სად და როგორ აწყობენ თვითმფრინავებს

სად და როგორ აწყობენ თვითმფრინავებს

11 დღე - სწორედ ეს დროა საჭირო ერთი ახალი Boeing-737-ის, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამოქალაქო ავიალაინერის ასაწყობად. ამერიკელები Boeing-737-ს 1967 წლიდან უშვებენ. მას შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ის ყველაზე პოპულარული და კომერციულად წარმატებული თვითმფრინავია. მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით, დამკვეთს 7604 სხვადასხვა მოდიფიკაციის ლაინერი გადაეცა.

თვითმფრინავებს ქალაქ სიეტლში, რენტონის საავიაციო ქარხანაში აწყობენ. აქვე მოქმედებს ტურისტული ექსკურსიები. ნებისმიერ მსურველს გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, Boeing-737-ის დამზადების სრული ციკლის ნახვა შეუძლია. მეორე მსოფლიო ომის დროს ქარხანა ბომბდამშენებს უშვებდა და პროფილი 1952 წელს შეიცვალა. მას შემდეგ აქ მხოლოდ სამოქალაქო ლაინერები იწყობა.

თვითმფრინავების ფიუზელაჟებს კანზასის შტატში აწყობენ და რენტონში რკინიგზით გადმოაქვთ. 3218 კმ-ზე ტრანსპორტირებას 8 დღე სჭირდება. ყოველთვიურად ქარხანას 38 ახალი თვითმფრინავი ტოვებს. ამჟამად ერთი თვითმფრინავის აწყობას 11 დღე სჭირდება. პერსპექტივაში წარმოების პროცესის ოპტიმიზაციის გზით, ამ ვადის შემცირებას 10 დღემდე გეგმავენ.

დიდი თვითმფრინავების აწყობა, დიდ ფართს საჭიროებს. საამქროს სიგრძე, სადაც Boeing-737-ებს აწყობენ 340, სიგანე კი 320 მეტრია. ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე პერსონალი საამქროს ტერიტორიაზე გადაადგილებისა და მცირე ზომის ტვირთების გადატანისთვის ასეთ სამთვლიან ველოსიპედებს იყენებს.

აწყობის პროცესში თვითმფრინავებზე მაგრდება ფრთები, ძრავები, შასი. მონტაჟდება სალონი, სავარძლები, ყველა საჭირო ატრიბუტი და აღჭურვილობა.

დეტალურად მოწმდება ყველა სისტემის და კვანძის გამართული მუშაობა. პროცესში მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალი მონაწილეობს. ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავი საამქროს ტოვებს და პირველი აფრენისთვის ემზადება.

7 დღიანი გამოცდების, შემდეგ საბოლოო შეღებვისთვის თვითმფრინავს უკან ქარხანაში აბრუნებენ. ერთი Boeing-737-ის შეღებვას დაახლოებით 190 ლიტრი საღებავი სჭირდება. სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოებაში, Boeing-ის გაყიდვების 60 %-ზე მეტი სწორედ "737" მოდელის ავილაინერებზე მოდის. თვითმფრინავი იმდენად პოპულარულია, რომ ნებისმიერ მომენტში ჰაერში ერთდროულად ამ მარკის 1000-1100 თვითმფრინავი იმყოფება და ყოველ 5 წამში მსოფლიოში, სადღაც ერთი Boeing-737 ჯდება ან ფრინდება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fresher.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა