მამუკა ლომაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა"

მამუკა ლომაშვილი: "ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა"

მიუხედავად იმისა, რომ წლებია, მიხეილ სააკაშვილის პაროდიას აკეთებს, როგორც გმირი, სცენაზე სწორედ მან შექმნა, მაინც ფიქრობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ძველ მთავრობას "შავ სიაში" ჰყავდა შეყვანილი და განვითარებისა და მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. მისი აზრით, ძველი ხელისუფალნი გოიმები არიან და ახალ პოლიტიკურ ძალას დიდი იმედით შეხვდა. სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, მსახიობ მამუკა ლომაშვილს საკუთარი აზრის გამოთქმა არ გასჭირვებია. პოლიტიკაზე საკმაოდ ღიად და გულახდილად გვესაუბრა.

- ამჟამად საქართველოში ნორმალური პოლიტიკური ვითარებაა. უკეთესის მოლოდინითა და იმედით ვარ. ძალიან კარგი საპრეზიდენტო არჩევნები გვქონდა და მისი შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ქვეყნის სათავეში აღარ არის ის ხელისუფლება, რომელიც 2004 წლიდან ტელეფონით მისმენდა (ეს მხოლოდ მე არ მეხება). გარდა ამისა, ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის სათავეში ისეთი ადამიანი მოვიდა (ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ), რომელზეც კარგის მეტი არაფერი მეთქმის. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ დღევანდელ მთავრობაში ყველა ასეთი დადებითი და კარგი ადამიანია, მაგრამ დღეს ყველაფერი კარგი ხდება და ხვალ რა იქნება, არ ვიცი.

- ბიძინა ივანიშვილზე კარგი აზრის ხარ, მაგრამ ის უკვე პოლიტიკიდან მიდის...

- ის აქტიური პოლიტიკიდან მიდის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მან სწორი მიმართულება ჩამოაყალიბა, სწორი გზა აირჩია და მის არჩეულ გზაზე, მატარებელი რელსებზე გაივლის. მე ეს რელსები მომწონს და იმედი მაქვს, მატარებელი არ გადავა ამ რელსებიდან. რაც ყველაზე მთავარია, ივანიშვილი ყოველთვის ამბობს, რომ პოლიტიკაში საჭიროა ახალი ძალა, ის სახეები, რომლებიც გაუსვრელები, სუფთები არიან. ჩემთვის მთავარია, რომ ეს ახალი სახეები გოიმები არ არიან. ბოლო 9-10 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში "პოლიტიკური გოიმობა" დამკვიდრდა. ახლა ასე აღარ არის.

- შენი აზრით, ძველი ხელისუფლება გოიმი იყო და ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია?

- ასე ვერ ვიტყვი. ბევრი რამ გაკეთდა და შეუძლებელია, ეს ვერ დავინახოთ. მაგალითად, თბილისის მერმა და მერიის კულტურის სამსახურმა ბევრი რამ გააკეთეს ხელოვანი ადამიანებისთვის. მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან. არ მომეწონა, როცა 7 ნოემბერს ხალხს სცემეს, არ მომეწონა, პატიმრებს ცოცხებს რომ უტრიალებდნენ, "შავ სიაში" ვიყავი და ყველა სამსახურში მბლოკავდნენ. მათ მიერ გაკეთებული კარგი საქმეებიდან რა უნდა დავინახო - ის, რომ ბუნებრივი აირი და შუქი გვაქვს? ვაშა!.. თბილისი გალამაზდა, პატრული შეიქმნა, განათლების სისტემა გაუმჯობესდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და არ შეიძლება ამის დაუნახაობა, მაგრამ ადამიანის ღირსებას რომ შელახავ, მერე რაც უნდა გააკეთო, აზრი აღარაფერს აქვს... მათ ყველაფერი ცუდად არ გაუკეთებიათ, მაგრამ ძირითად მიმართულებად ადამიანის "დაჩმორება" ჰქონდათ და ეს საშინელებაა. სწორედ ეს იყო "გოიმური ტენდენცია"...

- მიხეილ სააკაშვილი რომ პრეზიდენტი აღარ არის და აქტუალური სახე აღარ იქნება, მის პაროდიას რომ ვეღარ გააკეთებ, რა გეშველება?

- აქამდე რა, "ნაშველი" მქონდა?! 2006-2007 წლების შემდეგ მაქსიმალურად დაბლოკილი ვიყავი. არც ტელევიზიები მიღებდნენ და არც ერთ კომპანიას არ სურდა ჩემთან თანამშრომლობა. ეს "ბლოკადა" აქამდე გრძელდებოდა და იმედია, ყველაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, რომ დღეს მეც და ყველას ერთად გვეშველება. 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი პრეზიდენტის პაროდიას. ის, როგორც პერსონაჟი, ძალიან მიყვარს, რადგან სცენაზე ჩემი შექმნილია. მაგრამ მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და რაც სხვებს სტკივათ, მეც ის მტკივა. რაც დააშავა და რაც ცუდი დანერგა, იმაზე პასუხი უნდა აგოს. სწორედ მან გააფუჭა ის ადამიანები, რომლებიც დაჭერილები ან დასაჭერები არიან.

- ანუ დღეს მოქმედი პრეზიდენტის პაროდიას აღარ გააკეთებ?

- ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკური სატირა დამთავრდა. გარდა ამისა, სად უნდა გავაკეთო? ერთადერთი, სცენაზე გამოსვლის საშუალება "იუმორინაში" მაქვს, რომელიც წელიწადში ერთხელ ან გაიმართება, ან - არა. როგორც უკვე გითხარი, 2006-2007 წლებში, ოპოზიციურ აქციებში მონაწილეობის შემდეგ, მეც და ჩემი მეგობრებიც "შავ სიაში" შეგვიყვანეს, ყველაფრისგან "მოტეხილები" ვიყავით. აღარც პროფესიული განვითარების საშუალება გვქონდა და არც მუშაობის. იმედია, ამიერიდან ეს ყველაფერი შეიცვლება.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია