ქართველი ქალი, რომელმაც მეოთხე შვილის გადასარჩენად მეხუთე გააჩინა

ქართველი ქალი, რომელმაც მეოთხე შვილის გადასარჩენად მეხუთე გააჩინა

"ეს არის პირველი ინტერვიუ, რომლითაც ამ სასიამოვნო სიახლეს გაცნობებთ. ძალიან მალე, დემოგრაფიულად პრობლემურ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს", - აცხადებს "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ფრაქცია "ქართული ოცნების" პიარ-მენეჯერი თამარ ჩიბურდანიძე. უკვე 9 თვე გავიდა, რაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა და დემოგრაფიული მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ, პრობლემის აღმოფხვრაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ამჟამად პროექტი 8 მიმართულებითაა შემუშავებული. ფონდი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ბაზაზე სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამა მზადდება.

თამარ ჩიბურდანიძე:

- პირველად ფონდმა შემოწირულობის ხარჯზე დიდი ქველმოქმედება გასწია. სანამ ქვეყანაში მშობიარობა უფასო გახდებოდა, მრავალშვილიან დედებს სამშობიარო ხარჯები ავუნაზღაურეთ. ვინც მოგვმართა, ყველა დავაფინანსეთ. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, საფრთხე დედა-შვილის სიცოცხლეს რომ ემუქრებოდა. დასახმარებლად გოგოს მამამ მოგვმართა. ლანჩხუთში მცხოვრები ქალი მე-5 შვილს იმიტომ აჩენდა, რომ მე-4 შვილს ლეიკემია ჰქონდა და ბავშვის ჭიპლარის სისხლი სჭირდებოდა. მშობიარობა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ გარისკა. ჩვენ არა მარტო 2-ის, არამედ 3 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. დღეს სამივენი ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. პირველი, ვისზეც თანხა გავიღეთ, ეს გახლდათ ბორის პაიჭაძის შვილიშვილი სოფო პაიჭაძე, რომელმაც მე-10 შვილი, ქეთევანი გააჩინა. ამ 9 თვის მანძილზე დახმარება არაერთ მრავალშვილიან დედას გავუწიეთ. 1-ლი ივნისიდან მშობიარობა უფასო გახდა. ჩვენ მშობიარობის დასაფინანსებლად თანხის გაღება აღარ გვჭირდება, მაგრამ გარდა ამისა, არაერთი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც სინთეზურად უნდა მოხდეს. 23 ივნისს ფილარმონიაში გვქონდა დიდი პრეზენტაცია. თემა იყო "დემოგრაფიული კატასტროფა საქართველოში". ყველა მიმართულება განვიხილეთ. ამ პრეზენტაციის მიზანი იყო, ქართველი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა დღეს და ის, თუ რა გველის მომავალში.

- გაეროს მონაცემები, რომ 2050 წლისთვის საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 1 170 000-ით შემცირდება, გაზვიადებული ხომ არ არის?

- ქართველ დემოგრაფებს უფრო საგანგაშო პროგნოზი აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სახელმწიფო დემოგრაფიულ პროგრამაზე. ფონდის ბაზაზე მოვამზადეთ ეს პროგრამა და აქტიურად ვთანამშრომლობთ არა მარტო პარლამენტთან, არამედ - სამინისტროებთან. ფონდის დამფუძნებლებს შორის არიან პარლამენტარები დიმიტრი ხუნდაძე, მანანა კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი, მეც ამ გუნდის წარმომადგენელი გახლავართ. დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. არსებობს 15 დემოგრაფიული პრობლემა. ეს არის შობადობის კლება, სიკვდილიანობის გაზრდა, შიდა და გარე მიგრაცია და ა.შ. რაჭაში, სვანეთში, გურიაში, ხევში, იმერეთში საგანგაშო მდგომარეობაა. შობადობის მატება მხოლოდ 3 რეგიონში აღინიშნება. ეს არის აჭარა, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. მატებაა თბილისშიც, ყველა სხვა რეგიონი მინუსებშია.

- რეგიონული პოლიტიკის გატარებაზე ლაპარაკობდით. რის გაკეთებას აპირებთ, რას უნდა ველოდოთ მომავალში?

- დიახ, ჩვენი მიზანია, რეგიონების მიხედვით შევიმუშაოთ კონკრეტული პროექტები. რეგიონი ვერ განვითარდება ვერც ეკონომიკურად და ვერც სოციალურად, თუ იქ მოსახლეობა არ იცხოვრებს. პირველი საზრუნავი სწორედ ეს არის. ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ 2014 წლიდან იმ რეგიონებში, სადაც ბუნებრივი მატება არ ხდება, ოჯახები მესამე შვილის გაჩენისთვის წაგვეხალისებინა. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ეს არის პირველი ინტერვიუ, რომლითაც ამ სასიამოვნო სიახლეს გაცნობებთ. ძალიან მალე, დემოგრაფიულად პრობლემურ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებში დაბადებული მესამე ბავშვი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მინიმუმ 100 ლარს მიიღებს. მაღალმთიან სოფლებში სახელმწიფოსგან გაღებული თანხა 100 ლარზე მეტიც იქნება.

- ბავშვები თანხას რა ასაკამდე მიიღებენ?

- 5 წლამდე.

- სახელმწიფოსგან მე-4 და შემდეგი შვილებიც დაფინანსდებიან?

- ეს უკვე მრავალშვილიანის სტატუსის განსაზღვრაა. ჩვენი მთავარი მიზანი შობადობის გაზრდაა. ერის რიცხოვნობას მესამე შვილი განაპირობებს. რაოდენობრივად დიდ ნამატს გვაძლევს. ეს თანხა უკვე დაბადებულ 5 წლამდე ბავშვებზე კი არ გაიცემა, არამედ მომავალში დაბადებულებზე. გვინდა ეს ინიციატივა მშობლებისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელი იყოს. ბუნებრივია ისმის კითხვა, მრავალშვილიანებმა რა ქნან?

- ამაზე რას ფიქრობთ?

- საქართველოში მრავალშვილიანობის სტატუსი განსაზღვრული არ არის. მრავალშვილიანად 7 შვილის დედა ითვლებოდა, მაგრამ ეს სტატუსი 2008 წელს გაუქმდა. მრავალშვილიანთა დახმარება ინდივიდუალურად ხდება. განათლების სამინისტროს, თბილისის მერიას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც ერთჯერადად ეხმარებიან.

- მრავალშვილიანობის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობთ?

- დიახ, ამ მიმართულებით პარლამენტში უკვე მუშაობენ, რაც დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაა. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მხოლოდ სტატუსის განსაზღვრა მოხდება. ყოველთვიურად სოციალური დახმარება ვერ გაიცემა, რადგან ეს თანხა 100 მილიონამდეა, ამ ხარჯს კი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გასწვდება.

- მაშინ სტატუსის განსაზღვრას რა მნიშვნელობა აქვს?

- ჩაფიქრებული გვაქვს, ეს სტატუსი სხვა კუთხით გამოვიყენოთ.

- რას გულისხმობთ?

- მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, ვმუშაობთ, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათი გაკეთდეს კომუნალურ გადასახადებზე, განათლების მიღებისას და ა.შ. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში ყველაზე მწვავედ საცხოვრებლის პრობლემა დგას. დეკემბრის ბოლოს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა დახმარება შეიძლება გაიღოს ფონდმა, მთავრობამ და ვნახავთ, რა საკანონმდებლო ცვლილებები მოხდება პარლამენტში. ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან მაღალმთიან რეგიონებში უკუმიგრაციის საკითხზე. რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, ხევი, ხევსურეთი, მთიულეთი დემოგრაფიულად კატასტროფული ზონებია. სამინისტროებთან ერთად ვმუშაობთ, თუ რით უნდა წავახალისოთ ის ოჯახები, რომლებიც მიტოვებულ კერას უკან დაუბრუნდებიან. ესეც ათეულობით მილიონი ლარი ჯდება. უკაცრიელ მთაში ცარიელ სოფელში რომ ადამიანს დაბრუნება მოუნდეს, ძალიან მიმზიდველი წინადადება უნდა შესთავაზო. როდესაც ამ ინიციატივით გამოვედით, დაგვიკავშირდნენ რაჭველი, მოხევე ბიზნესმენები და საქმეში ფინანსური მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. მოსახლეობაში დემოგრაფიული განათლების ძალიან დაბალი დონეა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში. არ იციან, რომელ საუკუნეში რამდენი ვიყავით, რატომ შევმცირდით, რამ გამოიწვია ეს და ა.შ. განათლების სამინისტროსგან მივიღეთ მხარდაჭერა, სკოლებში კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული ისტორია შევიდეს. უმაღლეს სასწავლებლებთან კი შევთანხმდით, რომ ჩავატაროთ სემინარები და სტუდენტებს დემოგრაფიის ისტორია გავაცნოთ. ჩვენი სამიზნე სწორედ ახალგაზრდობაა. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს დემოგრაფი ანზორ თოთაძე.

- ვიცი, რომ აქტიურად თანამშრომლობთ მრავალშვილიან დედებთან, ალბათ ისინიც ბევრ რამეს გკარნახობენ.

- რა თქმა უნდა. ახლო მომავალში კვლავ ვგეგმავთ მათთან შეხვედრას და პრობლემებზე საუბარს. სწორედ ისინი გვკარნახობენ, რა არის მათთვის უპირატესი. ფონდი 20-წლიან პროგრამაზე მუშაობს. მინისტრ კოტე სურგულაძესთან ერთად გვინდა მუშაობა ქართველ ემიგრანტებთანაც დავიწყოთ. რადგან დემოგრაფიული პრობლემის არსებობაში შიდა კონფლიქტების შემდეგ, ლომის წილი მიუძღვის ემიგრაციას, ის თაობა, რომელმაც ერი უნდა გაამრავლოს, ქვეყნის გარეთაა გასული. ერის დაბერება დიდი სიჩქარით ხდება.

- დემოგრაფიული პრობლემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მწვავედ დგას. რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთში არსებულ ვითარებას გავეცანი, იქ მეტად საგანგაშო მდგომარეობაა. მათთან თუ გაქვთ კავშირი და რა ფორმით?

- რა თქმა უნდა, პირადად მქონდა შეხვედრა სოხუმიდან და ცხინვალიდან ჩამოსულ ადამიანებთან და ამ პრობლემაზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში. მათთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით, აფხაზეთში ყველაზე დაბალი პროცენტით უმცირესობაში ეთნიკური აფხაზები არიან. მაჩვენებელი კატასტროფული სიჩქარით დაბლა იწევს. ეს თავადაც ძალიან კარგად იციან.

- საზოგადოების მხრიდან აქტიურობა დიდია? ბიზნესმენებისგან და მსხვილი კომპანიებისგან ფინანსური მხარდაჭერა თუ გაქვთ?

- რამდენიმე დღის წინ ჩაჩავას კლინიკიდან დამიკავშირდნენ. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ხელფასიდან შემოწირულობა გაიღონ. ფონდს ხელფასიდან სოლიდური თანხა დეპუტატებმაც შემოსწირეს. დახმარების სურვილი თბილისის საკრებულოდანაც გამოთქვეს. საზოგადოების მხრიდან ჩართულობა მისასალმებელია. ჩვენ თანხების მოძიებაზე ჯერ არ გვიზრუნია. ვინც გაიგო და დახმარების სურვილი გაუჩნდა, თავად დაგვიკავშირდნენ.

- თქვენთან აქტიურად თანამშრომლობს ლევან ვასაძე, არა?

- დიახ, ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზაზა ნიშნიანიძე, გოგა თევდორაშვილი, ბადრი ჯაფარიძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან და ჩართულები არიან პროგრამის შემუშავებაში. დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი განქორწინების გაზრდა და ქორწინების შემცირებაა. საქართველოში ოჯახის კულტი, ოჯახური ურთიერთობები და პატივისცემა დაიკარგა. ამ მიმართულებით ახალგაზრდებთან მუშაობასაც ვაპირებთ. ლევან ვასაძე გამორჩეულად აქტიურობს. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში როგორც დემოგრაფიული, ასევე სხვა პრობლემებიც უახლოეს წლებში მოგვარდება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

26 წლის ანა ოსეფაშვილს, რომელიც ავთვისებიან სარკომას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"