Financial Times - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს

Financial Times - სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს

სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ უბიძგებს, - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა Financial Times ნილ ბაკლის სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, "ვარდების რევოლუციიდან" 10 წლის განმავლობაში, საქართველო თითქმის ვერშემდგარი სახელმწიფოდან მზარდ, ახალგაზრდა, დემოკრატიის ქვეყნად ტრანსფორმირდა.

2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგაც კი მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ცდილობდა ძალაუფლების მონოპოლიზებას, გასულ წელს კი ძალაუფლება მილიარდერ პრემიერს მშვიდობიანად გადააბარა. ასე რომ, ქვეყნის ტრანსფორმირება არსებითად არ შეცვლილა.

"მაგრამ ახლა, მიხეილ სააკაშვილის პოტენციური დაპატიმრებით ამის რისკი იკვეთება. მისი ათობით მაღალჩინოსანი კორუფციული ბრალდებით იხდის სასჯელს, თუმცა თავად აცხადებენ, რომ ეს სასჯელი პოლიტიკურად მოტივირებულია", - წერს ნილ ბაკლი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განსახვავებულ გზავნილებს იძლევა და აცხადებს, რომ ემიჯნება მიმავალი პრეზიდენტის პოტენციური დაკავებას, თუმცა ამავდროულად არაერთხელ იმეორებს, რომ სავარაუდოდ, გამოძიება წარიმართება.

ავტორის აზრით, ეს ნიშნავს - ან იმას, რომ სააკაშვილის დაკავება, სასამართლო, ციხეში ჩასმა უკვე გადაწყვეტილია ან ეს არის მცდელობა, რომ აიძულონ იგი, დატოვოს ქვეყანა. თავად სააკაშვილის მეგობრები აცხადებენ, რომ ის ფიქრობს, გარკვეული დრო გაატაროს აშშ-ში, თუმცა ჯერჯერობით წასვლისგან თავს იკავებს. სააკაშვილი აღიარებს პოლიტიკურ შეცდომებს, თუმცა მისი დაჭერა იქნება დარტყმა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში დემოკრატიის იმედისთვის.

ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს - თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რეალობა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან გრძელვადიანი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების დადების გეგმას, რომელიც საციცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარების გასაგრძელებლად. თბილისი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე სახელმწიფო, იმედოვნებს მომავალი თვის სამიტზე ხელშეკრულების პარაფირებას – ბოლო ნაბიჯს ხელმოწერამდე.

მასალის ავტორი მიიჩნევს, რომ "ვარდების რევოლუციის" ლიდერის დაკავება იქნება მსგავსი საქართველოს მიერ შთაგონებული, უკრაინის 2004 წლის "ნარჯინჯისფერი რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების. მას შემდეგ, რაც ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშირის ხელშეკრულების დადების მთავარ პირობად უკრაინას ტიმოშენკოს გათავისუფება წაუყენეს, საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსი ქცევაა სავარაუდო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დემოკრატიული უკუსვლა 2010 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ გაცილებით ძლიერი იყო.

"ევროკავშირის ხელშეკრულების გარეშე, საქართველოს თითქმის აღარ დარჩება გზა, გარდა იმისა, რომ რუსეთთან კავშირების აღსადგენად გააკეთოს კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ივანიშვილმა გააკეთა აქამდე. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს საბაჟო კავშირში შესვლასაც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ევრაზიული კავშირის" გასაღრმავებლად შექმნა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ბელორუსთან და ყაზახეთთან",-ნათქვამია უცხოური გამოცემის სტატიაში.

ამასთან, სტატიის მიხედვით, საერთაშორისო ურთიერთობების ქართველი ანალიტიკოსი ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და ეგვიპტეში არეულობის შემდეგ, აშშ სასოწარკვეთილად ცდილობს, თავი აარიდოს კიდევ ერთ წარუმატებლობას მის მიერ დემოკრატიის გავრცელების მცდელობებში. "ჩვენ ვართ საუკეთესო იმედი, რომელიც დარჩა", –აღნიშნავს რონდელი. ქართველი პოლიტოლოგის აზრით. სააკაშვილის დაპატიმრება იქნება გზავნილი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების ლიდერების მიმართ: "არ ჩაატაროთ თავისუფალი არჩევნები, რადგან თქვენ შეიძლება ჩაჯდეთ ციხეში".

თუმცა, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ერთმა წელიწადმა მოიტანა პოზიტივიც. გაჩნდა პოლიტიკური და მედია პლურალიზმი, დებატები პარლამენტში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად მის ლიდერებზე ზეწოლისა, მაინც იკავებს თავის ადგილს, როგორც პასუხისმგებლობის მატარებელი ოპოზიცია.

"კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ივანიშვილის მოკავშირის, თავშეკავებული გიორგი მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, იყო ყველაზე მშვიდი და თავისუფალი საქართველოში. თუმცა, უარყოფითი მხარე ის არის, რომ "ქართული ოცნება", ისევე როგორც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობა", ცდილობს, დომინირებდეს პოლიტიკურ სცენაზე. არის ასევე ალბათობა, რომ ივანიშვილი შეეცდება, მართოს მოვლენები კულისებიდან. ორივე – მარგველაშვილიც და მომავალი პრემიერიც, რომელიც კონსტიტუაციაში შესული ცვლილებების შედეგად, იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე პრეზიდენტი, უნდა უმადლოდენ თავიანთ პოზიციას მილიარდერს",-ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, ავტორი წერს, რომ ყველაზე შემაშფოთებელი არის ნაციონალიზმისა და რელიგიური კონსერვატიზმის აღორძინება, რამაც თავი იჩინა მუსლიმებზე, ეთნიკურ უმცირესობებსა და გეი ადამიანებზე თავდასხმებში.

მასალის ავტორის თქმით, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველო ევროპული სტილის დემოკრატიის გზას ადგას, თუმცა მის მიღწევას შესაძლოა, ოცი წელი დასჭირდეს.

"შესაძლოა, საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანზე გახდეს დამოკიდებული, მის მიერ აწყობილი ძალოვანი სტრუქტურები გახდება დაბრკოლება, თუ დახმარება ქვეყნისთვის, გაჰყვეს ამ გზას",-ნათქვამია სტატიაში.

Financial Times

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა