ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს მიმართავს, სიმართლე ილაპარაკოს

ელენე თევდორაძე ანდრო ბარნოვს მიმართავს, სიმართლე ილაპარაკოს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის ინფორმაციით, კომისიას მაიზერ ლიპარტელიანის, დავით ადეიშვილისა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილისთვის შეწყალების რეკომენდაცია არ მიუცია.

როგორც ელენე თევდორაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ პირები იმ სიაშიც კი არ მოიძებნებიან, ვინც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა და მათი საქმეები არც განუხილავთ.

ამასთან, როგორც თევდორაძე აცხადებს, 70 პატიმარზე მეტი შესაწყალებელ პირთა სიაში ისე შეიყვანეს, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა. თუმცა, როგორც თევდორაძემ განმარტა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არანაირი კანონი არ არეგულირებს. მისივე განმარტებით, შეწყალების კომისია სარეკომენდაციო ორგანოა, რომელსაც შეიძლება პრეზიდენტი ან დაეყრდნოს ან - არა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც თევდორაძე აცხადებს, პრეზიდენტს შეეძლო კომისია არ მოეწვია და შეეწყალებინა ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლიდა.

"მაიზერ ლიპარტელიანზე, კომისიას შეწყალების რეკომენდაცია არ გაუცია. აღნიშნული პირები სიაშიც არ ყოფილან. მათი გვარები იმ სიაშიც არ არის, ვინც კი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. როგორ განვიხილავდით მაგალითად ადეიშვილის საქმეს, როდესაც იგი ციხეში არ მჯდარა? ჩვენ ხომ საქმეს ციხე გვიგზავნის. ეს იმდენად აბსურდულია, ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1995 წლიდან კომისიაში ვიყავი, 10 წელია თავმჯდომარე ვარ, ასეთი შემთხვევა არის პირველი, როდესაც პატიმარი არის გაქცეული და პრეზიდენტმა შეიწყალა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს მიმართავს. თევდორაძის ინფორმაციით, გუშინ ანდრო ბარნოვმა აღნიშნა, რომ არ იცის, თუ ვის სიაში იყვნენ შეწყალებული პატიმრები.

"მე მინდა მივმართო ბატონ ანდროს, ინტელიგენტი კაცია, პატივს ვცემდი, მაგრამ ჯობია, სიმართლე ილაპარაკოს ახლა რომ ამთავრებს თავის საქმიანობას. პრეზიდენტი ზუსტად ბარნოვს ავალებდა, როგორც აპარატის უფროსს, მოემზადებინა დამატებითი საქმეები რაც არ შედიოდა კომისიაში. მან ძალიან კარგად იცის ეს, სანამ პრეზიდენტთან აიტანდა სიას, თავად გაიარა ჩვენი სარეკომენდაციო სია და ძალიან კარგად იცის, ვინ იყო ამ სიაში და ვინ - არა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ და დასძინა, რომ თავად იმ ოქმს მოაწერს ხელს, სადაც მისი რეკომენდაციით შეწყალებული პირები არიან.

ამასთან, ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ შეწყალების კომისია 8 წლის განმავლობაში ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში იყო. რაც 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიცვალა.

"ჩვენ ვმუშაობდით, საათობით ვკამათობდით, მერე ჩვენი სიები თურმე პროკურატურაში მიდიოდა. პირებს, რომლებსაც დარჩენილი ჰქონდათ სასჯელი 6 თვე, ერთი წელი, წელიწადნახევარი, რჩებოდნენ ციხეში და ვიღაცეები, ვისაც ჰქონდათ 17, 20 წელი ხვდებოდნენ გარეთ. მე ამას ვგებულობდი ტელევიზიით. ე.ი. პროკურატურა ცხრილავდა ჩვენს სიებს. საპატრიარქოსაც ჰქონდა სიები. საპატრიარქოდან 1200 საქმეს გააგზავნიდნენ, იმ სიიდან 2 ადამიანს ამოიღებდნენ, დანარჩენს - არა. ჩვენი სია იცხრილებოდა. ის, რასაც პროკურატურა ამზადებდა, შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. ნამდვილად არ ვიცი, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა ეს ვისი სია იყო", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ