ლიკა ლაბაძე პირად ცხოვრებასა და თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდზე

 ლიკა ლაბაძე პირად ცხოვრებასა და თავის მოვლის განსაკუთრებულ მეთოდზე

ტელეწამყვანი და მოცეკვავე - ლიკა ლაბაძე მიიჩნევს, რომ საკუთარი თავი ახლა იპოვა, რადგანაც თავისი გარეგნობით, ყველაზე მეტად, სწორედ ამ ასაკშია კმაყოფილი. ლიკა მაკიაჟს მხოლოდ მაშინ იკეთებს, როცა კამერის წინ უწევს დგომა და როგორც ამბობს, თავის მოვლის განსაკუთრებული რეცეპტიც აქვს.

- ძალიან მსუქანა, პუტკუნა ბავშვი ვყოფილვარ. ისეთი ბეთქუნა ლოყები მქონია, რომ თურმე, ცხვირი საერთოდ არ მიჩანდა. სიმსუქნისა და კანზე ბევრი ნაკეცის გამო, როგორც დედა მეუბნება, ჩემი დაბანა რთული ყოფილა (იცინის). აი, ამ სურათზე დაახლოებით ერთი წლის ვარ და კარგად ჩანს, თუ როგორი "მძიმეწონიანი" ვიყავი.

- მსუქანა თუ იყავი, ბევრს ვერც იცელქებდი...

- კამერა, კონცერტი, ცეკვა - ეს ყველაფერი ლამის დაბადებიდან მხიბლავდა. ზრდილობიანი, მორჩილი, თავმდაბალი, მოწესრიგებული, მორიდებული ბავშვი გახლდით. ისეთი მორიდებული ვიყავი, რომ სხვა ბავშვებთან ერთად ტკბილეულსაც ვერ ვჭამდი. ერთხელ მამამ მითხრა: შენ კი გაქვს შოკოლადი და ჭამ, მაგრამ იქნებ შენ გვერდით მყოფს არა აქვს, ამიტომ ან გაუნაწილე, ან ნუ შეჭამ სხვისი თანდასწრებითო. ბევრჯერ ერთი კანფეტი მქონია და ის ჩემი თანატოლისთვის მიმიცია, მაგრამ ახლა ასე აღარ ვიქცევი, "გავღორდი" (იცინის). ამ კარგ თვისებებთან ერთად, სიცელქეც არ მაკლდა, მაგრამ ჩემი ანცობით პრობლემას არავის ვუქმნიდი. განსაკუთრებით, ეზოში სირბილი და ბიჭური თამაშები მიყვარდა. სირბილში ვერავინ მაჯობებდა. სხვათა შორის, კვირაში ერთხელ სირბილში შეჯიბრებას ვაწყობდით და გოგონები ბიჭების წინააღმდეგ ვირაზმებოდით. აი, ეს ბავშვობის დროინდელი ფოტო ძალიან მიყვარს. აქ ჩემი საყვარელი "კომბინიზონი" მაცვია, რომელიც მამამ ჩამომიტანა.

- ამ სურათზე რამდენი წლის ხარ?

- აქ 7 წლის ვარ. ბებია ძალიან კარგად კერავდა, ამიტომ ზეიმებზე მისი შეკერილი კაბები მეცვა. ამ მხრივ გათამამებული ვიყავი. აი, ამ სურათში სწორედ ბებიის შეკერილი, ოქროსფერი კაბა მაცვია.

- "ბასტი-ბუბუში" დადიოდი, არა?

- 5 წლიდან "ბასტი-ბუბუში" დავყავდი მშობლებს და ლამის, ფილარმონიის სცენაზე გავიზარდე. ძალიან მიყვარდა სცენაზე გამოსვლა, კოსტიუმების ცვლა. დედასაც არ ეზარებოდა და უამრავ ფოტოს მიღებდა. აი, ეს სურათი, სადაც სხვა ბავშვებთან ერთად მე, ნინი ბადურაშვილი და სოფო ნიჟარაძე ვართ, "ბასტი-ბუბუს" ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული.

- როგორც ვხედავ, პრანჭია გოგო იყავი.

- დღემდე პრანჭია ვარ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ახალი კაბების ჩაცმა, სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთება... ეს სურათი ჩემს დაბადების დღეზეა გადაღებული. იუბილე-კონცერტი მქონდა და ბევრი წარმოდგენა გავმართე.

- გოგონების უმრავლესობა დედის ტანსაცმელს და მაკიაჟს ეტანება...

- (მაწყვეტინებს) მეც მიყვარდა დედის ფეხსაცმლის ჩაცმა. ახლაც თვალწინ მიდგას ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლითაც დიდი გულმოდგინებით დავბაკუნებდი. ასევე, ვიპარავდი ბებიის ბეწვის ქურქს და ვიპრანჭებოდი. ბებიას სამკაულების ზარდახშა ჰქონდა, რომელსაც გასაღებით კეტავდა ხოლმე. თუკი ამ გასაღებს ვიპოვიდი და მის სამკაულებს გავიკეთებდი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მომწონდა მაკიაჟის გაკეთება. სხვათა შორის, ამით დედაც ერთობოდა - დამსვამდა ხოლმე და ათასნაირად მიღებავდა სახეს (იღიმის).

- შენი მშობლები გაგვაცანი...

- დედა პროფესიით ბალერინა და ფილოლოგია. ბავშვობიდან ბალეტის სამყაროში გავიზარდე. ჰოდა, როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, ბალერინობის გარდა, სხვაზე არც არაფერზე მიფიქრია. 7 წლის რომ ვიყავი, მამა გარდამეცვალა. რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ დედამ ძალიან იყოჩაღა და ჩემთვის არაფერი დაუკლია, ამისათვის მისი მადლიერი ვარ.

- ახლა ბალეტი არ გენატრება?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე - მაშინ 10 წლის ვიყავი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ასაკში ჩემი ბავშვობა დასრულდა. რატომ? - ბალერინობა მოცეკვავისგან დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ამ ყველაფერმა გამომიმუშავა ნებისყოფა, წესრიგისკენ სწრაფვა. მიხარია, რომ მოწესრიგებული და პუნქტუალური ადამიანი ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" 5-6 საათით ადრე მივდივარ, რათა თმისა და მაკიაჟის მოწესრიგება მოვასწრო, ამის შემდეგ კი წყნარად ვადევნებ თვალს სხვების ფუსფუსს... ხანდახან, რა თქმა უნდა, მინდება ვიცეკვო, მაგრამ ფორმაში არ ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს ცხოვრებაში ცეკვა ისევ დაბრუნდეს.

- სკოლის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი, როგორ გეცვა?

- იმ პერიოდში, როცა თინეიჯერი ვიყავი, საქართველოში ტანისამოსის დიდი არჩევანი არ იყო, თითქმის ყველას ერთნაირად ეცვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობდი, რაიმე განსხვავებული მომეძებნა, სიახლე მეპოვა. მახსოვს, მწვანე "ელასტიკი" მქონდა, რომელიც მეგობარმა საზღვარგარეთიდან ჩამომიტანა და ძალიან მომწონდა. 16 წლის ვიყავი, უცნაური ვარცხნილობა რომ გავიკეთე; პანკივით დავდიოდი და მასწავლებლები მსაყვედურობდნენ: ბალერინას ეგეთი ვარცხნილობა არ შეგეფერებაო (იცინის). ხშირად თმა გაშლილი მქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ მინდა, გრძელი ნაწნავი მქონდეს, მაგრამ ისეთი სრიალა თმა მაქვს, რომ არ გამომდის.

- თმას იღებავ?

- ბუნებრივად მუქი წაბლისფერი თმა მაქვს. ეს ფერი მომწონდა, მაგრამ 2 წლის წინ მაინც შევიღებე... რაც შეეხება ვარცხნილობას: ძალიან მიხდება კარე და ბავშვობაში მქონდა კიდეც თმა ასე შეჭრილი. მიყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ უკვე დიდი ხანია, გრძელ თმას ვატარებ, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სხვადასხვანაირი ვარცხნილობა გავიკეთო. გადაწყვეტილი მაქვს, თმა არასოდეს შევიჭრა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონების უმეტესობა იმიჯს რადიკალურად იცვლის. ალბათ, გამონაკლისი არც შენ იყავი, არა?

- ალბომს რომ გადავხედე და სკოლის დამთავრების შემდეგ გადაღებული სურათები ვნახე, საკუთარი იმიჯი საშინლად არ მომეწონა. თუმცა, საგანგაშო არაფერია: ადამიანს ხომ ასაკის მატებასთან ერთად, გემოვნებაც ეცვლება. 25 წლამდე სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და მეგონა, რომ "დაბლები" არ მიხდებოდა, ახლა კი პირიქითაა - ვცდილობ, სპორტული ფეხსაცმლით ვიარო. რაც შეეხება ჩაცმულობას - იმას ვიცვამ, რაც მიხდება. საერთოდ, ფორმაში ყოფნა ყოველთვის მიყვარდა. გარეგნობას და თავის მოვლას ბევრ დროს ვუთმობ, მით უმეტეს, რომ ახლა კამერის წინ მიწევს დგომა.

- როგორი სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემს გარდერობში ყველანაირი სტილის, სიგრძისა და ფერის სამოსს ნახავთ. განსაკუთრებით მიყვარს ჯინსი.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- 18-20 წლის ასაკში სახლიდან უმაკიაჟოდ არ გავდიოდი, მაგრამ ახლა, როგორც კი გადაცემა დამთავრდება, მაკიაჟს ვიშორებ. სახის კანს განსაკუთრებულად ვუვლი.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები ძალიან მიყვარს. იყო პერიოდი, როდესაც დიდი ზომის საყურეებს ვატარებდი და სადაც ასეთ სამკაულს ვნახავდი, აუცილებლად ვყიდულობდი. ახლა დიდი საყურეები დისკომფორტს მიქმნის... საათიც მიყვარს ძალიან. არ მიყვარს ყელსაბამი. როცა ეს აქსესუარი მიკეთია, ასე მგონია, მახრჩობს.

- არაერთი სურათი გაქვს გადაღებული ზღვაზე, მთაში. ვატყობ, ბუნება გიყვარს.

- ეს ფოტოები დეიდაშვილმა გადამიღო. დასასვენებლად ვიყავით და ცხადია, არც მაკიაჟი მაქვს გაკეთებული, არც ვარცხნილობაზე მიზრუნია განსაკუთრებულად. მოკლედ, ბუნებრივი და კარგი ფოტოები გამოვიდა. ბუნებაში ყოფნისას სულიერად ვისვენებ, ფილტვებს ვისუფთავებ. რაც შეეხება ზღვას და იმას, რაც ზღვასთანაა დაკავშირებული - მზე, კოქტეილი, გარუჯვა - ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს.

- ამ სურათში ყანწით ხელში ხარ. გიყვარს ქეიფი და ალკოჰოლი?

- ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, კერძები, მაგრამ ვერ ვიტან, როცა სუფრასთან მსხდომებისგან გაუთავებელი სადღეგრძელოების მოსმენა მიწევს; როცა ვხედავ, რომ ხალხი ერთმანეთს ღვინის სმას აძალებს. თუმცა, ჩემი დაქალის ქორწილზე ეს ყანწი სიამოვნებით გამოვცალე.

- არ შემიძლია, არ გკითხო: რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- საერთოდ, პირად რაღაცებზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ერთს გეტყვი: აკრძალული და აუკრძალავი სიყვარულიც დიდი რაოდენობით ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ახლა სასიყვარულო ურთიერთობების დრო არ მაქვს. თუმცა მყავს მეგობარი, რომელთან ერთადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- დაბოლოს, ოდესმე საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- ამ ეტაპზე ჩემთვის, ხარისხიანი მეთოდით თავის მოვლაც საკმარისია. მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. უნდა გითხრათ, რომ ჩემი გარეგნობა ძალიან თავდაჯერებულს მხდის. საერთოდ, მომწონს კარგად მოვლილი ქალები და მიხარია, რომ დღეს თბილისში ბევრი ლამაზი მანდილოსანი დადის.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება