კატეგორიის მყიდველი ჯერ კიდევ შემორჩათ.

წვრილ მაღაზიებს პრობლემები გაცილებით ადრეც შეექმნათ, "ნუგეშის" და "კოდას" ტიპის სავაჭრო ჯიხურების გამოჩენით. თუმცა, ამ ფაქტორს სასურსათო მაღაზიების საქმიანობაზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია.

გლდანში, მეექვსე მიკროს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მფლობელი ზურა ზაქარიაძე ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტი 10 წლის წინ გახსნა და ბოლო დრომდე მაღაზიას შეუფერხებლად ამუშავებდა. სამიოდე თვის წინ მიმდებარედ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტი გაიხსნა. ზაქარიაძის თქმით, ახლახან მას კიდევ ერთი, ანალოგიური სტანდარტების მაღაზია "გუდმარკი" დაემატა, რამაც პატარა მაღაზიის ბედი იმთავითვე გადაწყვიტა.

"მომხმარებლის დეფიციტი არასდროს ყოფილა, კრიზისის პერიოდშიც კი. რაც ახალი სუპერმარკეტები გამოჩნდა, ყველა მყიდველი ერთბაშად შემომეცალა. ჯერჯერობით ის კატეგორია შევინარჩუნე, რომელსაც არ აქვს შემოსავალი და თვიდან თვემდე ნისიად გააქვს თავი. ასეთ პირობებში მაღაზია ვერ იმუშავებს. მაისის ბოლომდე გადავხედავ და ამ საქმიანობას შევეშვები. აზრი აღარ აქვს, ბოლო 3 თვეა, რაც წაგებაზე ვმუშაობ და ასე გაგრძელება შეუძლებელია", - ამბობს მაღაზიის მფლობელი, რომლის მდგომარეობაშიც დღეს ასობით ინდმეწარმეა.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია