ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის

ჩრდილოეთ კვიპროსი - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი და ახალი აღმოჩენა ტურისტებისთვის

თურქეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, რომელმაც ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აღიარა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის კუნძულის ეს ნაწილი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და დაუვიწყარ ადგილად აქციოს. ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის უმთავრესი შემოსავლის წყაროა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩრდილოეთ კვიპროსის ტურისტული პოტენციალის განვითარებას მილიონობით დოლარი მოხმარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის ანტალიას, ქემერს, იზმირსა და თურქეთის სხვა საზღვაო კურორტებს არაფრით ჩამოუვარდება.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე კუნძული კვიპროსი (ფართობი 9 251 კმ2) სიცილიისა და სარდინიის შემდეგ სიდიდით მესამე კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში. კუნძულს თურქეთის სანაპიროდან 64 კმ, სირიას - 96 კმ, ხოლო ეგვიპტეს - 400 კმ აშორებს. ჩრდილოეთ კვიპროსი დანარჩენი კვიპროსისგან ბუფერის ზონით არის გაყოფილი. ეს ხაზი კუნძულს ორ სექტორად ყოფს (ე.წ. "მწვანე ზოლი“), რომელსაც გაეროს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი იცავს. კუნძულის უდიდეს ნაწილს კვიპროსის რესპუბლიკა წარმოადგენს, რომელსაც საბერძნეთი აკონტროლებს. 2004 წლიდან კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრია.

ჩრდილოეთ კვიპროსი 5 რაიონად იყოფა, ესენია - ლევკოშა (ნიქოზია); მაგუშა (ფამაგუსტა), გირნე (კირენია); გიუზელ-იურთი (მორფუ) და იშკელე (ტრიკომო); ჩრდილოეთ კვიპროსის მოსახლეობა 300 000-ს აღწევს, უმრავლესობა ეროვნებით თურქია. ქვეყნის დედაქალაქია ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც ასევე კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქია.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საუკუნეების განმავლობაში კუნძული სხვადასხვა ცივილიზაციის ხალხთა ინტერესისა და გავლენის სფეროს წარმოადგენდა. ადამიანის პირველი ნაკვალევი კვიპროსზე ჩვ.წთ-აღ-მდე 8000 წლით თარიღდება. ნეოლითის პერიოდიდან დღემდე კუნძულზე ფინიკიური, ასირიული, ეგვიპტური, სპარსული, ელინური, რომაული, ბიზანტიური, ლუზინიანური, ვენეციური, ოტომანთა და ბრიტანული ცივილიზაციის კვალი შემორჩა.

მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის კუნძული დაუვიწყარი თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების მაძიებელთათვის ნამდვილი აღმოჩენაა. წელიწადის ნებისმიერ დროს კუნძული ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ჩრდილოეთ კვიპროსში დღემდეა შემორჩენილი სასახლეები და ტაძრები, სადაც მეფეთა კორონიზაცია იმართებოდა, ასევე იმ წმინდანთა პატივსაცემად აგებული მონასტრები, რომლებმაც კუნძულზე ქრისტიანობა იქადაგეს.

კუნძულის თურქულ ნაწილში მდებარე ტაძრებისა და მონასტრების უმეტესობა დღეს მეჩეთადაა გადაკეთებული. ჩრდილოეთ კვიპროსი დამვალიერებელს მრავალი ღირსშესანიშნაობით იზიდავს, მათ შორისაა წმინდა ილარიონის ციხესიმაგრე (გირნე), რომელიც ბიზანტიელებმა ააგეს, ლუზინიანელთა პერიოდის ბელაპაისის მონასტერი, გირნეს ციხესიმაგრე (ციხესიმაგრის ტერიტორიაზე განთავსებულ მუზეუმში ჩვ.წთ-აღ-მდე 300 წლით დათარიღებული გემისა და გემზე აღმოჩენილი ნივთების ფრაგმენტები ინახება), წმინდა ეპიფანე კვიპრელის ბაზილიკა, ხატებისა და არქეოლოგიის მუზეუმი, სალამისის ნეკროპოლისი და მეფეთა სამარხები, ოტელოს კოშკი (მე-15 საუკუნის ვენეციური ნაგებობა), მე-13 და მე-16 საუკუნეების წმინდა გიორგის ტაძრები, ნესტორიანული ტაძარი, მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, წმინდა სოფიას ტაძარი (1208-1326 წწ.; ნიქოზია) და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ლუზინიანელთა პერიოდში მეფეები იკურთხებოდნენ (ოტომანთა მმართველობის პერიოდში ტაძარს მინარეთი მიაშენეს და მეჩეთად გადააკეთეს, ამჟამად ის ლალა მუსტაფა ფაშას მეჩეთია). აღსანიშნავია, რომ ტაძრის სიახლოვეს დღემდე ხარობს ცნობილი 7-საუკუნოვანი სიკომორის ხე, რომელიც უძველეს მცენარედ არის მიჩნეული კუნძულზე.

ჩრდილოეთ კვიპროსში ნახავთ ასევე ვუნის სასახლეს (137 ოთახით), რომელიც ჩვ.წთ-აღ-მდე მე-5 საუკუნით თარიღდება და რომელიც სპარსული არქიტექტურის ერთადერთი ნიმუშია კუნძულზე და კლასიკური პერიოდის ქალაქ-სახელმწიფოების - სალამისისა და სოლის ნაშთებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ასევე ათენას ტაძარი, წმინდა მამანტი კესარიელის მონასტერი, წმინდა ბარბარეს მონასტერი, ფამაგუსტას ვენეციური სასახლე, რომაული თეატრი (4000 კაცს იტევდა), სულთან მაჰმუდ მეორის ბიბლიოთეკა და სხვა.

კუნძული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის არა მხოლოდ მდიდარი ქრისტიანული ისტორიული ძეგლების გამო. როგორც ცნობილია, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმინდა ლაზარე ბეთანიელმა (მართასა და მარიამ მაგდალინელის ძმა) კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.

ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: "ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

კუნძულზე მოგზაურობა დააინტერესებთ ასევე მითოლოგიის მოყვარულებს. კვიპროსი სილამაზისა და სიყვარულის ძველბერძნული ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოდ მიიჩნევა. ჰესიოდეს თანახმად, აფროდიტე იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კუნძულ კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე.

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ეკოტურიზმით, ჩრდილოეთ კვიპროსში მოგზაურობა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ. აქ ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელი კლიმატია - ხანგრძლივი ცხელი ზაფხული და ხანმოკლე ზამთარი, წლის განმავლობაში ტემპრეატურა 10 გრადუსს ქვემოთ არ ეცემა, არ მოდის თოვლი, იშვიათია წვიმა. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ყველაზე ცხელი კი - ივლისი, როდესაც ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს.

აქ 1500-მდე სახეობის მცენარე ხარობს, მათგან 19 ენდემურია. ტურისტების თვალს ატყვევებს ორქიდეებისა (გავრცელებულია 32 ველური სახეობა, 1 ენდემური) და ტიტების მინდვრები, ზეთისხილის, კვიპაროსების, აკაციის ხეები, ციტრუსების პლანტაციები (ანანასი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, მანდარინი), ასევე უსასრულო ქვიშიანი სანაპიროები, აქ შეხვდებით ასევე ენდემური ჯიშის კუსა და კარპასიის ველურ ვირებს, ადგილზე გაეცნობით სოფლის ცხოვრებასაც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელი სახით შემორჩა.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კვიპროსი 370-მდე სახეობის გადამფრენ ფრინველთა შესვენების ადგილია. კუნძულზე 50-მდე სახეობის ულამაზესი პეპელა ბინადრობს.

რაც შეეხება სასტუმროებსა და ინფრასტრუქტურას, ჩრდილოეთ კვიპროსი ამ მხრივ თურქეთის ზღვის კურორტებს სულ უფრო ღირსეულ კონკურენციას უწევს. აქ წაროდგენილია როგორც ხუთვარსკვლავიანი, ასევე შედარებით იაფფასიანი ოჯახური ტიპის სასტუმროები, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აშენდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ტურისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზებით, საცურაო აუზებით, სპა-სალონებით, გასართობი და რეკრეაციული პარკებითა და სათამაშო მოწყობილობებით აღჭურვილი ცენტრებით. ასეთ სასტუმროში ერთი ღამის გატარება მხოლოდ 77 ევრო დაგიჯდებათ. აზარტული თამაშებისა და ბოჰემური ცხოვრების მოყვარულთათვის აქვეა უამრავი კაზინო, ბარი და ღამის კლუბი. ჩრდილოეთ კვიპროსი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან უამრავ ტურისტს სწორედ კაზინოებით იზიდავს. უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულო კი უბრალოდ დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას.

წელიწადის სხვადასხვა დროს ჩრდილოეთ კვიპროსში უამრავი ფესტივალი იმართება (მუსიკალური, კულინარიული, ყვავილების, ფოლკლორული, ცეკვის, სიმღერის) ასევე ეწყობა ავტოშოუები და სხვა. ადგილზე მოქმედებს არაერთი ტურისტული ჯიხური, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ. ქალაქებს შორის სახმელეთო ტრანსპორტის ძირითადი საშუალებებია ავტობუსი და ტაქსი, თუმცა შესაძლებელია კერძო ავტომობილის დაქირავებაც. კუნძულზე ბრიტანული კოლონიზაციის (რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა) ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა. მაღაზიებში ვაჭრობა თურქულ ლირასა და ევროზე მიმდინარეობს, მაგრამ ადგილობრივ მიმოქცევაშია ასევე დოლარი და გირვანქა სტერლინგი.

კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამაზე მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს.

საქართველოს მოქალაქეებს ჩრდილოეთ კვიპროსში მოსახვედრად ვიზა არ სჭირდებათ. სასაზღვრო კონტროლის გავლისას მაქსიმუმ ერთთვიანი ვადით სპეციალურ ფურცელს გასცემენ, რომელიც ვიზის ფუნქციას ასრულებს.

ჩრდილოეთ კვიპროსში დასვენებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღების საუკეთესო საშუალება ტურისტული კომპანიების სერვისით სარგებლობაა, რომლებმაც კუნძულის ამ ნაწილის განვითარებაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანეს. Etstur -ი ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ტურისტული კომპანიაა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე შემოსულ ავიაკომპანია ATLASJET-თან. თურქულმა ავიაკომპანია Atlasjet-მა თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენები 12 ოქტომბერს დაიწყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია