დახურავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ”წითელ ზონას”

დახურავს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი ”წითელ ზონას”

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა "წითელი ზონა" დახურა. გადაცემის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან "წითელი ზონა"იხურება. თუმცა, გადაცემის წამყვანი ამბობს, რომ  რადიო თავისუფლებას" აქამდე არ მიუღია ოფიციალური წერილი ხელშეკრულების დარღვევაზე.

გადაცემის დახურვის საკითხს გოგი გვახარია საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა:

”ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. არა მგონია პროტესტს აზრი ჰქონდეს, სანამ არ ამოქმედდება ახალი კანონი საზმაუწყებლის შესახებ და სანამ საზმაუწყებლის მენეჯმენტი არ შეიცვლება. ამ მენეჯმენტმა ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ოფიციალურად შეეტყობინებინათ ჩვენთვის გადაცემის დახურვის შესახებ. უფრო მეტიც, "რადიო თავისუფლებას" აქამდე არ მიუღია ოფიციალური წერილი ხელშეკრულების დარღვევაზე”,- დაწერა გვახარიამ.

არხის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სოციალური ქსელით გადაცემის მხარდასაჭერი აქცია უკვე დაიგეგმა. აქცია სახელწოდებით "პროტესტი  "წითელი ზონის" დახურვის გამო" დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართება.

"საზოგადოებრივმა მაუწყებლმა დახურა გადაცემა "წითელი ზონა". მოქალაქეები ვიკრიბებით ტელევიზიის შენობასთან 18 საათზე! წითელი ბარათი ტელევიზიის ადმინისტრაციას!!!" - ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსში.

გადაცემის დახურვის მიზეზად არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ტყემალაძეს სურს  არხისთვის შედარებით იაფფასიანი გადაცემა მომზადდეს.

აღმოჩნდა, რომ  რადიო "თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივმა პროექტმა, შესაძლოა იგივე ბედი გაიზიაროს, რაც  გადაცემებმა - "აქცენტები" და დიალოგი". ჟურნალისტების - ეკა კვესიტაძის და დავით პაიჭაძის გადაცემები  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სექტემბერში დახურა.  აღნიშნული ფაქტის შემდეგ,  "წითელი ზონის" დახურვა-არდახურვის შესახებ კითხვები  გადაცემის ერთგულ მაყურებელში მაშინვე გაჩნდა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მაშინ "წითელი ზონა" არ უხსენებია.

წელს საზოგადოებრივ მაუწყებელმა გასულ წელთან შედარებით შემცირებული ბიუჯეტი მიიღო.  ცნობილია ისიც, რომ არხს ფინანსური კრიზისი აქვს.  მაგრამ ეს კრიზისი მაუწყებელში არც "წითელი ზონით" დაწყებულა და სავარაუდოდ, არც მისი დახურვით დამთავრდება. საზოგადოების ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ მაუწყებელი ეკონომიას ხარისხის ხარჯზე აკეთებს.

თამაზ ტყემალაძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურევო საბჭომ 2013 წლის 6 სექტემბერს მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დირექტორ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა.

ცნობილია, რომ გასულ წელთან შედარებით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსება წელს 17 მლნ 800 ათასი ლარით შემცირდა და  მისი ბიუჯეტი 31 მლნ 100 ათასი ლარია.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები