ისეთი მრავალმხრივი კაცია, მიჭირს კიდეც მისი მხოლოდ ერთ ამპლუაში წარდგენა, - ბიოლოგი, მებაღე, კოლექციონერი, იუმორისტი და კიდევ, ბევრი რამის თქმა შეიძლება ზურა შევარდნაძეზე, რომელსაც თბილისში საუცხოო მცენარეების ბაღი და სანერგე აქვს გაშენებული.
ამჯერად მის უცნაურ გატაცებას, - კოლექციონერობას მინდა შევეხო: ჩაიდნები, ქოთნები, ქვაბები, ბოთლები, ქილები, ლამპები, ჭაღები, ქოლგები, ჩარჩოები, სარკეები, ფეხსაცმელი, ტექსტილი, სკამები, ჩემოდნები, მაკრატლები, გასაღებები, საკერავი მანქანები და კიდევ ბევრი რამ...
ვინმემ რომ უთხრას, - რად გინდაო? ჩათვლის, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს... კიდევ აქვს პატეფონები და ძველი ფირფიტების უნიკალური კოლექცია...
- ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. ძველი ნივთების გარემოცვაში ცხოვრება მომწონს და ამას ახსნა მოვუძებნე: არ მიყვარს პლასტმასისა და პოლიეთილენის ნივთები, ხელოვნური ქსოვილები. ვაფასებ მხოლოდ ბუნებრივ და ნატურალურ მასალას. არაბუნებრივი ქსოვილის სამოსიც არასდროს ჩამიცვამს. ის კი არა, ახლაც კი "გაკრახმალებულ" თეთრეულში მძინავს, როდესაც ამას უკვე აღარავინ აკეთებს... მოკლედ, ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებ. ბავშვობიდან ასე ჩამოვყალიბდი, ასე ვიცხოვრე და დღემდე ასე ვარ... როდესაც ამა თუ იმ ძველ ნივთს გადაგდებულს ვხედავ, ვერ ვეგუები... აი, ეს მაგალითად, ბებიაჩემის კაბის ნაწილებია (მაგიდაზე ძველებური ქსოვილის ნაკუწებზე მიმითითებს), გადასაგდებად დამენანა და ახლა ლარნაკზე მიდევს. თუმცა, ჩემი ოჯახის ყველა წევრი მას დიდი სიამოვნებით გაიმეტებდა გადასაგდებად. მე კი ვინახავ, რადგან ეს ბებიაჩემის მოსაგონრადაა.
- ეზოში უამრავი ძველი ფეხსაცმელიც ვნახე. ვინ იცის, ვისი ნაქონია? ეს არ გაწუხებთ, ხომ?
- რა უჭირს მერე? ისინი ბაღში აწყვია და ბაღის მშვენიერი დეკორაციაა. ზოგში მცენარეა ჩარგული, ზოგიც - უბრალოდ დევს. ეს ნივთები ჩემთვის ემოციას ქმნიან და ამაზეა აწყობილი მთელი ცხოვრება.
- მაინც, რა პერიოდიდან დაგეწყოთ ძველი ნივთებისადმი ასეთი ლტოლვა?
- ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო. როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და სოფლიდან თბილისში საცხოვრებლად წამოვედი, სახლიდან ბევრი ძველი ნივთი წამოვიღე, რომელიც ჩემს ოჯახში ინახებოდა. მაგალითად, დამენანა ბებიის საქორწილო კაბის გადაგდება, მან ხომ ის თავის დროზე შეინახა და ჩემამდე მოიტანა? ჰოდა, ის და მასთან ერთად ბევრი წიგნი, მათ შორის - "კარაბადინი", სოფელში რომ არ განადგურებულიყო, ჩავაწყვე და თბილისში ჩამოვიტანე. იმის მერე აქ დავიწყე ძველი ნივთების შეგროვება. მოგეხსენებათ, პროფესიით ბიოლოგი ვარ და ხშირად ველზე მიხდებოდა მუშაობა. ამასთან, მთელი კავკასია ფეხით და სოფელ-სოფელ მაქვს შემოვლილი. ჰოდა, იქ უყურადღებოდ დაგდებული ბევრი ნივთი მინახავს. მაგალითად, ამა თუ იმ სოფელში შემხვედრია ძველი ნიკელის საწოლის მოჩუქურთმებული თავი, რომელიც პატრონისთვის მითხოვია და თან წამომიღია.
- ამ ნივთების შესაძენად ფულსაც ხომ იხდით?
- თუ მომწონს, მასში ხშირად ფულსაც ვიხდი. ძვირფასი და გადაპრანჭული საგნები არ მიყვარს. აქაურობა დღე და ღამე სულ ღიაა, ჯერ ამ ნივთების მოსაპარავად არავინ მოსულა. ვინმე რომც შემოვიდეს, წასაღებს ვერაფერს იპოვის. ყველა საგანი თავისებურად შელახულია, რაღაც პატარ-პატარა ნაკლი აქვს...
- ამბობენ, რომ ძველი ნივთები, განსაკუთრებით - სარკე, სასურათე ჩარჩოს მინები, ჭურჭელი ძველ უარყოფით ენერგიას ინახავს...
- ჩემთვის ამ ყველაფერს მხოლოდ დადებითი ენერგია მოაქვს. ვინც ცუდი ენერგიით იმუხტება, ნუ დაიდგამს სახლში. ჩემთან მოსულმა, კი ცოტა ხანს გაუძლოს მას და თუ მაინცდამაინც აქ ყოფნისას სარკიდან რაღაც `მიაფრინდება~, საერთოდ არ გაეკაროს სიახლოვეს (იცინის) ან უბრალოდ, სწრაფად ჩაუაროს.
- აქ მოსული ადამიანი კარგად ხედავს სიძველისა და თანამედროვეობის კავშირს...
- კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ. ევროპაში წელიწადის განმავლობაში, მინიმუმ სამ თვეს ვატარებ. უცხო ქალაქში ჩასვლისას, პირველი, რასაც ვაკეთებ, თანამედროვეობის მუზეუმს ვეწვევი ხოლმე, რომ თანამედროვეობასა და მოვლენებს არ ჩამოვრჩე. იმის მერე დავდივარ ბაზრობებზე, საყიდლებზე და სხვაგან...
- თანამედროვეობის მუზეუმში შესული, რას აღმოაჩენთ ხოლმე?
- იმას, რომ დროს კი არ ჩამოვრჩები, პირიქით, ვუსწრებ... მადლობა ღმერთს, განებივრებული ვარ კომპლიმენტებით, მაგრამ ერთხელ, ერთმა ინგლისელმა, ძალიან საინტერესო ქალბატონმა, რომელიც ჩვენ გვსტუმრობდა, საოცარი კომპლიმენტი მითხრა: ზურაბ, თქვენ დროს 50 წლით უსწრებთო. პირველ რიგში, უნდა გსიამოვნებდეს, რასაც აკეთებ. ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა და მომწონს! სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ ყველას არ ესმის ჩემი და არც მინდა, რომ ესმოდეს.
- აღნიშნეთ, რომ მანქანაში ხშირად ელექტროჩაიდნები მიწყვია, რომლებსაც სოფლებში რომ დავდივარ, ადამიანებს ძველ საგნებში ვუცვლიო...
- ბოლოს აჭარის მაღალმთიანეთში ვიმოგზაურე. იქ ასვლაზე ვოცნებობდი და წელს ავისრულე... იქ მოსახლეობაში ბევრი საინტერესო ტრადიციაა შემონახული და მათთან ბევრ საინტერესო ნივთსაც ნახავ. ისინი ხის ჭურჭელს (კოთხოებს) ხმარობენ და ისეთი საგნები აქვთ შემონახული, რომელთა ხელოსნები აღარც არიან. განსაკუთრებული ნაქარგები აქვთ... აჭარაში რომ მივდივარ, დოლბანდის დიდი თოფი მიმაქვს. დოლბანდს ბუნებრივი საღებავებით ღებავენ და მოხუცები თავსაბურავებად, ჩადრებად იყენებენ. ისინი დიდი სიამოვნებით ხეხავენ ალუმინის ქვაბებს და ეს საქმე რიტუალის დონეზე აქვთ აყვანილი. ამიტომ, შარშან მათ ერთი დიდი ტომარა სახეხი საშუალება (მავთულის ზამბარები) წავუღე. რომელ ოჯახშიც უნდა შეხვიდეთ, საოცრად გაპრიალებული ქვაბები აქვთ, რომელსაც წიფლის ხის ნაცრით ასუფთავებენ. იმ სახეხ მავთულზე დიდი საჩუქარი მათთვის რა უნდა იყოს? ასევე, მიმაქვს ელექტროჩაიდნები. ერთი პერიოდი ძალიან გატაცებული ვიყავი, - ძველ ჩაიდნებს ვაგროვებდი და მათ ელექტროჩაიდნებში ვუცვლიდი. ბორჯომში, საბჭოთა სანატორიუმის შენობაში დიდი ჩაიდანი მეგულებოდა. მივედი, ვითხოვე და თანამედროვე ჩაიდანში გავუცვალე. ეს უფრო მისაღები ფორმაა, რითაც შეიძლება, მოიპოვო შენთვის სასურველი ნივთი.
- ნივთების შესაძენად მშრალ ხიდზე არ დადიხართ?
- ცეცხლი რომ მეკიდებოდეს და ქვეყანა ინგრეოდეს, მშრალ ხიდზე რომ არ გავიარო, ცუდად გავხდები... მერე ამ ნივთებს რომ მოვიტან, მათი ამოლაგებაა მთელი რიტუალი. შემდეგ, მისთვის შესაფერისი, საპატიო ადგილის მიჩენა და მერე - მათით ტკბობა.
- მშობლები რას გეუბნებიან?
- ჩემი ცხოვრების სტილი მათთვის გაუგებარია. უკვირთ, მაგრამ არ ვაძლევ უფლებას, რომ მაკრიტიკონ.
- დაოჯახებას როდის აპირებთ?
- ჯერჯერობით მარტო ვარ, რადგანაც ძნელია ამ ჩემოდნებთან და ჩაიდნებთან ცხოვრება (იცინის). გოგონებს ამის ეშინიათ და თან იმის მტკიცებაც არ მინდა, რომ ეს ჩემი ცხოვრების სტილია და ამას ჩემ გვერდით მყოფი ადამიანი უნდა შეეგუოს. ეს რომ არ მინდა, ჯერჯერობით ვარ ჩემთვის.
მერე, მებაღე ვარ, მძიმე პროფესია მაქვს, სულ ტალახსა და მიწაში მიწევს ყოფნა. გოგონებს კი გამოპრანჭული კაცები მოსწონთ. იქნებ ახლა თქვენი ჟურნალი დამეხმაროს და მეშველოს (იცინის)?!
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)